Thumbnail

ტრანსფერები | სანამ სანე გამოვა - ბაიერნს სევილიას ვარსკვლავი ახლავე სურს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიუნხენის ბაიერნს ახალი გარემარბი სჭირდება
  • ლეროი სანეს ტრანსფერამდე, მიუნხენელები ლუკას ოკამპოსს ეპატიჟებიან
  • რეკორდმაისტერს ფრაიბურგთან მატჩისთვის 4 ფეხბურთელი აკლია

მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ტრიუმფით გავიდა - რეკორდმაისტერმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგო, პლეი ოფში კი ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება. წესით, ბავარიულ გრანდში ყველა ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ ბაიერნს იქ აქვს პრობლემები, სადაც არავინ ელოდა - ბუნდესლიგაში!

ბაიერნის დროებითი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი

გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, ბაიერნი კი ცხრილში მე-5 ადგილზეა და ლიდერ ლაიპციგს 6 ქულით ჩამორჩება. მწვრთნელის შეცვლის შემდეგ (ნიკო კოვაჩი გაუშვეს და სეზონის ბოლომდე ჰანსი ფლიკი დანიშნეს) პროგრესი იყო, მაგრამ მერე ბაიერნმა ზედიზედ ორი თამაში წააგო. იმისათვის, რომ რეკორდმაისტერმა შედეგები გამოასწოროს და სეზონის მინიმალური მიზანი, გერმანიის კიდევ ერთი ჩემპიონობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს, ბავარიელები იანვარში გუნდის გაძლიერებას გეგმავენ.

ჯერ ოკამპოსი, მერე სანე?

როგორც ირკვევა, ბაიერნი სევილიას გარემარბ ლუკას ოკამპოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამ უკანასკნელის გადაბირება, ახლავე, იანვარში სურს. ამის შესახებ ინფორმაცია Sky-ს ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.

ოკამპოსი სევილიაში: 5 გოლი 14 მატჩში

ოკამპოსი გარემარბია, ბაიერნს კი კინგსლი კომანის მორიგი ტრავმის შემდეგ, გაძლიერება ყველაზე მეტად სწორედ ამ პოზიციაზე სჭირდება. კომანის გარდა, ამ მარჯვენა და მარცხენა ფლანგებისთვის ფლიკის განკარგულებაში მხოლოდ სერჟ გნაბრი და ივან პერიშიჩი არიან. ცნობილია, რომ ბავარიელებს ახალი გარემარბის შეძენა ზაფხულშიც სურდათ. გერმანული მედია წერს, რომ მიუნხენში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ მანჩესტერ სიტიდან ლეროი სანეს შეიძენენ.

ოკამპოსს სევილიასთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. 25 წლის არგენტინელი სევილიაში გასულ ზაფხულს, მარსელიდან გადავიდა და მისი ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონი ევრო იყო. მან მარსელში 132 მატჩი ჩაატარა და 42 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო. სევილიას ფორმით მას 14 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი ბუნდესლიგის მომდევნო მატჩს ოთხშაბათს, სტუმრად, ფრაიბურგთან გამართავს, რომელიც სეზონის აღმოჩენაა და ბავარიულ გრანდს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ბაიერნს ამ მატჩისთვის, დიდი ალბათობით, კორენტენ ტოლისო დაუბრუნდება. კომანი, ლეონ გორეტცკა, ნიკლას ზიულე და ლუკა ერნანდესი კი ტრავმირებულები არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები