Thumbnail

ვლადიმირ ვაისს ასტანა იწვევს - რა შემთხვევაში წავა საქართველოდან სლოვაკი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზახური მედიის ინფორმაციით, ასტანა საქართველოს ნაკრების თავკაცს იწვევს
  • 55 წლის სლოვაკ სპეციალისტს სფფ-სთან კონტრაქტი გაზაფხულზე უმთავრდება
  • ყაზახებმა ვაისი შესაძლოა მომხიბვლელი ფინანსური პირობებით მოხიბლონ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ყაზახეთში დაბრუნების შესაძლებლობაზე ადგილობრივი მედია ისევ წერს. Prosports.kz-ის ინფორმაციით, 55 წლის სლოვაკ სპეციალისტზე ყაზახეთის ჩემპიონი ასტანა გავიდა და მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზა.

სლოვაკი სპეციალისტს შანსი აქვს, საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე გაიყვანოს

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლის გაზაფხულიდან წვრთნის, სფფ-სთან ხელშეკრულება კი 2020 წლის მარტის ბოლომდე აკავშირებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ვერც მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ვერც ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი, თუმცა გუნდს მომავალი ევროპირველობის საგზურის მოპოვების შანსი მაინც აქვს - პლეი ოფი, სადაც გაისად მარტში, მანამდე ერთა ლიგაში წარმატებული გამოსვლის წყალობით ითამაშებს.

მეტი ამ თემაზე: ვის, როდის და სად შეხვდება საქართველოს ნაკრები - თუ ევროპის ჩემპიონატზე გავა

Prosports.kz: "როგორც ჩანს, რომან გრეგურჩუკის დღეები ასტანაში დათვლილია. კლუბი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმირ ვაისის მიწვევით არის დაინტერესებული.

თავად ვლადიმირ ვლადიმირის ძე, როგორც ჩანს, წინააღმდეგი არ არის, ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს, სადაც ის სამი წლის განმავლობაში ქაირათს წვრთნიდა და მასთან ერთად ორ-ორჯერ ყაზახეთის თასის მფლობელი და ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

სლოვაკი სპეციალისტი ალმათის ქაირათს 2013-15 წლებში წვრთნიდა

ოღონდ, ყაზახეთში ვაისის დაბრუნების გეგმას ხელი შესაძლოა იმან შეუშალოს, რომ მწვრთნელს მოქმედი კონტრაქტი საქართველოს ნაკრებთან აკავშირებს, ამ ქვეყნის ფედერაცია კი სლოვაკთან განშორებას არ აპირებს. ქართველებს მარტში ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფი ელით და რეალური პერსპექტივა აქვთ, ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვდნენ. ასეთ ვითარებაში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მთავარი მწვრთნელის შეცვლას არ აპირებს.

მაგრამ, თუკი ასტანა ვაისს კარგ ფინანსურ პირობებს შესთავაზებს და ასევე მზად იქნება, ქართულ მხარეს პირგასამტეხლო გადაუხადოს, ქაირათის ყოფილი თავკაცის გამოჩენა ამ კლუბის მთავარი კონკურენტის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სავსებით შესაძლებელია".

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის 1/2-ფინალში ბელარუსს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი ფინალში, 31 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები