Thumbnail

ბუფონი იუვენტუსის რეკორდსმენია - ჯიჯი პაოლო მალდინისაც გაუთანაბრდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 41 წლის მეკარე დელ პიეროს რეკორდს აუმჯობესებს, პაოლო მალდინის კი უტოლდება
  • ჯანლუიჯი ბუფონი სერია A-ში 647-ე მატჩს ატარებს, იუვენტუსის მაისურით - 479-ს

სერია A-ს მე-17 ტურის სასტარტო შეხვედრაში ტურინის იუვენტუსი სტუმრად გენუაში სამპდორიას უპირისპირდება. წინასწარ გამოქვეყნდა "ბებერი ქალბატონის" სასტარტო 11-ეული, რომლის თანახმად, ტურინელთა კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ 41 წლის მეკარე კლუბის მაისურით სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი ხდება!

ჯიჯი ბუფონისთვის სამპდორიასთან მატჩი სერია A-ში იუვენტუსის მაისურით 479-ე იქნება. ვეტერანი მეკარე ამ მაჩვენებლით ტურინელთა კიდევ ერთი ლეგენდის - ალესანდრო დელ პიეროს შედეგს (478) აუმჯობესებს.   

სერია A-ში იუვეს ფორმით ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო ხუთეულში ასევე არიან: ჯამპიერო ბონიპერტი (443), გაეტანო შირეა (377) და ჯუზეპე ფურინო (361).

საპდორიასთან თამაში ბუფონისთვის გამორჩეული არამხოლოდ ტურინული კლუბის დონეზე იქნება. ჯიჯი, რომელიც იუვენტუსამდე პარმას ღირსებას იცავდა, სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მილანის ლეგენდარულ მცველს, პაოლო მალდინის გაუთანაბრდება - 647 მატჩი იტალიური ლიგის რეკორდია!

ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავს, სადაც პარმადან გადავიდა. ჯიჯიმ მხოლოდ წინა სეზონი გაატარა პარი სენ-ჟერმენში, რის შემდეგაც კვლავ ტურინულ კლუბს დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები