Thumbnail
  • ბარსას კაპიტანმა ბერნაბეუსა და კამპ ნოუზე გამართული კლასიკოები შეადარა
  • 32 წლის არგენტინელმა აზრი ზინედინ ზიდანსა და ედენ აზარზეც გამოთქვა
  • ლეო მესის აზრით, კრიშტიანო რონალდოს შეცვლა ძალიან ძნელია

ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ მადრიდის რეალთან დაპირისპირების წინ მედიასთან ისაუბრა და  აღნიშნა, რომ კატალონიელებისთვის კლასიკო მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" უფრო იოლი გამოდის ხოლმე, ვიდრე "კამპ ნოუზე". 

ლა ლიგის მე-10 ტურის გადადებული მატჩი, რომელშიც ბარსელონა რეალს უმასპინძლებს, 18 დეკემბერს გაიმართება.

"ბერნაბეუზე" თამაშის დროს ჩვენ თავისუფალ ზონებს ვიღებთ. რეალი უფრო უტევს ხოლმე, რადგან მასპინძლის სტატუსი მათ ამას ავალდებულებს და ტრიბუნებიც ამისკენ უბიძგებს. "კამპ ნოუზე" რეალი სხვაგვარად თამაშობს - უკან იხევს, შემჭიდროებულია და თავისი თავდამსხმელების სისწრაფის გამოყენებით, მეტწილად კონტრშეტევებს ახორციელებს. "ბერნაბეუზე" მეტოქეს 90 წუთი ტოლსწორად ვეთამაშებით, "კამპ ნოუზე" კი მატჩები უფრო ჩაკეტილი და რთული გამოდის ხოლმე", - აქვეყნებს 32 წლის არგენტინელის ნათქვამს ესპანური მედია.

რეალის ფანებს ზიდანის წარსული მიღწევები დღეს ნაკლებად აინტერესებთ

მესიმ აზრი მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზეც გამოთქვა:

"ზიდანის კრიტიკა გაკვირვებას იწვევს, მაგრამ მან, ვინც დიდი ხანი ფეხბურთშია და განსაკუთრებით დიდ კლუბებში, კარგად იცის, რომ ეს ნორმალურია. ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ იმას, რასაც წარსულში მიაღწიე. ისინი შენგან შედეგს ყოველდღე ითხოვენ. 

რეალში დაბრუნებულმა ზიდანმაც იცოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის სამჯერ მოგებას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და ფანების მოთხოვნა ამჯერადაც ისეთი იქნებოდა, როგორც პირველ დღეს, როცა რეალი ჩაიბარა. დიდი გუნდების მწვრთნელები და ფეხბურთელები გამუდმებით ყურადღების ცენტრში ვართ და წნეხის ქვეშ გვიწევს ცხოვრება".

ლეოს და კრიშტიანოს მეტოქეობა კლასიკოს დამატებით ინტრიგას სძენდა

არგენტინელმა თავდამსხმელმა ერთმანეთს მადრიდის რეალის ამჟამინდელი და ყოფილი თავდამსხმელები, შესაბამისად, ედენ აზარი და კრიშტიანო რონალდო შეადარა: 

"აზარი მაღალი დონის ფეხბუთელია. ედენი იმ ტიპის მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომლებსაც მეტოქის დაცვაში დისბალანსის შეტანა შეუძლიათ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის განსხვავდება კრიშტიანოსგან. მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. რონალდოს შეცვლა ძალიან ძნელია, მაგრამ აზარიც ბრწყინვალე ფეხბურთელია".

ბარსელონასა და რეალს ლა ლიგაში ჩატარებული 16-16 მატჩის შემდეგ 35-35 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. მესამე ადგილზე 31 ქულით სევილიაა, რომელსაც თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

ლიონელ მესიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები