Thumbnail
  • რა გვიჩვენა ბარსას და რეალის უგოლო მატჩმა
  • ზიდანის გეგმა ეფექტურ პრესინგს ემყარებოდა
  • ვალვერდეს ბარსას ბურთის გათამაშება და პრესინგი უჭირს
  • რეალს უპირატესობის გოლებად გარდაქმნა არ გამოსდის
  • დე იონგი ბუსკეტსს ვერ შეცვლის - ბარსამ ბუსკეტსის გარეშე სამივე მატჩი წააგო
  • გრიზმანი ვალვერდეს ფორმაციის ბარსელონას ვერ ერგება

'ელ კლასიკოს' დიდხანს ველოდით. გამწვავებული პოლიტიკური კონტექსტის გამო, ეს თამაში კიდევ უფრო პრინციპული იყო. გულშემატკივარმა არასტანდარტული 'კლასიკო' იხილა - ბევრი ბრძოლა და ბევრი ტაქტიკა ნაკლები ემოციით და გოლების გარეშე. უგოლო თამაშის მიუხედავად, მატჩი ბევრისმთქმელი იყო - ვიხილეთ ზიდანის ახალი რეალი და ბარსელონა, რომელიც ღრმა კრიზისშია. ეს ყველაფერი ხუთ ძირითად დაკვირვებად პოპსპორტის ანალიტიკურ სტატიაში.

ახალი რეალი - ვალვერდეს და კაზემიროს გარშემო

სექტემბერში, რეალი პარი სენ-ჟერმენთან განადგურების შემდეგ მინიკრიზისში იყო და პრესა ზიდანის შესაძლო წასვლაზეც ალაპარაკდა. ორ თვეზე ცოტა მეტია გასული და 'კამპ ნოუზე', ზიდანის ახალი რეალი ვნახეთ.

ახალი ფორმაციის რეალი პრესინგის გარშემოა აწყობილი - სწორედ ამიტომაც, ზიდანს მოედნის ცენტრში უფრო მეტად მოძრავი, მებრძოლი და აგრესიული ფეხბურთელები სჭირდება, ვიდრე ლუკა მოდრიჩი, ხამესი, ან ტონი კროოსი. შედეგად, ამ სამეულიდან ძირითადში მხოლოდ 1 მოთამაშე ხვდება, სამაგიეროდ ვალვერდე-კაზემიროს წყვილი მუდამ თამაშობს. ამ წყვილთან ერთად რეალმა ბოლო 12 თამაშში 9-ჯერ გოლი არ გაუშვა.

ზიდანის პირველი მოსვლის დროს, კაზემირო მადრიდელთათვის შეუცვლელი და საკვანძო ფეხბურთელი იყო. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ტონი კროოსის და ლუკა მოდრიჩის დინამიზმი და ათლეტიზმი უკეთესი არ გამხდარა, პირიქით. და სწორედ ამიტომ, ახალი ფორმაციის რეალში ზიდანს კაზემიროს გვერდით ვალვერდეც სჭირდება. იგი ბევრს მოძრაობს, უბურთოდ თამაში ეხერხება, აგრესიულია - იდეალური მოთამაშე პრესინგისთვის.

ყველა, ვინც ფიქრობდა ეგონა, რომ 'კლასიკოს' დიდ ნაწილს რეალი დაცვაში გაატარებდა, ძალიან შეცდა. ზიდანმა აქცენტი პრესინგზე გააკეთა - ანუ, მადრიდელთა მთავარი ტაქტიკური მიზანი ის იყო, რომ ბარსელონასთვის შეტევის დაწყების საშუალება არ მიეცათ. ნახევარდაცვის სამეულთან ერთად, მოედანზე კიდევ ერთი ნომინალური ნახევარმცველი ისკო და ორი ისეთი შემტევი გამოჩნდნენ, რომელთაც მოედნის სიღრმეში ჩამოწევა ეხერხებათ. შედეგად, რეალი 6, ხშირად 7 მოთამაშით მიდიოდა მეტოქის ნახევარზე პრესინგზე და ბარსელონას უბრალოდ არ აძლევდა საშუალებას, ბურთი დაცვის ხაზიდან ამოეტანა.

