Thumbnail
  • 📅 18 დეკემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V რეალი  | 📺 SILK UNIVERSAL
  • ერნესტო ვალვერდესა და ზინედინ ზიდანის კომენტარები

18 დეკემბერს ესპანური ლა ლიგისა და ევროპის საკლუბო ფეხბურთის მშვენება - "ელ კლასიკო" გაიმართება - ერნესტო ვალვერდეს ბარსელონა ზინედინ ზიდანის რეალს მასპინძლობს. ამ თამაშამდე გუნდები თანაბრად მოვიდნენ, მათ 35-35 ქულა აქვთ.

ამ გუნდებს შორის სულ 242 ოფიციალური დაპირისპირება გაიმართა. ბარსელონა ოდნავ წინაა - 96 კლასიკო მოიგო, ხოლო რეალმა - 95. 51 ოფიციალური დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. 

🗒 მეტი ამ თემაზე:

მხოლოდ ლა ლიგის მატჩებს თუ ჩავთვლით, მაშინ სრული თანაფარდობაა - 72-72 მოგება ორივე მხარეს და 34 ფრე. მოკლედ, მეტი ინტრიგა წარმოუდგენელია - წარსულშიც თანაფარდობაა და მიმდინარე ცხრილშიც.

მატჩის ირგვლივ პოლიტიკური დაძაბულობა გარანტირებულია

ამ ყველაფერს ემატება ის პოლიტიკური ვნებათაღელვა, რაც ახლა ესპანეთში, კერძოდ კი კატალონიაშია. კლასიკოც ხომ ამის გამო გადაიდო დეკემბრისთვის - ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიელი პოლიტიკოსების ნაწილი დააპატიმრა, რასაც ბარსელონაში დიდი არეულობა მოჰყვა.

წაიკითხე | ბარსა რეალს 3:1-ს მოუგებს - სილქის კომენტატორების მოლოდინი

სიმშვიდე არც ახლა არის მოსალოდნელი. რეალს გაძლიერებულად დაიცავენ, რადგან "სამეფო კლუბი" იმ ამბების შემდეგ პირველად ჩადის ბარსელონასთან სათამაშოდ. 

მატჩის უსაფრთხოებისთვის საგანგებო ზომებს მიიღებენ

უნდა ველოდოთ გართულებებსაც - კატალონიურმა საპროტესტო მოძრაობა Tsunami Democràtic-მა უკვე დაპოსტა ტვიტერზე "სცადეთ მოგება ავტობუსიდან გადმოუსვლელად - შევხვდებით 18 დეკემბერს". ამ ორგანიზაციამ ბოლო თვეებში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა კატალონიაში და მას მილიონამდე მიმდევარი ჰყავს ტვიტერზე. 

უსაფრთხოების ზომებისთვის, ორივე გუნდი "კამპ ნოუზე" თამაშამდე ორი საათით ადრე გამოცხადდება. 

ბარსელონა

საკადრო პრობლემები ბარსას რეალზე ნაკლებად აწუხებს - მხოლოდ ორი ფეხბურთელის თამაშია გამორიცხული - ფრანგი უსმან დემბელესი და ბრაზილიელი არტურის. ჟორდი ალბამ საბოლოოდ მოირჩინა ტრავმა და დაცვის მარცხენა ფლანგს ჩაიბარებს. ივან რაკიტიჩი ბოლო მატჩებია, ძალიან კარგად თამაშობს და ეს ხორვატის თამამი განაცხადია, რომ კლასიკოზე სასტარტოში იქნება. სერხი რობერტოს უპირატესობა აქვს ნელსონ სემედუსთან კონკურენციაში მარჯვენა ფლანგზე.

ერნესტო ვალვერდე

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "ხალხს შეუძლია, რაც სურს ის გამოხატოს ტრიბუნებზე, თუკი ეს ყველა მონაწილეს პატივისცემის ფარგლებში იქნება. ფეხბურთი მოწოდებულია იმისთვის, რომ ყველა გაგვაერთიანოს და არა პირიქით. ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იყო კლასიკო იმ დღეს გამართულიყო, როცა დაიგეგმა. ორი თვის წინათ ეს თამაში დაძაბული და თანაბარი იქნებოდა. ამ მხრივ არაფერი იცვლება, ის ხვალაც დაძაბული და თანაბარი იქნება. ყოველი კლასიკო რთულია, ზოგიერთი ჩემი ფეხბურთელისთვის ეს იქნება პირველი კლასიკო კარიერაში. ამ დაპირისპირებას სხვა აურა აქვს და ამას გვირაბიდან გამოსვლისას იგრძნობ. ეს არის სულ სხვა დონის თამაში. 

ჯერ სეზონის პირველი ნახევარი არ მორჩენილა და წინ კიდევ ბევრი მატჩია ლა ლიგაში, მაგრამ ორივე გუნდს სურს წინ გაიჭრას ლიდერთა ბრძოლაში. ის, რომ კლასიკოს თანაბარი ქულებით ვხვდებით, წლევანდელი სეზონის ბალანსზე მიუთითებს. რეალი "კამპ ნოუზე" ყოველთვის ინტენსიურად თამაშობს. ისე მოხდა, რომ სტუმრად ბოლო კლასიკოებს უკეთ ვატარებთ, ვიდრე შინ.

დიახ, ჩვენ ერთი დღით მეტი დავისვენეთ, მაგრამ ეს ძალიან მცირე უპირატესობაა. იმ დღეს, როცა მატჩი უნდა გამართულიყო, ჩვენ ვიყავით წამგებიან პოზიციაში. ასეთ სიტუაციებში ორივე გუნდმა კარგად იცის, როგორ მოემზადოს და მოტივაციაც უმაღლეს დონეზეა. ასე რომ, ეს მცირე უპირატესობა სალაპარაკოც კი არაა. 

ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ აზარი ვერ თამაშობს, ან ბენზემა საუკეთესო ფორმაშია. 

რაც შეეხება VAR-ს თავიდანვე ცხადი იყო, რომ ის ფეხბურთში ყველა საკამათო სიტუაციას ვერ აღმოფხვრიდა, რადგან თავად ფეხბურთია ხშირად წინააღმდეგობრივი - ყველას თავისი სიმართლე აქვს". 

გუნდები აქამდე თანაბრად მოვიდნენ

რეალი

რეალს დიდი ხნით დააკლდნენ მარკო ასენსიო, ლუკას ვასკესი და ედენ აზარი. მარსელოს თამაშიც გამორიცხულია. არ არის გამორიცხული, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, ვარჯიშს ახლახან დაბრუნებულმა ხამეს როდრიგესმა ითამაშოს. ფერლან მენდისმ დისკვალიფიკაცია მოიხადა, რაც მარსელოს არყოფნაში უმნიშვნელოვანესია რეალისთვის. ფედე ვალვერდე ბოლო თამაშებში აშკარად კარგად თამაშობს. ასე რომ, მას აქვს შანსი კლასიკოზე სასტარტოში ვიხილოთ. გარეთ ბეილს ქარიმ ბენზემას მეწყვილედ ვიხილავთ. 

ზინედინ ზიდანი

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ფანების უმრავლესობას უბრალოდ უნდა კარგი ფეხბურთის ნახვა. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ მოედანზე და არა მის მიღმა. იმედი გვაქვს, რომ მატჩი უინციდენტოდ ჩაივლის.

ჩვენ კარგად ვიცით ვის ვხვდებით, ვიცით, რომ მათ მესი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი უპირატესობები გაგვაჩნია. ჩვენი მიზანია, კარგად ვითამაშოთ და იმედი მაქვს, რომ მეტოქეც ამას ფიქრობს.

მე აქ ჩემი სამუშაოს შესასრულებლად ვარ ჩამოსული. პოლიტიკა არ მაინტერესებს და რა ხდება მოედნის მიღმა იმაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ვემზადებით კლასიკოსთვის და ეს ერთადერთია, რაც გვაინტერესებს. 

ვალვერდე რეალის აღმოჩენაა და ის კარგად თამაშობს. ვინ იქნება ძირითადში ამას კი თავად გადავწყვეტ ხვალინდელი მატჩის წინ". 

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი - მესი, სუარესი, გრიზმანი

რეალი (4-4-2): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - კროოსი, ვალვერდე, კაზემირო, მოდრიჩი - ბენზემა, ბეილი

საინტერესო ფაქტები

⚽ 2019 წელს სულ სამი კლასიკო გაიმართა: 2 მატჩი ბარსელონამ მოიგო და 1 ფრედ დასრულდა. ბურთები - 5:1 კატალონიელთა სასარგებლოდ.

⚽ "კამპ ნოუზე" ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება (კოპა დელ რეი) 6 თებერვალს გაიმართა და 1:1 დასრულდა.

⚽ ბარსელონას ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩში "კამპ ნოუზე" სულ მცირე, 4 გოლი გააქვს. 

⚽ ბოლო 6 მატჩია ლა ლიგაში, რაც ბარსელონას "კამპ ნოუზე" მოგებული აქვს, როგორც პირველი ტაიმები, ისე მატჩები.

⚽ ბოლო 7 მატჩია ლა ლიგაში, რაც "კამპ ნოუზე" 2.5 გოლზე მეტი გადის. 

⚽ მადრიდის რეალი ლა ლიგაში 7 ტურია, რაც დაუმარცხებელია.

⚽ ბოლო 6 კლასიკოა, რაც ბარსელონა რეალთან არ აგებს.

ტიბო კურტუა შესანიშნავ ფორმაშია და რეალს შეტევაშიც ეხმარება

⚽ ტიბო კურტუამ (რეალი) ბოლო 21 ზუსტი დარტყმიდან 19 მოიგერია (90.5%). 

⚽ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის უხეში შეცდომების გამო ბარსელონამ ამ სეზონში 3 გოლი გაუშვა.

⚽ "კამპ ნოუზე" გამართულ ბოლო 15 კლასიკოში აუცილებლად გაჰქონდა ორივე გუნდს. 

⚽ ბარსელონა ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომელმაც ყველა საშინაო მატჩი მოიგო (7). არადა, ამ 7-დან 6-ში ორივე გუნდმა გაიატანა გოლი.

⚽ ბოლო 6 კლასიკოდან 5-ში პირველი გოლი ბარსას გაჰქონდა.

⚽ ამ სეზონში ლა ლიგაში რეალმა საგარეო მატჩებში 8-დან 7-ში არ წააგო. 

⚽ ლიონელ მესიმ 25 კლასიკოში (ლა ლიგა) 18 გოლი გაიტანა. 

⚽ როცა რეალი კლასიკოს იგებდა, ბოლო სამ შეხვედრაში გოლი აუცილებლად ქარიმ ბენზემას გაჰქონდა. 

⚽ ბოლო 6 კლასიკოში სულ მცირე, 4 ფეხბურთელი იღებს ყვითელ ბარათს. ამ 6 დაპირისპირებაში 2 წითელიც ვიხილეთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები