Thumbnail
  • დე ლაურენტისს მოსწონს, რომ გატუზო გუნდს სარის სქემით ათამაშებს
  • ნაპოლიში იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი ნაკლებად რეალისტურია
  • მერტენსს წასვლა შეუძლია, ოღონდ - არა სხვა იტალიურ კლუბში

წინა კვირა ნაპოლისთვის რთული გამოდგა - ზედიზედ 9 ვერმოგებული შეხვედრის შემდეგ, კლუბმა კარლო ანჩელოტის გაშვება გადაწყვიტა და ეს ჩემპიონთა ლიგაში, გენკთან გამარჯვების შემდეგ (4:0) შეასრულა. ნაპოლიმ ანჩელოტის ნაცვლად ჯენარო გატუზო დანიშნა, თუმცა გატუზოს პირველივე თამაში წარუმატებლად, პარმასთან მარცხით დასრულდა.

გუნდში შექმნილ სიტუაციაზე ნაპოლის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა ინტერვიუ მისცა, სადაც მან აღნიშნა, რომ ტაქტიკურად და ადამიანურად, გატუზო სწორი კანდიდატი იყო:

"ნაპოლი სარის დროს ცნობილი იყო თავისი 4-3-3 სქემით. ანჩელოტიმ სქემის შეცვლა გადაწყვიტა, ახლა კი ჩვენ გატუზო მოვიწვიეთ, რომელიც მილანში ამ ტაქტიკით ძალიან კარგად თამაშობდა. გატუზო ბევრს მუშაობს და შრომა უყვარს, იმედი მაქვს, ნაპოლის ფეხბურთელები მას მიჰყვებიან და მაგალითს აიღებენ".

კარლო ანჩელოტი და აურელიო დე ლაურენტისი ერთმანეთს კარგად დაშორდნენ

გაშვების მიუხედავად, ანჩელოტი და დე ლაურენტისი ძალიან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ და ნაპოლის მფლობელმაც თავისი ყოფილი მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეაქო:

"ის შესანიშნავი ადამიანი და კარგი მეგობარია. თუმცა, მისი გაშვება სწორი იყო, სეზონის ბოლოს ვნახავთ შედეგებს".

დე ლაურენტისი ზლატანის შესაძლო ტრანსფერსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იბრას გადმოსვლა შესაძლებელი იყო, თუმცა დიდი იმედი არ აქვს, ხოლო წამსვლელ ფეხბურთელებზე კითხვამ კი ნაპოლის მფლობელი ძალიან გააღიზიანა:

"ნებისმიერი შეიძლება წავიდეს ან დარჩეს. მე სულელურ კითხვებზე პასუხი არ მინდა, გაზეთების სათაურებს არ შეგაქმნევინებთ. რაც შეეხება დრის მერტენსს, რომელსაც კონტრაქტი უმთავრდება, მას ყველგან შეუძლია წავიდეს, სადაც მოუნდება, სხვა იტალიური კლუბის გარდა".

კომენტარები

ბოლო ამბები