Thumbnail
  • 32 წლის გამთამაშებელმა მუხლის ტრავმა ავსტრიასთან მატჩში გაიმიზეზა.
  • ცინცაძეს ეროვნულ გუნდში ბექა წივწივაძე შეცვლის.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს გერმანიასთან მატჩის წინ გიორგი ცინცაძე გამოაკლდა. რუმინული პოლიტექნიკას 32 წლის გამთამაშებელი, რომელმაც ავსტრიასთან შეხვედრაში მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა, საოპერაციოა.

მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო G ჯგუფში საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება 25 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ცინცაძეს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა, სამწუხარო დიაგნოზი კი მას ეროვნული გუნდის ექიმებმა ავსტრიული შეხვედრის შემდეგ დაუსვეს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიკეთებს კალათბურთელი ოპერაციას და რამდენი ხანი მოუწევს დასვენება.

საქართველოს ნაკრებში ცინცაძის ადგილს ქუთაისის გამთამაშებელი ბექა წივწივაძე დაიკავებს, რომელიც ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს მანამდე 18-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაშიც ჰყავდა გამოძახებული.

წივწივაძე ეროვნულ ნაკრებთან დღეს საღამოს ივარჯიშებს. ის გერმანიასთან მატჩის განაცხადში 13 ნომრით იქნება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო G ჯგუფში, 1 მოგებითა და 2 მარცხით, მესამე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები