Thumbnail
  • იუვენტუსი 3:1 უდინეზე
  • კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა
  • პორტუგალიელს ამ სეზონში 11 გოლი დაუგროვდა

რომის ლაციოსთან სეზონში პირველი მარცხის შემდეგ, ტურინის იუვენტუსმა იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში უდინეზე 3:1 დაამარცხა. კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ლეონარდო ბონუჩის ანგარიშზეა.

ტურინელთა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ევროპის ტოპ 5-ში ზედიზედ 15 სეზონში მინიმუმ 10 გოლის (ყველა ტურნირზე) გატანა შეძლო.

უდინეზესთან შესრულებული დუბლით მან მიმდინარე სეზონში გოლების რაოდენობა 11-მდე გაზარდა. რონალდოს მთავარ კონკურენტ ლიონელ მესის ამ მომენტისთვის ზედიზედ 14 სეზონში აქვს მინიმუმ 10 გოლი გატანილი.

“ყველაზე მთავარი მოგება და 3 ქულის მოპოვება იყო, - განუცხადა რონალდომ მატჩის შემდეგ Sky Sport Italia-ს, - ვფიქრობ, რომ აი, ასე უნდა ვთამაშობდეთ. ყველაზე მეტად სწორედ ის მიხარია, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ.”

კრიშტიანო რონალდოს იუვეს ფორმით 62 მატჩში 39 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს.

უდინეზესთან მატჩი მნიშვნელოვანი გამოდგა ჯანლუიჯი ბუფონისთვისაც. მან ტურინული გრანდის ფანების უსაყვარლესი ფეხბურთელის, ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გაიმეორა - ეს მატჩი 41 წლის ბუფონისთვის ტურინული გრანდის მაისურით სერია A-ში რიგით 478-ეა! სწორედ ამდენი შეხვედრა აქვს დელ პიეროსაც.

სერია A-ში იუვეს ფორმით ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო ხუთეულში ასევე არიან ჯამპიერო ბონიპერტი (443), გაეტანო შირეა (377) და ჯუზეპე ფურინო (361). საერთო ჯამში, უდინეზესთან მატჩი ბუფონისთვის 646-ეა იტალიის ჩემპიონატში (როგორც იცით, ჯიჯი იუვენტუსამდე პარმაში თამაშობდა). მასზე მეტი თამაში სერია A-ში მხოლოდ მილანის ლეგენდას, პაოლო მალდინის აქვს, რომელმაც ‘როსონერის’ შემადგენლობაში 647 მატჩი ჩაატარა.

📺 ვიდეო: იუვენტუსი 3:1 უდინეზე (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები