Thumbnail

ჯანო ანანიძე სპარტაკიდან გაშვებას თავად ითხოვს - საქართველოს ნაკრებისთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სპარტაკის გენერალურმა დირექტორმა ქართველი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა
  • 27 წლის ნახევარმცველს კლუბის შეცვლა ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე სურს
  • მოსკოვური კლუბი ანანიძესთან ხელშეკრულების ორმხრივად გაწყვეტას არ აპირებს 

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს შეიცვლის. ჯანოს დომენიკო ტედესკოს გაწვრთნილ გუნდში სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად აქვს (10 მატჩი სეზონში), რუსული მედია კი მის მომავალს უკვე უკავშირებს ტულის არსენალს. 

მეტი ამ თემაზე: ჯანო ანანიძე არსენალში? - სპარტაკი ამ ვარიანტს განიხილავს

ანანიძეს სპარტაკთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს

ქართველი ნახევარმცველის მომავალთან დაკავშირებით მოსკოვის სპარტაკის გენერალურმა დირექტორმა ტომას ცორნმა ისაუბრა:

"ჯანომ შვებულებაში გასვლამდე თავად მოისურვა ხელმძღვანელობასთან გუნდში თავის როლზე საუბარი. გასაგებია, რომ მას, როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს, თამაში სურს და ვერ იქნება კმაყოფილი იმ სათამაშო დროით, რომელიც აქვს. ის შემდგარი ფეხბურთელია და სურს, მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს.

27 წლის ნახევარმცველი სპარტაკში სათამაშო დროით უკმაყოფილოა

მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ზე მოხვედრის პერსპექტივა გამოუჩნდა, ჯანო კი ძირითადის მოთამაშეა და არ სურს, ეროვნულ ნაკრებში ადგილთან ერთად, ქართველებისთვის ისტორიულ ტურნირზე მოხვედრის შანსიც დაკარგოს.

ჯანომ თავად გვკითხა, შეეძლება თუ არა წასვლა, თუკი ვარიანტი გამოჩნდება. საუბარი შეიძლება იყოს როგორც იჯარაზე, ისე - ფეხბურთელის გაყიდვაზე. კონტრაქტის გაწყვეტისთვის მზად არ ვართ - არ გვსურს ფულის დაკარგვა. დიდი ალბათობით, ეს ალბათ იჯარა იქნება", - აქვეყნებს სპარტაკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სიტყვებს sport24.

მეტი ამ თემაზე: ვის, როდის და სად შეხვდება საქართველოს ნაკრები - თუ ევროპის ჩემპიონატზე გავა

ჯანო სპარტაკიდან იჯარით ორჯერ უკვე იყო წასული - ჯერ როსტოვში, შემდეგ კრილიაში

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკის ღირსებას 2009 წლიდან იცავს. 27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა რუსული კლუბის მაისურით ყველა ტურნირის 146 მატჩში ითამაშა, გაიტანა 16 გოლი და მიითვალა 17 შედეგიანი პასი.  ქართველ ფეხბურთელს ნიჭის გამოვლენაში ხელი ხშირმა ტრავმებმა შეუშალა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის 1/2-ფინალში ბელარუსს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი ფინალში, 31 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები