Thumbnail
  • იუვენტუსის მეკარეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მეტოქედ მადრიდის რეალი სურს
  • 41 წლის იტალიელის თქმით, ეს ორი ფანტასტიკური გუნდის დაპირისპირება იქნება 

ტურინის იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მისი გუნდის სავარაუდო მეტოქეზე ისაუბრა. ტურინელებმა D ჯგუფში ჩატარებული 6 მატჩიდან 5 მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს და ტურნირის ⅛-ფინალში პირველი ადგილით გავიდნენ. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.

საინტერესოა, რომ 41 წლის ლეგენდარულმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში სასურველ მეტოქედ მადრიდის რეალი დაასახელა. 

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში ჯიჯიმ იუვეს კარი მხოლოდ ერთ მატჩში დაიცვა - სტუმრად ლევერკუზენთან

"მადრიდის რეალთან დაპირისპირება ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს. პატივს ვცემ ამ კლუბის ისტორიას და მის ფეხბურთელებს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდა ჩვენი ბოლო დაპირისპირება მადრიდში, რეალთან შეხვედრის პერსპექტივას პოზიტიურად ვუყურებ. მაშინ ჩვენ ხასიათისა და ძალის მაგალითი ვაჩვენეთ. თუკი წილისყრის შედეგად ეს დაპირისპირება ამოვა, ორი ფანტასტიკური გუნდი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება", - აქვეყნებს ჯიჯის ნათქვამს იტალიური მედია.

შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსისა და მადრიდის რეალის ბოლო დაპირისპირება, რომელზეც ბუფონი საუბრობს, ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ¼-ფინალში გაიმართა. ტურინელებმა შინ ანგარიშით 0:3 წაგების შემდეგ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სამი გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ კომპენსირებულ დროში დანიშნული 11-მეტრიანიდან გაშვებული გოლის გამო, ტურნირს მაინც დაემშვიდობნენ. პენალტის ეპიზოდში არბიტრმა მოედნიდან ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა, დარტყმა კი მაშინ რეალში მოთამაშე კრიშტიანო რონალდომ ზუსტად შეასრულა.

📺 ბუფონის გაძევება რეალი-იუვენტუსის მატჩში

მეტი ამ თემაზე: “შენი ადგილი ჯოჯოხეთშია!” რა უთხრა ბუფონმა მსაჯს

ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავს. ლეგენდარულმა მეკარემ მხოლოდ წინა სეზონი გაატარა პარი სენ-ჟერმენში, რის შემდეგაც ტურინულ კლუბს დაუბრუნდა. ბუფონი იუვენტუსთან ერთად სამჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში - 2002/03, 2014/15 და 2016/17 წლების სეზონებში.

კომენტარები

ბოლო ამბები