სტატისტიკა ბევრისმთქმელია: ბარსელონას ბურთი მხოლოდ 52 პროცენტი ჰქონდა, თუმცა უფრო ცუდი მაჩვენებელი ის არის, რომ თამაშის 35 პროცენტი მისი საჯარიმოს სიახლოვეს, ბარსელონას მესამედზე წარიმართა (რეალის მესამედზე ბურთი მხოლოდ 19 პროცენტი იყო) - ანუ, მაშინაც კი, როცა ბარსელონას ბურთი ჰქონდა, ის ბურთს დაცვის ხაზში იჭერდა და რეალის პრესინგის გავლას და ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანას ვერ ახერხებდა.

ბარსელონას პრობლემები - რატომ უნდა წავიდეს ვალვერდე

ვალვერდეს ხელში ბარსელონა რეგრესირებს. კატალონელებს შეხვედრის მოგება შეეძლოთ. როცა ამ კლასის ფეხბურთელები გყავს, თამაშის მოგება ნებისმიერ ეპიზოდში შეიძლება - ამ სცენართან ახლოს ვიყავით, მესიმ ჯადოსნური პასით ალბა გაიყვანა საგოლე პოზიციაზე და რეალიც გოლს სანტიმეტრებმა გადაარჩინა.

თუმცა, ბარსას ეს შეხვედრა რომც მოეგო, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ვალვერდეს ბარსელონა ძირითად ტაქტიკურ და სტრატეგიულ ასპექტებში საშინლად გამოიყურება. ვალვერდეს ხელში ბარსამ ამ სეზონში საბოლოოს დაკარგა მისი თამაშის ორი მთავარი ფაქტორი - აგრესიული და ეფექტური პრესინგი და ბურთის გათამაშების უნარი.

წინა პუნქტში ზიდანის რეალის ეფექტურ პრესინგზე ვწერდი. ფრანგმა კარგად იცოდა, რომ ვალვერდეს ხელში ბარსელონას ბურთის გათამაშება და მისი შეტევის ხაზში გადატანა უჭირს. არ მგონია, ბარსელონას საუკეთესო ფორმაციების წინააღმდეგ ზიდანს მაღალი პრესინგის თამაში გაერისკა. კარგი ბარსელონა ბურთს ყოველთვის ისე ათამაშებდა, რომ ნებისმიერი პრესინგიდან, თუ ზეწოლიდან ამოსვლა შეეძლო. ვალვერდეს ხელში, ბარსელონა ვერც მაღლა ვეღარ აპრესინგებს, რომ ბურთი მალევე დაიბრუნოს და მაღალი კლასის მეტოქის პრესინგის გავლაც უჭირს. შედეგად, ვალვერდეს ერთი და არცთუ ისე სახარბიელო სცენარი რჩება - დაცვაში კომპაქტურად დგომა და იმის იმედი, რომ წინ მესი და სუარესი თავისი კლასის ხარჯზე რამეს მოიფიქრებენ.

რამდენიმე სტატისტიკური დეტალი: ბარსას არცერთი დარტყმა არ ჰქონია მეტოქის მეკარის საჯარიმოდან, მაშინ, როცა რეალის დარტყმების 12 პროცენტი ბარსას მეკარის საჯარიმოდან, ანუ საგოლე დისტანციიდან შესრულდა.

ლუის სუარესს თამაშში სულ 45 შეხება ჰქონდა, ანტუან გრიზმანს 52, მარკ ანდრე ტერ შტეგენს კი - 58. ანუ, კეთილი იყო თქვენი მობრძანება ვალვერდეს ფეხბურთში, სადაც მეკარე უფრო ხშირად ეხება ბურთს, ვიდრე გრიზმანი და სუარესი.

შესაბამისი იყო პასების რაოდენობაც:

არ ვიქნები ორიგინალური: ვალვერდე ყველაზე ცუდი მწვრთნელი არ არის, თუმცა 'კლასიკომ' კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მან უკვე ამოწურა თავი ბარსელონაში. ამ სეზონში მისი დატოვება შეცდომა იყო და რაც უფრო მალე წავა, მით უკეთესი კატალონელთათვის. ბარსა მის ხელში მხოლოდ რეგრესირებს.

რეალს უპირატესობის გოლებად გარდაქმნა უჭირს

'კლასიკომ' კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რაზე მოუწევს ზიდანს ყველაზე მეტი მუშაობა. მან მობილური და აგრესიული ნახევარდაცვის სახით ფუნდამენტი უკვე შექმნა, თუმცა მადრიდელებს შეტევის დამამთავრებელ ფაზაში კლასი და ავტომატიზმი აკლიათ - ანუ, სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მომენტებად და გოლებად გარდაქმნა უჭირთ.

ასე იყო ამ თამაშშიც: რეალმა მეტოქის კარისკენ 17-ჯერ დაარტყა (ბარსელონამ მხოლოდ 9-ჯერ), თუმცა სამი ყველაზე რეალური საგოლე მომეტიდან ორი სწორედ ბარსმამ შექმნა - სერხიო რამოსმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, ალბამ კი მესის პასის შემდეგ ვერ გაიტანა. რეალის ყველაზე სახიფათო მომენტი სტანდარტს მოჰყვა, რომლის შედეგადაც პიკემ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

ამ ფორმაციის რეალში აღარ არის კრიშტიანო რონალდოს მსგავსი გოლების მანქანა. მეტიც, ბენზემას გარდა, არცერთ ფეხბურთელს გოლების სტაბილურად გატანა არ ეხერხება. ასე იყო 'კლასიკოშიც' - ბენზემასთან ერთად, შემტევ სამეულს ისკო და ბეილი ქმნიდნენ. ისკოს ძლიერი მხარე გოლების შეგდება არასოდეს ყოფილა, ბეილსაც თამაში არ წაუვიდა და შედეგად, რეალს უპირატესობის საგოლე მომენტად ტრანსფორმაცია უჭირდა.

შედეგად, რეალმა თავისი დარტყმების 47 პროცენტი საჯარიმოს გარედან შეასრულა - ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია და მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: მადრიდელებს მომენტების ბარსას საჯარიმოდან შექმნა უჭირდათ და შორიდან უტყამდნენ.

დე იონგი ბუსკეტსს ვერ შეცვლის

სერხიო ბუსკეტსი ბარსელონასთვის შეუცვლელი ფეხბურთელია. ზიდანის გეგმა - პრესინგის მეშვეობით არ მიეცა ბარსასთვის შეტევის დაწყების საშუალება - მნიშვნელოვანწილად სწორედ ბუსკეტსის არყოფნის გამო გახდა შესაძლებელი. ბუსკეტსი ძირითადში უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში ამოიღეს ძირითადი შემადგენლობიდან (ვალვერდემ აღნიშნა, რომ მას სიცხე ჰქონდა) - დე იონგი კარგი ფეხბურთელია, თუმცა ის ბუსკეტსს ვერ შეცვლის (ამ ეტაპზე მაინც).

დე იონგი უფრო მეტად ბურთზე ორიენტირდება, ბუსკეტსი კი - პოზიციაზე. შედეგად, როდესაც მცველების წინ დე იონგი თამაშობს, ხშირად მას პოზიცია რჩება. სწორედ ამიტომ, აიაქსში მასთან ერთად წყვილში ლასე შიონე თამაშობდა, რომელიც დე იონგს კარგად აზღვევდა და ავსებდა პოზიციებს.

'კლასიკოში' ეს ნაკლები პრობლემა იყო, ბარსელონამ მატჩის დიდი ნაწილი კომპაქტურ დაცვაში გაატარა. თუმცა დე იონგს მეორე პრობლემაც აქვს - ის შეტევას ბუსკეტსივით ვერ იწყებს. ჰოლანდიელი კარგია ბურთის ჭერის დროს, თუმცა ბუსკეტსივით მისი ხაზიდან ხაზში გადატანა, ანუ ბურთის წინ, ვერტიკალურად, მოძრაობა არ გამოსდის.

ამ სეზონში ბარსამ სამი თამაში წააგო (ლევანტე, ბილბაო, გრანადა). რა აქვს ამ სამივე თამაშს საერთო? სამივეში ბუსკეტსის პოზიციაზე დე იონგი თამაშობდა! 'კლასიკოში', ბუსკეტსის გარეშე ბარსას არ წაუგია, თუმცა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.

ვალვერდეს ხელში გრიზმანის პროგრესი არ გამოვა

ანტუან გრიზმანი ვალვერდეს გუნდში ამოვარდნილად გამოიყურება. ერთი და ყველაზე მარტივი სირთულე, რაც ფრანგს აქვს, ის არის, რომ იგი თავის პოზიციაზე არ თამაშობს, უფრო მარცხნივ თამაში უწევს, მისი სათამაშო ზონა ლეო მესის ეკუთვნის.

ამის მიუხედავად, მისი უკეთ გამოყენება შეიძლება. გრიზმანი ძალიან კარგია, როდესაც უბურთოდ მოძრაობს, მეტოქის დაცვაში სივრცეებს და ბურთს პოულობს და მოულოდნელი გოლები გააქვს. მას დიდი სათამაშო არეალი აქვს და მეტოქის დაცვამ არ იცის, სად ელოდოს. გრიზმანი უფრო უკეთესი იმ სცენარში იქნებოდა, როდესაც ბარსა ბევრს უტევს და მატჩის დიდი ნაწილი მეტოქის მესამედზეა. მით უმეტეს, რომ გრიზმანს შემტევისთვის ძალიან კარგად ეხერხება პრესინგში თამაშში.

ვალვერდეს გუნდში გრიზმანისგან უფრო სხვა თვისებებია საჭირო. კერძოდ, უკან ჩამოსვლა, ბურთის წინ გადატანა დრიბლინგის, ან პასის მეშვეობით, შეტევის ორგანიზებაში მონაწილების მიღება - ანუ ის, რასაც, მაგალითად, ნეიმარი აკეთებდა. გრიზმანი სხვა ტიპის ფეხბურთელია, მას ბურთის ტარება ნაკლებად უყვარს, უფრო ცოტა შეხებით თამაშს ამჯობინებს. გავბედავ და ვიტყვი, რომ გუშინდელ თამაშში, მაგალითად, დემბელე (რომელიც მაინცადამაინც არ მიყვარს) ან სხვა მისი მსგავსი ფეხბურთელი, უფრო სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო. ბარსას ისეთი მოთამაშე სჭირდებოდა, რომელიც მესისთან ერთად უკან ჩამოვიდოდა და ბურთის შეტევაში წაღებას უზრუნველყოფდა, ეს კი გრიზმანის თამაში არ არის.

კლასიკომ გვაჩვენა, რომ ზიდანმა ძალიან მოკლე დროში ახალი რეალის ფუნდამენტი უკვე შექმნა, ვალვერდეს ხელში ბარსელონა კი მხოლოდ რეგრესირებს. ზიდანის შემდეგი ამოცანა პოზიციური შეტევის დალაგებაა, რისთვისაც მას ახალი ფეხბურთელები დასჭირდება, ან აზარის და ახალგაზრდების (როდრიგო, ვინისიუსი) პროგრესის იმედად უნდა იყოს. ბარსელონას კი მოუწევს ან ისევ მხოლოდ ფეხბურთელების კლასის იმედად იყოს (რაც სარისკოა), ან მწვრთნელის შეცვლაზე იფიქროს - რაც მალე, მით უკეთესი.

კომენტარები

ბოლო ამბები