Thumbnail

ნეიმარმა ბარსელონას ისევ უჩივლა და ერთი თვის ხელფასს ითხოვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეიმარმა ბარსელონას წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
  • ბრაზილიელი ყოფილი კლუბისგან 3 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი ბარსელონას სასამართლოში უჩივის და კატალონიური გრანდისგან ერთი თვის ხელფასის დავალიანების გადახდას ითხოვს. ინფორმაცია ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო AFP-მ გაავრცელა. “დიახ, ეს სიმართლეა. ბარსელონას წინააღმდეგ ახალი სარჩელია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აღიძრა,” - განუცხადა წყარომ AFP-ს და ამით გაზეთ ‘ელ მუნდოს’ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

27 წლის ნეიმარი, რომელიც 2017 წელს ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში სარეკორდო, 222 მილიონ ევროდ გაიყიდა, კატალონიური გრანდისგან 2017 წლის ივლისის ხელფასის გადახდას ითხოვს - ეს დაახლოებით 3,2 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის შემდეგ, ნეიმარს და ბარსელონას კიდევ ერთი დავა აქვთ, რომელშიც საქმე ეხება ბონუსს 64,4 მილიონი ევროს ოდენობით, რომელსაც ნეიმარს კატალონიელები 2016 წელს დაპირდნენ, როცა მან ბარსასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა. პირველი ნაწილი ბრაზილიელმა კონტრაქტზე ხელმოწერის დროს მიიღო, მეორე ნაწილის გადახდაზე კი ბარსელონამ უარი მას მერე თქვა, რაც გაირკვა, რომ ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში გადადიოდა.

ბრაზილიელი ახლა სწორედ ამ თანხას ითხოვს. ბარსელონას იურისტები ნეიმარს კონტრაქტის გაწყვეტაში ადანაშაულებენ და თანხის გადახდაზე უარს ამბობენ. კატალონიური გრანდი ნეიმარისგან უკვე გადახდილი ნაწილის უკან დაბრუნებასაც ითხოვს და ასევე კომპენსაციას - 8,5 მილიონი ევროს ოდენობით.

კომენტარები

ბოლო ამბები