Thumbnail
  • უეფამ ნიონში ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა ჩაატარა
  • ქვილითაიას, ჩაკვეტაძისა და ხოჭოლავას გუნდების მეტოქეები გაირკვა
  • ტურნირის 1/16-ფინალში რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება გველის
  • პირველი მატჩები 20 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო - 26/27 თებერვალს  

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ამ ეტაპზე ასპარეზობის უფლება სულ სამი ქართველი ლეგიონერის ორმა გუნდმა მოიპოვა - გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა (ბელგია) და დავით ხოჭოლავას შახტარმა (უკრაინა). ბელგიური გუნდის მეტოქე რომა იქნება, რომელსაც ცოტა ხნის წინ მედია ჩაკვეტაძის მომავალს უკავშირებდა. დონეცკელებს კი ბენფიკასთან მოუწევთ ბრძოლა. 

გიორგი ჩაკვეტაძემ ევროპალიგის ამ სეზონში ერთ მატჩში ითამაშა - ოლექსანდრიასთან

წილისყრაში მონაწილეობა ტურნირის ჯგუფური ეტაპის 12-მა გამარჯვებულმა, 12 მეორეადგილოსანმა და კიდევ 8 კლუბმა მიიღო, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპალიგაში გადმოინაცვლეს.

წილისყრის წინ გუნდები განთესილებად და განუთესავებად დაიყვნენ. განთესილის სტატუსი ევროპალიგის ჯგუფების გამარჯვებულმა 12-მა გუნდმა და ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულმა, საუკეთესო კოეფიციენტის მქონე 4-მა გუნდმა მიიღო.

ამ ეტაპის წილისყრამდე წინასწარ გამოირიცხა ერთი ასოციაციის წარმომადგენელი და ასევე, ტურნირის ერთ ჯგუფში მოთამაშე გუნდების დაწყვილება. უეფას რეგლამენტის შესაბამისად, ბრაგა და პორტუ ევროთასებზე შინ ერთ დღეს ვერ ითამაშებენ და გადაწყდა, რომ ბრაგა ევროპალიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩს შინ 26 თებერვალს ჩაატარებს.

ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩები 20 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო - 26 და 27 თებერვალს.

ევროპალიგის 1/16-ფინალის წილისყრა

ვულვზი (ინგლისი) V ესპანიოლი (ესპანეთი)

სპორტინგი (პორტუგალია) V ბაშაქშეჰირი (თურქეთი)

ხეტაფე (ესპანეთი) V აიაქსი (ჰოლანდია)

ლევერკუზენი (გერმანია) V პორტუ (პორტუგალია) 

კოპენჰაგენი (დანია) V სელტიკი (შოტლანდია) 

აპოელ-ი (კვიპროსი) V ბაზელი (შვეიცარია)

კლუჟი (რუმინეთი) V სევილია (ესპანეთი)

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) V არსენალი (ინგლისი)

ალკმაარი (ჰოლანდია) V ლასკ-ი (ავსტრია) 

ბრიუგე (ბელგია) V მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)

ლუდოგორეცი (ბულგარეთი) V ინტერი (იტალია)

აინტრახტი (გერმანია) V ზალცბურგი (ავსტრია) 

შახტარი (უკრაინა) V ბენფიკა (პორტუგალია)

ვოლფსბურგი (გერმანია) V მალმიო (შვედეთი)  

რომა (იტალია) V გენტი (ბელგია)

რეინჯერსი (შოტლანდია) V ბრაგა (პორტუგალია). 

2019/20 წლების ევროპალიგის გამარჯვებული გდანსკის არენაზე გამოვლინდება

ტურნირის ⅛-ფინალის წილისყრა 28 თებერვალს გაიმართება.

2019/20 წლების ევროპალიგის ფინალი 27 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკის სტადიონზე, "ენერგა-გდანსკზე" ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები