Thumbnail
  • საფეხბურთო მსოფლიო 'ელ კლასიკოს' მოლოდინშია
  • მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას SILK UNIVERSAL-ზე ნახავთ
  • რას ფიქრობენ სილქ სპორტის კომენტატორები ბარსა-რეალზე

ახალი სეზონის პირველი ელ კლასიკო 18 დეკემბერს, ''ნოუ კამპზე'' გაიმართება. ბარსელონასა და რეალის ბრძოლა ლა ლიგაში პირველობის მოპოვებისთვის დაძაბულად მიმდინარეობს. ორივე გუნდს 35-35 ქულა აქვს - ბარსელონა ბურთების უკეთესი ბალანსის გამო პირველ ადგილზეა.

ქართველ ქომაგს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა სილქ უნივერსალის ეთერში შეუძლია - მატჩი 18 დეკემბერს 23:00 საათზე დაიწყება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ სილქ სპორტის კომენტატორები ამ შეხვედრის შესახებ. მათ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და პროგნოზიც გააკეთეს.

გიორგი კალატოზი: "ფავორიტი ბარსელონაა და ამას მთელი რიგი მიზეზები აქვს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ედენ აზარია ტრავმირებული. მართალია, ბელგიელი ჯერ ბოლომდე ვერ გაიხსნა, მაგრამ მის გარეშე ბოლო პერიოდში რეალის ჩატარებული მატჩები ძალიან მძიმე იყო.

ბეილზე ალბათ ლაპარაკიც არ ღირს, ხოლო როდრიგოზე და ვინისიუსზე ასეთ მატჩში იმედების დამყარება არ ივარგებს, საპირისპიროდ კი ბარსამ სულ ცოტა ხნის წინ ჩაატარა საუკეთესო მატჩი, სადაც მესიმ, სუარესმა და სხვებმა იფრინეს, რაც მაფიქრებინებს იმას, რომ რეალს არ აქვს რესურსი, შეტევაში რაიმე დაუპირისპიროს თავის მეტოქეს."

პროგნოზი: 3:1 ბარსელონას სასარგებლოდ

ტატო ბაციკაძე: "რეალი ბოლო დროს კარგ ფორმაში შევიდა, მაგრამ ტრავმების გამო ზიდანს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლია, ბარსელონა კი ამ სეზონში 'კამპ ნოუზე' ძალიან კარგად თამაშობს და შესანიშნავ ფორმაშია მესი. ამის გამო, ფავორიტად ბარსა მიმაჩნია და მგონია, რომ ბარსელონა მოიგებს."

პროგნოზი: 3:1 ბარსელონას სასარგებლოდ

გიორგი პავლიაშვილი: 'ნოუ კამპზე' გასამართი ელ კლასიკოს შედეგის წინასწარ გამოცნობა ცოტა რთული საქმეა, რასაც ვერ ვიტყვით მადრიდში ჩასატარებელ მატჩებზე. ბოლო წლებში, ამ დაპირისპირებაში, ორივე გუნდს სტუმრად თამაში უკეთ გამოსდის. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ბარსელონა ფავორიტია. მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ყველა თამაში მოგებული აქვს და საკმაოდ ბევრ გოლს იტანს. რაც ყველაზე მთავარია, იმედია, შეხვედრა დაძაბულთან ერთად, სანახაობრივიც იქნება."

პროგნოზი: 3:0 ბარსელონას სასარგებლოდ, ან ერთი გოლი რეალსაც გავატანინოთ - 3:1

გიორგი კაკაბაძე: "არასაფეხბურთო კუთხით დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, მატჩი ახლა ორმაგ მნიშვნელობას იძენს. კლასიკო ყოველთვის ცდებოდა ფეხბურთის ფარგლებს. გამომდინარე იქიდან, რომ მესიც და სუარესიც შესანიშნავ ფორმაში არიან, ხოლო ზინედინ ზიდანი ჯერ კიდევ ახალი რეალის ძიებაშია და თან მატჩი კამპ ნოუზეა, ფავორიტად ბარსელონა მიმაჩნია. მატჩი სავარაუდოდ უხვგოლიანი უნდა გამოვიდეს."

პროგნოზი: 3:1 ბარსელონას სასარგებლოდ

'რთულია, უპირატესობა არ მიანიჭო გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც 6 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი თამაშობს'

ნიკა ტაბატაძე: "თანამედროვე სპორტულ ცხოვრებაში, დამოუკიდებლად სპორტის სახეობისა, 'კლასიკო' ნებისმიერი ორი კლუბის ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. შესაბამისად, მსგავსი ტრადიციის მქონე მატჩებში შედარებით ნაკლებად იგრძნობა სათამაშო ფორმის, ტრავმების და ისეთი კომპონენტების გავლენა, რომლებიც ყველა სხვა შემთხვევაში საკვანძო ფაქტორი იქნებოდა. რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, უპირატესობა არ მიანიჭო გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც 6 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი თამაშობს."

პროგნოზი: 3:1 ბარსელონას სასარგებლოდ

ვაკო ყიფიანი: "იმედია, საინტერესო შეხვედრა გამოვა. ბარსელონას ქომაგი მესისგან მორიგ შოუს ელის. სამეფო კლუბში არსებული ტრავმების ფონზე კი, ალბათ, მადრიდელ გულშემატკივარს უფრო ბრაზილიური დუეტის ეიმედება.

არც ქარიმ ბენზემა უნდა დავივიწყოთ, რომელიც 'კლასიკოებში' დიდად თავს ვერ იგიჟებს, მაგრამ წელს მშვენიერ ფორმაშია და იქნებ, კამპ ნოუზეც გაიტანოს, თუმცა ბარსელონა მაინც უპირობო ფავორიტია და გამარჯვებაც კატალონიურ კლუბს უნდა დარჩეს. წელს, ლა ლიგაში თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება და მგონია, რომ ბარსელონა შინ აუცილებლად მოიგებს." 

პროგნოზი: 4:1 ბარსელონას სასარგებლოდ

სანდრო ცნობილაძე: "განსხვავებით საგარეო მატჩებისგან, ბარსელონა საშინაო შეხვედრებში ძალიან ძლიერად თამაშობს. მაგალითად, ბოლო მატჩი, რომელიც გუნდმა 'ნოუ კამპზე' მალიორკასთან გამართა, მასპინძლებმა 5:2 მოიგეს და ულამაზესი ფეხბურთი ითამაშეს. რა თქმა უნდა, რეალი მალიორკა არაა, მაგრამ კატალონიელები მაინც ფავორიტები არიან.

ამ ფორმაციის ბარსა ძალიანაა დამოკიდებული მესიზე, ხოლო არგენტინელს კი რეალის წინააღმდეგ მოტივაცია არასდროს აკლია. გარდა ამისა, რეალს ჰყავს ტრავმირებულები, ხოლო ვალვერდეს გუნდის ლაზარეთი კი ფაქტობრივად დაცარიელებულია. ჩემი მოლოდინი მატჩში ბარსელონას უპირატესობა და, შესაბამისად, მისივე გამარჯვებაა, თან მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით.

პროგნოზი: 3:1, ან 2:0 ბარსელონას სასარგებლოდ

ირაკლი ფოფხაძე: ლა ლიგაში „რეალის“ ბოლო ორი თამაშის წაყვანა მომიწია და ნანახიდან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ გუნდს უშუალოდ ამ შეხვედრაში ბენზემამდე ბურთის მიტანის პრობლემა ექნება.

წინ ბურთის დაჭერის კუთხით, უდიდესი როლი ექნებოდა აზარს, თუმცა ბელგიელი ვერ ითამაშებს. „ვალენსიასთან“გამოჩნდა, რომ მეტოქის მწყობრი დაცვის პირობებში მადრიდელთა გარემარბებს შეტევების გამწვავება უჭირთ, ფორმისგან შორსაა მოდრიჩიც და მთავარი - არეულობაა იმ ზონაში, საიდანაც მესი „რეალს“ ყველაზე ხშირად შეუტევს.

მარსელო არაა, მენდი და ნაჩო კი საუკეთესო ფორმისგან შორს არიან. საპირისპიროდ, ბოლო დროს „ბარსა“ მსუბუქად ათამაშდა, გამართულია ნახევარდაცვა, მესი-სუარესის წყვილი კი ფანტასტიკურ ფორმაშია. შესაბამისად, აშკარა ფავორიტად „ბარსა“ მიმაჩნია. თუმცა, ფეხბურთი იმიტომაც გვიყვარს, რომ ხშირად ასეთ მატჩებში ფავორიტის სტატუსი ბევრს არაფერს ნიშნავს.

პროგნოზი: 2:0 ბარსელონას სასარგებლოდ

კომენტარები

ბოლო ამბები