Thumbnail

ძაგნიძის 35 ქულა მონაკოში - ნანამ გრან პრი წარუმატებლად დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძემ 11 ტურში მხოლოდ 5.0 ქულა მოაგროვა
  • ქართველ მოჭადრაკეს გაისად კიდევ 2 ეტაპი ელის

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2520) წარუმატებლად ითამაშა მსოფლიო გრან პრის მეორე ეტაპზე, რომელსაც მონაკომ უმასპინძლა.

ძაგნიძეს პრესტიჟული ტურნირის 5 ტურის თავზე 3.0 ქულა ჰქონდა და მოწინავეთა შორის იყო, თუმცა, შემდეგ მიჯრით 3 მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში აღმოჩნდა.

საბოლოოდ, ნანამ 11 ტურში 5.0 ქულა მოაგროვა და ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2485) ერთად მეცხრე-მეათე ადგილები გაინაწილა.

შეგახსენებთ, რომ ფიდეს 2019-2020 წლების გრან პრი ოთხი ეტაპისგან შედგება. სექტემბერში პირველ ტურნირს რუსულმა სკოლკოვომ უმასპინძლა (გამარჯვება ინდოელმა ჰამპი კონერუმ იზეიმა) და იქ ნანა ჩასული არ ყოფილა, მესამე და მეოთხე ეტაპებს კი გაისად, ლოზანა (შვეიცარია) და სარდინია (იტალია) მიიღებს.

შეჯიბრში 16 საუკეთესო მოჭადრაკეა ჩართული, რომლებსაც სამ ტურნირში თამაშის უფლება აქვთ, ჯამური ქულებით საუკეთესო 2 მონაწილე კი 2021 წლის პრეტენდენტთა ტურნირში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

მონაკოში ასპარეზობის წყალობით, ძაგნიძემ 35 ქულა გამოიმუშავა და დარჩენილ ორ ეტაპზე ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ლიდერთა შორის მოხვდეს.

გასულ ტურნირზე 7.0-7.0 ქულით პირველობა რუსებმა ალექსანდრა კოსტენიუკმა (2483) და ალეკსანდრა გორიაჩკინამ (2572) და ხსენებულმა კონერუმ (2574) გაინაწილეს და თითოეულ მათგანს 133 ქულა ერგო.

2 ეტაპის ჯამში სწორედ კონერუ ლიდერობს 293 ქულით, მეორეზე გორიაჩკინაა 253 ქულით, მესამეზე კი – კიდევ ერთი რუსი კატერინა ლაჰნო (180). ძაგნიძე ჟაოსთან ერთად მეცამეტე-მეთოთხმეტე პოზიციების იყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები