Thumbnail
  • ბარსელონას და რეალის დაპირისპირება მსოფლიო ფეხბურთის მთავარი მატჩია
  • წარმოგიდგენთ ბოლო დეკადის 10 საუკეთესო 'ელ კლასიკოს'

18 დეკემბრის ბარსელონა-რეალი დეკადის ბოლო 'ელ კლასიკოა'. საფეხბურთო სამყაროს ყურადება ამ მატჩს არასდროს აკლდა. წარმოგიდგენთ ათწლეულის ტოპ 10 გამორჩეულ 'კლასიკოს'.

10. ბარსელონა 5:1 რეალი (2018, ლა ლიგა)

ეს არის დეკადის პირველი 'ელ კლასიკო', რომელშიც არც მესი თამაშობდა და არც რონალდო. არგენტინელს ტრავმა აწუხებდა, პორტუგალიელი იუვენტუსში ახალი გადასული იყო.  

რეალი 'კლასიკოს' ახალი მთავარი მწვრთნელით, ხულიენ ლოპეტეგით შეხვდა. 'კამპ ნოუზე' გამართული შეხვედრა მადრიდული კლუბისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ლუის სუარესმა ჰეთთრიკი გაიფორმა, კატალონიური კლუბიდან თავი კოუტინიომ და ვიდალმაც გამოიჩნეს. რეალის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი მარსელო იყო.

📺 მატჩის მიმოხილვა

9. ბარსელონა 1:2 რეალი (2012, ლა ლიგა)

ჟოზე მოურინიოს გუნდი ლა ლიგის მოსაგებად იბრძოდა და ბარსელონასთან ქულების დაკარგვა, შესაძლოა, ტიტულის დაკარგვად დაჯდომოდა. მადრიდელებმა თამაში კარგად დაიწყეს და სამი ხედირას გოლით წინ გავიდნენ. წონასწორობა ალექსის სანჩესმა აღადგინა და მატჩი კიდევ უფრო დაიძაბა. საბოლოოდ, კრიშტიანო რონალდომ 'ნოუ კამპი' დაადუმა და 'სამეფო კლუბს' სამი ქულა მოუტანა.

📺 მატჩის მიმოხილვა

8. რეალი 0:4 ბარსელონა (2015, ლა ლიგა)

არ არის მესი? არ არის პრობლემა! საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის გარეშე ბარსელონამ 'სანტიაგო ბერნაბეუზე' ნამდვილი შოუ დადგა. ნეიმარმა და სუარესმა რაფა ბენიტესს ნამდვილი კოშმარი მოუწყვეს. ანდრეს ინიესტა ერთ-ერთი საუკეთესო იყო თამაშის მიმდინარეობისას. მან რეალს გოლიც გაუტანა. მადრიდელმა გულშემატკივრებმა ესპანელი სტადიონიდან აპლოტისმენტებით გააცილეს.

📺 მატჩის მიმოხილვა

7. ბარსელონა 1:2 რეალი (2016, ლა ლიგა)

კიდევ ერთი თამაში და სერხიო რამოსის კიდევ ერთი წითელი ბარათი. ბარსელონა პიკეს გოლით წინ გავიდა, თუმცა ბენზემას გოლით მადრიდულმა კლუბმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. კაცნაკლულ 'სამეფო კლუბს' თამაში რონალდომ მოაგებინა. პორტუგალიელმა კიდევ ერთხელ შეძლო 'კამპ ნოუს' დადუმება.

📺 მატჩის მიმოხილვა

6. რეალი 2:3 ბარსელონა (2017, ლა ლიგა)

ჟორდი ალბას გადაცემა და ლიონელ მესის გოლი - ერთ-ერთი გამორჩეული და დაუვიწყარი მომენტი დეკადის 'კლასიკოებიდან'. ბარსელონას ლა ლიგის მოსაგებად გამარჯვება სჭირდებოდა. რეალს ფრეც ხელს აძლევდა. კაცნაკლული “სამეფო კლუბი” (წითელი ისევ რამოსმა მიიღო) საყაიმო ანგარიშთან ახლოს იყო, თუმცა ლიონელ მესიმ მადრიდელების დამწუხრება კიდევ ერთხელ შეძლო.

📺 მატჩის მიმოხილვა

5. ბარსელონა 5:0 რეალი (2010, ლა ლიგა)

დეკადის განმავლობაში, ეს 'კლასიკო' ერთი გუნდის დომინირებით ყველაზე გამორჩეული შეხვედრა იყო. პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოს მადრიდის რეალი უბრალოდ გაანადგურა. მესის იმ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, თუმცა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთსო იყო. სერხიო რამოსმა ამ შეხვედრაშიც წითელი ბარათი მიიღო. გამორჩეულები იყვნენ ვილია, პედრო და ჩავი.

📺 მატჩის მიმოხილვა

4. რეალი 1:0 ბარსელონა (2011, თასის ფინალი)

ეს იყო ჟოზე მოურინიოს პირველი ტიტული რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. ყველა თერთმეტმეტრიანების სერიას ელოდა, თუმცა 'სამეფო კლუბს მხსნელად კვლავ რონალდო მოევლინა. შეხვედრის 113-ე წუთზე პორტუგალიელმა გოლი თავური დარტყმით გაიტანა და მადრიდელებს 'კოპა დელ რეი' მოაგებინა.

📺 მატჩის მიმოხილვა

3. რეალი 0:2 ბარსელონა (2011, ჩემპიონთა ლიგა)

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარფინალი. მატჩის წინ, რამდენიმე დაპირისპირება გამოიკვეთა. პეპი ჟოზეს წინააღმდეგ, მესი რონალდოს წინააღმდეგ და სხვა. ლიონელ მესიმ მატჩში 'ელ კლასიკოების' ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დასამახოსვრებელი გოლი გაიტანა. იგი გაცდა რეალის რამდენიმე მცველს და იკერ კასილასის კარი აიღო. ბარსელონა ლიგის ფინალში გავიდა მადრიდული კლუბი კი ტურნირს გამოეთიშა.

📺 მატჩის მიმოხილვა

2. რეალი 2:1 ბარსელონა (2014, თასის ფინალი)

გარეთ ბეილის შესანიშნავი სპრინტი, რომელიც გულშემატკივარს არასდროს დაავიწყდება. უელსელმა მარკ ბარტრას შემოურბინა და კატალონიელთა კარში გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო. “სამეფო კლუბმა” ბარსელონას 'კოპა დელ რეის' ფინალში კიდევ ერთხელ აჯობა და ტიტულს დაეუფლა.

📺 მატჩის მიმოხილვა

1. რეალი 3:4 ბარსელონა (2014, ლა ლიგა)

მესის ჰეთ-თრიკი, სერხიო რამოსის წითელი ბარათი, რონალდოს გოლი, ბენზემას დული - მოკლედ ყველაფერი, რაც დეკადის საუკეთსო 'ელ კლასიკოს' უნდა ჰქონდეს. 

კატალონიელები ინიესტას გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ბენზემამ დუბლი შეასრულა და 'სამეფო კლუბი' წინ გაიყვანა. მესიმ 42-ე წუთზე ანგარიში კვლავ გაათანაბრა, თუმცა რონალდომ 55-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ბარსა კიდევ ერთხელ გაამწუხრა. საბოლოოდ, გადამწყვეტი მესის მიერ შესრულებული პენალტები აღმოჩნდა. 65-ე და 84-ე წუთებზე არგენტინელს მიზანმა არ უმტყუნა და დეკადის საუკეთესო 'კლასიკოს' გამარჯვებული ბარსელონა გახდა.

📺 მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები