Thumbnail
  • 📅 20 დეკემბერი | ⌚ 00:00 | 🏀 ბასკონია V რეალი | 📺 სილკ უნივერსალი
  • ბოლო მატჩში თორნიკე შენგელიამ მადრიდელებს 20 ქულა ჩაუგდო

დღეს, გვიან ღამით ევროლიგაში მორიგი პრინციპული მატჩი ელის თორნიკე შენგელიას ბასკონიას. ბასკური კლუბი ტურნირის ერთ-ერთ ლიდერსა და უმთავრეს ფავორიტ მადრიდის რეალს დაუხვდება და ეცდება, მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღოს.

შეგახსენებთ, რომ ბასკონია “სამეფო კლუბს” 3 ნოემბერს დაუხვდა  და 89:91 წააგო. მაშინ გამარჯვების მომტანი ორქულიანი სტუმართა არგენტინელმა ლეგიონერმა გაბრიელ დეკმა ჩააგდო, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კი შენგელია იყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 32:31 წუთი გაატარა და 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

შემთხვევითი არაა, რომ მომავალი თამაშის წინ, მადრიდელები ყველაზე მეტად თორნიკეს უფრთხიან. აი, რას წერს რეალის ოფიციალური ვებგვერდი თამაშის პრევიუში.

“უდავოა, რომ მეტოქის რიგებში ყველაზე სახიფათო თორნიკე შენგელიაა, რომელიც ევროლიგის მატჩებში საშუალოდ თითქმის 19 ქულას აგროვებს. თუკი ქართველი კალათბურთელის შეჩერებას მოვახერხებთ, წარმატებული სერიაც გაგრძელდება”.

და რა სერიაზეა საუბარი? საქმე ის გახლავთ, რომ რეალს ევროლიგაში ზედიზედ 9 მატჩი აქვს მოგებული და მიზნად 2013-14 წლების სეზონის რეკორდის დამხობა აქვს დასახული, როდესაც მიჯრით 13 შეხვედრაში იმარჯვა. საგულისხმოა, რომ იმ შემადგენლობიდან ხუთნი ჯერაც მადრიდელთა რიგებში ირიცხებიან.

თორნიკე შენგელია რეალთან ბოლო მატჩში

ამ ფონზე დასაკვეხნი არაფერი აქვს ბასკონიას, რომელსაც უმთავრეს საკალათბურთო ევროთასზე უკანასკნელი 4 მატჩიდან 3 წაგებული აქვს და 14 ტურის თავზე, სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო მე-11 ადგილი უკავია.

ბასკონიელების იმედები საშინაო კედლებსა და თორნიკე შენგელიას უკავშირდება. ესპანურ გუნდს ბუესა არენაზე ძლიერი მხარდაჭერა გარანტირებული აქვს და გასაკვირი არაა, რომ სეზონში 6-დან 4 მატჩი შინ აქვს მოგებული, შენგელიას მნიშვნელობაზე კი მისი ჩინებული სტატისტიკური მაჩვენებლები მეტყველებს.

თორნიკე ბასკთა ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, ვინც სეზონის გასულ 14-ვე მატჩში სასტარტო ხუთეულში იყო.

ქართველი ლეგიონერს მინიმუმ 10 ქულა ქულა ტურნირის უკანასკნელ 15 შეხვედრაში აქვს მოგროვებული, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი ორნიშნა ციფრით მიჯრით 13 თამაშში გამოიხატება, მინიმუმ 1 სამქულიანი კი ბოლო 13 მატჩიდან 12-ში ჩაუგდია.

შენგელია მთელს ლიგაში მესამეა საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტით (20.9), მე-6 ადგილზე გახლავთ ქულებში (18.6) და მეხუთეზე – მოხსნებში (6.3).

კომენტარები

ბოლო ამბები