Thumbnail

‘მან საოცრებები აკეთა’ – ბექაური დღის საუკეთესო ძიუდოისტად აღიარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლაშა ბექაურის ჩინებულ გამოსვლას IJF-ს საიტი გამოეხმაურა
  • ქართველმა ძიუდოისტმა მასტერსზე პირველობა არავის დაუთმო

19 წლის ლაშა ბექაურის (90 კგ.) ტრიუმფალურ ასპარეზობას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ვებგვერდი გამოეხმაურა და ის, ჩინეთის ქალაქ ცინდაოში გამართული მასტერსის დასკვნითი დღის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე 5 მეტოქე ჩამოიცილა, თანაც მათი უმეტესობა ტიტულების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა.

ლაშას მიერ ძლეულთა სიაში იყვნენ მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ნოელ ვან’ტ ენდი (ჰოლანდია) და მიკაელ ოზერლერი (თურქეთი) და წონის პირველი ნომერი, შარშანდელი მსოფლიო პირველობის გამარჯვებული ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი).

ლაშას ასპარეზობით აღფრთოვანებული იყო სლოვენიელი სასო სანდიჩიც, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ა კატეგორიის მსაჯია და ამავდროულად, IJF-ს საიტზე ექსპერტის როლს ითავსებს. აი, რა თქვა მან გასული ტურნირის შეფასებისას.

“ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება 19 წლის ქართველმა ლაშა ბექაურმა მოახერხა, რომელიც იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ. ლაშამ საჩემპიონო გზაზე დიდებში ძალიან ტიტულოვან ძიუდოისტებს აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მან საოცრებები აკეთა. წარმომიდგენია, ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრებში 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში რა კონკურენცია იქნება”.

ლაშა ბექაური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე

შეგახსენებთ, რომ ცინდაოს მასტერსამდე რამდენიმე დღის ადრე, ბექაურმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ქართული პოლიციის მიერ მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობდა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

კომენტარები

ბოლო ამბები