Thumbnail

ფედერერის უნიკალური მიღწევა და შეხვედრა 107 წლის ფანთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • როჯერ ფედერერი 1 000 კვირაა TOP 30-დან არ გავარდნილა
  • შვეიცარიელი ლეგენდა ყველაზე მხცოვან ქომაგს ესტუმრა

დიდი სლემების ტურნირის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი მორიგი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. 38 წლის შვეიცარიელი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ATP-ს რეიტინგში მოწინავე 30-ეულში 1000 კვირა გაატარა.

ბაზელში დაბადებული ჩოგბურთელი კლასიფიკაციის საუკეთესო 30 მოთამაშეს შორის 2000 წლის ოქტომბერში შევიდა და მას შემდეგ, ეს სტატუსი არ დაუკარგავს.

2019 წელს როჯერმა დუბაის, მაიამის, ჰალესა და ბაზელის ტურნირები მოიგო, სულ კი, მის აქტივში 103 ტიტულია. ამ დროისთვის, ფედერერს რეიტინგში მე-3 ადგილი უკავია.

დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ როჯერის გამოსახულება შვეიცარიის მთავრობის მიერ გამოშვებულ სამახსოვრო მონეტებზე გამოჩნდება. ის მისი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი გახდა, ვისაც ამგვარი პატივი ერგო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნოემბერში ფედერერმა და გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში საჩვენებელი მატჩი ჩაატარეს, რომელსაც ჩოგბურთის ისტორიაში სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი (42 517) დაესწრო.

სხვათა შორის, გაისად თებერვალში სამხრეთ აფრიკაში ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის საქველმოქმედო მატჩი იგეგმება და წინასწარი ვარაუდით, ამ შეხვედრაზე 55 ათას (!) ადამიანს ელიან.

ამასობაში, როჯერი მის ყველაზე ხნიერ პერსონალურ ქომაგ დოროტი უისპერს შეხვდა. 107 წლის ქალბატონი 1912 წელს გერმანიაშია დაბადებული, ამჟამად კი, არგენტინაში ცხოვრობს.

“თქვენს ყველა მატჩს ვუყურებ და ეს, მიუხადავად იმისა, რომელი საათია. როდესაც თამაში იწყება, ყველა საქმე მავიწყდება”, - უთხრა დოროთიმ მის კერპს, რომელით ლათინურ ამერიკაში ტურნეზე იმყოფება.

უისპერი 86 წლის იყო, როდესაც ფედერერის თამაში პირველად ნახა. ეს უკვე შორეულ 1998 წელს მოხდა.

“ის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე – ფოტოებზე. ამბობენ, რომ მან თამაში უნდა დაასრულოს, რადგანაც უკვე ასაკოვანია. ეს სასაცილოა. ის მოხუცი ნამდვილად არაა. მათ არ იციან, ნამდვილი სიბერე რა არის”, - დასძინა მხცოვანმა ქომაგმა.

კომენტარები

ბოლო ამბები