Thumbnail
  • გიორგი დიასამიძე სოლიგორსკის შახტიორში გადავიდა
  • მან ბელარუსულ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

საბურთალოს 27 წლის ნახევარმცველი გიორგი დიასამიძე ბელარუსში გააგრძელებს კარიერას. ის სოლიგორსკის შახტიორის ფეხბურთელი გახდა, სადაც აგვისტოში კიდევ ერთი ყოფილი საბურთალოელი, ლაშა შინდაგორიძე გადავიდა. 

ქართველმა ფეხბურთელმა შახტიორთან 2021 წლის ბოლომდე მოაწერა ხელი კონტრაქტს. დიასამიძეს სასკოში, დილაში, ლოკომოტივსა და დანიურ ორჰუსში უთამაშია. საბურთალოს რიგებში მან შარშან ჩემპიონის ტიტული მოიგო, წლეულს კი - თასი.

გიორგი დიასამიძემ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

გიორგი დიასამიძე: "შახტიორი ამბიციური კლუბია. აქ კარგი პირობებია იმისთვის, რომ მაღალ შედეგებს მივაღწიოთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

შახტიორის შესახებ ლაშა შინდაგორიძეს ვესაუბრე და მან დადებითი რეკომენდაცია გაუწია. თუმცა ინფორმაცია სხვა წყაროებიდანაც მოვიპოვე. ის, რომ გუნდში ქართველია, ჩემთვის გადაწყვეტილების მიღებაში გარკვეული ბონუსი იყო. ჩვენ ჯერ კიდევ ორჰუსის აკადემიაში ვიყავით ერთად. 

ლეგიონერად თავის მოსინჯვა ძალიან მსურდა და ახლა ბელარუსში ამის შანსი მომეცემა. თუ შახტიორს გოლებითა და საგოლე პასებით დავეხმარები, მოხარული ვიქნები, თუმცა მთავარი გუნდის წარმატებაა. 

საქართველოსა და ბელარუსის მატჩს ჩემს სამშობლოში ყველა ელოდება. ყველას იმედი აქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. მესმის, რომ იგივე გსურთ თქვენც. ვნახოთ, რა მოხდება. ყველა თავიანთი ქვეყნის ნაკრებს ვუგულშემატკივრებთ". 

გიორგი დიასამიძემ ეროვნულ ლიგაში 25 მატჩში 11 გოლი გაიტანა. შახტიორმა ბელარუსის ვისშაია ლიგა 65 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროთასებზე იასპარეზებს. ლაშა შინდაგორიძემ 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები