Thumbnail
  • ილიას ზუროსის გუნდმა სტუმრად ავსტრიის ნაკრებს 14-ქულიანი სხვაობით სძლია.
  • საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მოგება იზეიმა.
  • გიორგი ცინცაძემ მუხლის ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
  • გერმანიამ სერბეთს მოუგო და თბილისში კარგი განწყობით მოდის.

ავსტრია 64:78 საქართველო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო G ჯგუფში მესამე შეხვედრა სტუმრად ავსტრიასთან გამართა და მეტოქე 14-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

ეს ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდის პირველი გამარჯვებაა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში. მანამდე საქართველოს ნაკრებს სტუმრად გერმანიასა (70:79) და სერბეთთან (87:105) ჰქონდა წაგებული. ამ თამაშამდე ჯგუფში ორივე მატჩი წაგებული ჰქონდა ავსტრიასაც.

ვენის მულტიფუნქციურ ცენტრში საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: გიორგი ცინცაძე, მაიკლ დიქსონი, მერაბ ბოქოლიშვილი, ნიკა ცქიტიშვილი და აკაკი დვალიშვილი. ზუროსის გუნდმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო - უკეთესად იცავდა ფარს და შეტევაშიც ზუსტად თამაშობდა. შედეგად კი მასპინლებმა მხოლოდ 5 ქულა მიითვალეს, ქართველებმა კი - 19.

აკაკი დვალიშვილი საქართველოს ნაკრებს 8 ქულით დაეხმარა

მეორე პერიოდში სხვაობამ ჩვენს სასარგებლოდ 21 ქულასაც მიაღწია, თუმცა შემდეგ უპირატესობა დავთმეთ და ტაიმი მხოლოდ 9 ქულით - 40:31 მოვიგეთ. 

დიდი შესვენების შემდეგ მუხლის ტრავმის გამო აღარ უთამაშია გიორგი ცინცაძეს. მოედანზე კი მდგომარეობა არ შეცვლილა - მასპინძლებმა მეორის მსგავსად, მესამე მეოთხედიც მოიგეს და სხვაობა კიდევ უფრო შეამცირეს - 49:55. 

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი მოედანზე საუკეთესო იყო

ილიას ზუროსის გუნდმა მატჩის ბედი პრაქტიკულად შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე განხორციელებული 9-ქულიანი გაქცევის შედეგად გადაწყვიტა, რის შემდეგაც სხვაობამ 13 ქულას მიაღწია. დარჩენილ დროში ქართველმა კალათბურთელებმა უპირატესობა აღარ გაანიავეს და მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმეს.

საქართველოს ნაკრებს ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა მაიკლ დიქსონმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასია. დიქსონმა 6-იდან 2 ორქულიანი, 7-იდან 5 სამქულიანი და 5-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 26 იყო.

გუნდს 12 ქულითა და 8 მოხსნით დაეხმარა გოგა ბითაძე. 10 ქულა ჩააგდო მიხეილ ბერიშვილმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა - 9, ხოლო აკაკი დვალიშვილმა - 8.

ახალგაზრდა გოგა ბითაძე ნაკრებში სტატისტიკას სულ უფრო აუმჯობესებს

ავსტრიელთა რიგებში საუკეთესო თომას კლეპაისი იყო, რომელმაც შეხვედრა 23 ქულით, 2 მოხსნითან და 3 პასით დაასრულა.

ამ შეხვედრაში ავსტრიელებმა 2-ქულიანები 42%-იანი სიზუსტით ისროლეს, როცა ქართველების მაჩვენებელი 47% იყო. მეტოქეზე უკეთესად ვისროლეთ 3-ქულიანებიც - 31% 27%-თან. ავსტრიის ნაკრებმა მხოლოდ საჯარიმოებში გვაჯობა - 80% 71%-თან. 

საქართველოს ნაკრები G ჯგუფში ერთი მოგებით და ორი მარცხით მესამე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, გერმანიის ნაკრებთან ჩაატარებს.

გერმანელებმა შინ სერბეთს ანგარიშით 79:74 სძლიეს და სამი მოგებით ჯგუფს ლიდერობენ. 

ილიას ზუროსი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): 

"მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, კალათბურთელებმა ყველაფერი ჩადეს თამაშში და გამარჯვება იზეიმეს. ყველამ კარგად ითამაშა - როგორც წინა, ისე უკანა ხაზმა. მშვენივრად ითამაშეს ცქიტიშვილმა, ბითაძემ, დვალიშვილმა, ბერიშვილმა, ფაცაციამ. ძალიან დაგვეხმარა ბოქოლიშვილი. სამწუხაროდ, ტრავმის გამო თამაში ვერ დაასრულა ცინცაძემ… განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართველი ქომაგი, რომელიც ყველგანაა, სადაც ნაკრებს სჭირდება".

კომენტარები

ბოლო ამბები