Thumbnail

ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ნაპოლის სახით არცთუ იოლი მეტოქე შეხვდა. წილისყრის შემდეგ მეტოქეზე კომენტარი კატალონელთა დირექტორმა გილერმო ამორმა გააკეთა. ამორმა უარი თქვა დაესახელებინა ბარსელონასთვის სასურველი მოწინააღმდეგე და აღნიშნა, რომ "უპატივცემულობა იქნებოდა მეტოქეების ღიად განხილვა".

მისი თქმით, ნაპოლი რთული მეტოქეა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მწვრთნელი ცოტა ხნის წინ შეცვალეს და არავინ იცის, ამ გუნდისგან რას უნდა ელოდეს.

გილერმო ამორი: "რთული ოპონენტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს - კარლო ანჩელოტი ჯენარო გატუზომ შეცვალა".

ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ განსაკუთრებით რთული ნეაპოლში "სან პაოლოზე" თამაში იქნება. ნაპოლის ქომაგი ცნობილია, ბარსელონამ კი ბოლო ორ წელიწადში ორი პლეიოფური შეხვედრა იმ გუნდებთან წააგო, რომელთაც განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავთ და, ზოგადად, სახლის გუნდებად მიიჩნევიან ("ენფილდზე" ლივერპულთან და "ოლიმპიკოზე" რომასთან). ამორის განცხადებით, ბარსას "სან პაოლო" არ აშინებს.

ამორი: "ჩვენ ყოველთვის სავსე და ხმაურიან სტადიონზე თამაში გვირჩევნია, ცარიელ და მდუმარე სტადიონზე თამაშს. იგივე ითქმის ფეხბურთელებზეც, მიუხედავად იმისა, რომ სავსე სტადიონი მათ წინააღმდეგაა".

სწორედ "სან პაოლოს" ატმოსფეროზე გაამახვილა ყურადღება ერნესტო ვალვერდემაც:

"ნაპოლი რთული მოწინააღმდეგეა, რომელსაც სტადიონზე, განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს. იქ ყოველთვის გრძნობ მეტოქის ფანებს. არასოდეს იცი, მათგან რას უნდა ელოდო. თუმცა, ჩვენ ასეთ ატმოსფეროს მიჩვეულები ვართ. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მათ შორის დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე".

ნაპოლის ბანაკში ერთნაირი შინაარსის კომენტარები გაკეთდა. ჯენარო გატუზომ და არკადიუშ მილიკმა აღნიშნეს, რომ ნაპოლის ბარსელონასი არ ეშინია.

კომენტარები

ბოლო ამბები