Thumbnail

PREVIEW | 'თუ ამაზე ვიფიქრებ, მწარედ ვინანებ' - რეალის ლიდერობის შანსი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 📅 16 დეკემბერი | ⌚ 00:00 | ⚽ ვალენსია V რეალი
  • ზინედინ ზიდანი მატჩის წინ

მას შემდეგ, რაც ერნესტო ვალვერდეს გაწვრთნილმა ბარსელონამ ბასკეთში ორი ქულა დაკარგა (2:2 რეალ სოსიედადთან), ზინედინ ზიდანსა და კომპანიას შანსი გაუჩნდა სეზონის უმთავრეს შეხვედრას პირველ ადგილზე დაუხვდეს.

18 დეკემბერს „კამპ ნოუზე“ ბარსელონა „ელ კლასიკოს“ გამართავს - მადრიდის რეალს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა პოლიტიკური ვნებათაღელვის გამო გადაიდო. ამ მატჩისთვის ბარსას კარგი შანსი ჰქონდა, ლიდერის რანგში დახვედროდა „სამეფო კლუბს“, ახლა კი ამის შანსი რეალს აქვს, მაგრამ არც ვალენსიელთა დამარცხებაა „მესტალიაზე“ იოლი საქმე.

ორივე გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, ვალენსიას მდგომარეობას კი კრიზისი ეთქმის: გუნდს ტრავმების გამო კრისტიანო პიჩინი, გონსალო გედეში, კან-ინ ლი, იასპერ სილესენი, მაქსი გომესი და კევინ გამეირო დააკლდება. ასევე საეჭვოა დენის ჩერიშევისა და ჟოფრეი კონდოგბიას თამაში. კორეელი თინეიჯერის გარდა ყველა ეს ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება. 

რეალს დისკვალიფიკაციის გამო, ფერლან მენდი დააკლდება, ტრავმების გამო კი - მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ლუკას ვასკესი, ედენ აზარი და მარსელო. ამ ფეხბურთელებთან ერთად ვალენსიაც და რეალიც სულ სხვა გუნდი იქნებოდა. 

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): „ბარსელონა ერთი დღით მეტს ისვენებს კლასიკომდე? ვერაფერს გეტყვით, ლა ლიგის კალენდარი ჩემი შედგენილი არ არის. ჩვენ მას ვერ შევცვლით.

ზინედინ ზიდანს კლასიკოზე ფიქრი ჯერ არ სურს

დღეს ჩვენ აქ იმისთვის არ შევკრებილვართ, ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ოთხშაბათს მოხდება. ჩვენი შეკრების მიზანი ხვალინდელი მატჩია. ყოველი მატჩის შემადგენლობას მე ვწყვეტ, ვიცი, რომ კაზემირო მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის. მე თუ ოთხშაბათის მატჩზე ვიფიქრებ, მწარედ ვინანებ - მთავარი ხვალინდელი დაპირისპირებაა“.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-3-3): დომენეკი - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - პარეხო, კოკლენი, სოლერი - ფ. ტორესი, როდრიგო, ვალიეხო

რეალი (4-3-1-2): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - კროოსი, კაზემირო, ვალვერდე - მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ გუნდების ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ რეალს ლა ლიგაში 4-მატჩიან მოგებათა სერია აქვს.

⚽ ვალენსიას „მესტალიაზე“ ბოლო 9 მატჩია, რაც ლა ლიგაში არ წაუგია.

⚽ რეალმა ბოლო 4 ტურში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა. 

⚽ ვალენსია 6 ტურია, რაც არ დამარცხებულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები