Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 116:120 დალას მავერიკსი
  • ტექსასელებმა ბაქსის 18-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულეს
  • ...და ეს ლუკა დონჩიჩის გარეშე მოახერხეს

დალასმა NBA-ში კიდევ ერთი ძახილის ნიშანი დასვა და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მთავარი გმირის, ლუკა დონჩიჩის გარეშე გააკეთა!

სლოვენიელს მცირე ტრავმა აქვს, რის გამოც მილუოკისთან ვერ ითამაშა, მაგრამ მავერიკსმა მაინც შეძლო აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ იანის ანტეტოკუნმპო შეუჩერებელი იყო (48 ქულა, 14 მოხსნა), დალასმა თამაში 120:116 მოიგო.

ამ გამარჯვებით, მავერიკსმა მილუოკის გრანდიოზული, 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა!

დალასის ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება პირველ რიგში გუნდური კალათბურთის დამსახურებაა. სეტ კარიმ და კრისტაპს პორზინგისმა 26-26 ქულით შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, ლატვიელს 12 მოხსნაც ჰქონდა და ორმაგი დუბლი შეასრულა. საერთო ჯამში, დალასის ექვსმა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის ჩაგდება.

მავერიკსს 26 მატჩის შემდეგ 18 მოგება და 8 მარცხი აქვს - დონჩიჩის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. მილუოკი, რომელსაც თამაში ბოლოს 9 ნოემბერს (იუტა ჯაზთან) ჰქონდა წაგებული, აღმოსავლეთში ლიდერობას ინარჩუნებს. 

ზედიზედ 18 თამაშის მოგება მილუოკის ისტორიაში მეორე შედეგია - ამაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია ბაქსს 1970/71 წლების საჩემპიონო სეზონში ჰქონდა, როცა გუნდში კარიმ აბდულ-ჯაბარი და ოსკარ რობერტსონი თამაშობდნენ. მაშინ მილუოკიმ ზედიზედ 20 გამარჯვება იზეიმა.

რაც შეეხება ლუკა დონჩიჩს: როგორც იცით, სლოვენიელი მაიამისთან მატჩის პირველ მეოთხედში დაშავდა. მავერიკსის მთავარი მწვრთნელის, რიკ კარლაილის თქმით, ლუკა პროგრესირებს და მალე გამოჯანმრთელდება. ოღონდ, უკვე ცხადია, რომ დონჩიჩი ხუთშაბათს, ბოსტონ სელტიკსთანაც არ იქნება.

📺 ვიდეო: მილუოკი 116:120 დალასი

კომენტარები

ბოლო ამბები