Thumbnail

საქართველოს სუპერთასის დრამატული ფინიში - ტორპედომ ჩიხურა დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 2018 წლის საფეხბურთო სეზონი საქართველოს სუპერთასით გაიხსნა.
  • ტორპედომ საჩხერის ჩიხურა 2:1 დაამარცხა.
  • ქუთაისურმა კლუბმა საქართველოს სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო.

თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის ტორპედო და თასის მფლობელი საჩხერის ჩიხურა დაუპირისპირდნენ.

ტორპედომ ჩიხურა 2:1 დაამარცხა და საქართველოს სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიპოვა

პირველ 45 წუთში ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა: ჩიხურას თავდამსხმელი დავით იონანიძე ხელსაყრელ პოზიციაზე იყო, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი როინ კვასხვაძის კარს ასცდა.

მეორე ნახევარში მოვლენები გაცილებით საინტერესოდ წარიმართა. მატჩის 76-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ირაკლი ბუღრიძემ შესანიშნავი რეიდი განახორციელა და ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა - ჩიხურა დაწინაურდა!

დარჩენილ დროში ტორპედო დიდი ძალებით გადავიდა შეტევაში, რამაც შედეგი გამოიღო: 86-ე წუთზე ქუთაისელთა კუთხურს გიორგი კუხიანიძის გოლი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა, 1:1.

მსაჯის საფინალო სასტვენამდე კომპენსირებული დრო იყო დარჩენილი, როდესაც ტორპედომ მარცხენა ფრთიდაბ შეუტია, ჩაწოდებას კი ლევან კუტალიას გოლი მოჰყვა - 2:1 ქუთაისელთა სასარგებლოდ.

საქართველოს სუპერთასით 2018 წლის საფეხბურთო სეზონი გაიხსნა. 2 მარტს ეროვნული ლიგის ახალი სეზონიც დაიწყება. პირველი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ტორპედო გორის დილას უმასპინძლებს.

ტორპედო-ჩიხურა 2:1

  • გოლი: 0:1 ბუღრიძე (76), 1:1 კუხიანიძე (86), 2:1 კუტალია (90)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე, დოლიძე (78. სარდალიშვილი), გიგაური, კუხიანიძე, ტუღუში (59. წიქარიძე), კუტალია, კაპანაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, გაბედავა (40. პედრო გუგა), ლექვთაძე (65. ბუღრიძე), კაკუბავა, იონანიძე (70. კახაბრიშვილი), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია

მატჩის შემდეგ

კახა ჩხეტიანი (ტორპედოს მწვრთნელი): "პირველი ტაიმი არცთუ სანახაობრივი გამოვიდა, მეორე ნახევარში კი მოვლენები რადიკალურად შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენ, ისე საჩხერელები, მომავალში კიდევ უფრო მოუმატებენ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ვაგებდით, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა სწორი რეაგირება მოახდინეს და საბედნიეროდ, მორიგი ტიტული მოვიპოვეთ. ტოროპედოსთვის ეს პირველი სუპერთასია ისტორიაში და ბედნიერი ვარ, რომ ამ ფაქტის მონაწილე გავხდი".

როინ კვასხვაძე (ტორპედოს კაპიტანი): "რთული მატჩი იყო, რომლის პირველი ნახევარი უფრო მძიმე გამოდგა, მეორე ტაიმში კი გოლებიც გავიდა. ანგარიში მეტოქემ გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ, თამაში შემოვატრიალეთ და გავიმარჯვეთ."

კომენტარები

ბოლო ამბები