Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძემ ობრადოიროსთან 14 ქულა ჩააგდო
  • გრან კანარიამ ესპანურ ლიგაში მე-7 გამარჯვება იზეიმა

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში ობრადოიროს 102:100 სძლია, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა დიდი წვლილი შეიტანა.

გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი უმნიშვნელოვანეს მომენტში გაიბრწყინა.

ბექამ მე-2 ოვერტაიმის დასკვნით წუთნახევარში 2 სამქულიანი ჩააგდო და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საბოლოოდ ჯამში, ბურჯანაძემ, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე 27:24 წუთი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

📺 ბექა ბურჯანაძის შედეგიანი შეტევა

ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ კალათბურთელებს – მეტ კოსტელოსა (35 ქულა, 14 მოხსნა) და დემონტე ჰარპერს (18 ქულა, 6 მოხსნა) ჩამორჩა.

გრან კანარიამ 7 მოგება და 6 წაგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე-მერვე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 21 დეკემბერს, სტუმრად, გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები