Thumbnail

10 კარგი ფეხბურთელი, რომლებიც გაზაფხულზე გაიბრწყინებენ - კვერკველია მათ შორისაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთის ჩემპიონატის 10 მოთამაშე, რომლებსაც სეზონის პირველი ნაწილი ჩაუვარდათ
  • championat-ის ათეულში მოსკოვის ლოკომოტივის 27 წლის ქართველი მცველიც აღმოჩნდა
  • რუსული მედია ვარაუდობს, რომ გაზაფხულიდან საბა გუნდის სასტარტოში დაბრუნდება

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის ცენტრალური მცველი საბა კვერკველია რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე იმ 10 მაღალი კლასის ფეხბურთელს შორის დაასახელეს, რომლებსაც 2019/20 წლების სეზონის საშემოდგომო ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაუვარდათ, გაზაფხულიდან კი უნდა გაიბრწყინონ.

შეგახსსენებთ, რომ 27 წლის ქართველ ფეხბურთელს ტრავმა გაზაფხულიდან მოყოლებული აწუხებდა, რის გამოც ვერც კლუბში თამაშობდა (სულ 3 მატჩი ყველა ტურნირში) და ვერც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

საბა კვერკველიას ტრავმა გაზაფხულიდან აწუხებდა და ვარჯიშიც კი უჭირდა

"სამწუხაროდ, რუსეთის პრემიერლიგის პირველობის პირველ ნაწილში ვერ მოვასწარით ერთბაშად რამდენიმე ბრწყინვალე ფეხბურთელის თამაშით სიამოვნების მიღება. ვიღაცას ხელი ტრავმებმა შეუშალა, ვიღაცას სათანადო სათამაშო დრო სხვა მიზეზის გამო არ ჰქონდა. ვიხსენებთ მათ და გაზაფხულზე ველოდებით მათ გაბრწყინებას", - წერს championat.com, რომელიც ათეულში საბასაც ასახელებს.

"გასაკვირია, რომ რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა მიმდინარე სეზონი ლოკომოტივის სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. თავის დროზე კვერკველიამ თავად გვითხრა, რომ სათამაშო პრაქტიკის უქონლობის მიზეზი მისი "რთული ტრავმა" იყო. გასულ სეზონში პაუზის გარეშე თამაშისგან, მცველს ისე ძლიერად ასტკივდა ფეხის კუნთები, რომ ვარჯიშიც კი უჭირდა. საბა მოედანზე დაბრუნებას შემოდგომით იმედოვნებდა  და სექტემბრის ბოლოს მან რუსეთის თასზე ითამაშა კიდეც, მაგრამ შემდეგ ისევ ღრმა თადარიგში აღმოჩნდა. მეორედ იური სიომინმა კვერკველია ნოემბერში, ტომბოვთან მეორე ტაიმში ათამაშა. ამასთან, ლოკომოტივის წლის ბოლო მატჩი, ჩემპიონთა ლიგაში ატლეტიკოსთან, საბამ თავიდან ბოლომდე ჩაატარა. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკვე გაზაფხულზე ქართველი მცველის "რკინიგზელთა" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებას უნდე ველოდოთ", - წერს რუსული პორტალი.

საბამ მადრიდში ატლეტოსთან (0:2) შეუცვლელად ითამაშა

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას მეოთხე სეზონია იცავს. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა (2017/18), ორჯერ რუსეთის თასი (2016/17 და 2018/19) და რუსეთის სუპერთასი (2019) აქვს მოგებული.

მოსკოვის ლოკომოტივმა რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 19 მატჩიდან 10 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 5 დათმო და სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-5 პოზიციაზეა. კვერკველიას გუნდი ჩემპიონატს 1-ელ მარტს, სტუმრად ზენიტთან შეხვედრით განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები