Thumbnail
  • კლუბები მოთამაშეების შეფასებისას ხშრიდ ცდებიან და გუნდიდან უშვებენ
  • 5 ფეხბურთელი, რომელთა დაბრუნება გუნდებს უფრო ძვირი დაუჯდათ

საფეხბურთო სამყაროს ფეხბურთელების შეფასებისას კლუბების არაერთი შეცდომა ახსოვს. გუნდები ამ მხრივ ხშირად ცდებიან და ფეხბურთელებს სხვა კლუბებში დაბალ ფასად, ან სულ უფასოდაც უშვებენ, შეცდომას კი წლების შემდეგ ხვდებიან და ფეხბურთელების დაბრუნებას ცდილობენ. დაშვებული შეცდომის გამოსწორება მათ გაცილებით ძვირი უჯდებათ. გთავაზობთ ტოპ 5 შემთხვევას, როდესაც კლუბებმა მოთამაშეები უფრო ძვირად დაიბრუნეს, ვიდრე გაუშვეს.   

ჟერარდ პიკე (ბარსელონა)

პიკემ პროფესიონალური კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში დაიწყო

ჟერარდ პიკე ბარსელონას აკადემიის, “ლა მასიას” აღზრდილია, თუმცა პროფესიონალური კარიერა მან მანჩესტერ იუნაიტედში დაიწყო. “იუნაიტედმა მომცა შანსი, ყოველდღიური ურთიერთობა მქონოდა პროფესიონალ მოთამაშეებთან” - განაცხადა ცენტრალურმა მცველმა 2015 წელს. “მაშინ ბარსელონას ფილოსოფია განსხვავებული იყო, უცხოელ ფეხბურთელს უფრო მეტი შანსი ჰქონდა კონტრაქტის დადების, ვიდრე ახალგაზრდული გუნდის წევრს,” - დაამატა პიკემ.

ესპანელმა ინგლისურ კლუბში 4 წელიწადი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ 12 მატჩი ითამაშა. მაშინ, ახალგაზრდა მოთამაშე ძირითად თერთმეტეულში მოსახვედრად იბრძოდა, თუმცა რიო ფერდინანდსა და ნემანია ვიდიჩს კონკურენციას ვერ უწევდა. კატალონიურმა გრანდმა პიკე “წითელ ეშმაკებში” უფასოდ გაუშვა და უკან 2008 წელს, 5 მილიონ ფუნტად დაიბრუნა.

მარკო როისი (დორტმუნდის ბორუსია)

მარკო როისი დორტმუნდის ბორუსიას ერთგული დარჩა

მარკო როისი დორტმუნდის ბორუსიას ახალგაზრდულ გუნდში 1995-დან 2005 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც იგი 17 წლის ასაკში, უფასოდ, როტ ვაისს აალენში აღმოჩნდა. ამის შემდეგ გერმანელმა მიონხენგლადბახის ბორუსიას მიაშურა. დორტმუნდმა შემტევი 2012 წელს, 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიბრუნა.

როისი გუნდის ერთგული აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც კლუბი მიყოლებით დატოვეს მარიო გიოცემ, რობერტ ლევანდოვსკიმ, ილქაი გიუნდოგანმა და მატს ჰუმელსმა, მარკომ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. 30 წლის ფეხბურთელის მიმართ ყველა გულშემატკივარი დიდ პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავს. როისი გუნდის კაპიტანია.

ნიკოლა ანელკა (პსჟ)

ანელკამ კარიერის მანძილზე 12 გუნდში ითამაშა

ანელკას დებიუტი პარი სენ-ჟერმენში 1996 წელს შედგა. ნიჭიერმა ფორვარდმა მალევე მიიქცია ევროპული გრანდების ყურადღება. ფრანგი ლონდონის არსენალმა სულ რაღაც 500 000 ფუნტად იყიდა. ანელკამ ინგლისში 2 სეზონი გაატარა, რის შემდეგაც იგი მადრიდის რეალში აღმოჩნდა. ანელკას ესპანეთში თავის დამკვიდრება გაუჭირდა. მას ლა ლიგის სადებიუტო გოლის გასატანად 7 თვე დასჭირდა. ესპანური გრანდის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ფრანგი დასაჯა და 45 დღე ხელფასის გარეშე დატოვა. “როგორც ძაღლს, ისე მეპყრობიან, მარტო ვარ ყველას წინააღმდეგ,” - ამბობდა ანელკა. 

წარუმატებელი მადრიდული კარიერის შემდეგ, ანელკამ პარიზულ გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა. ფრანგულ გუნდს მოთამაშის დასაბრუნებლად 22 მილიონი ფუნტის გადახდა დასჭირდა. საბოლოოდ, ანელკამ 12 სხვადასხვა გუნდის მაისურით ითამაშა, თუმცა ისეთ დაბალ ფასად, როგორშიც ის პსჟ-მ პირველად გაყიდა, არავის გაუყიდია.

სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

სესკი არსენალის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო

პიკეს მსგავსად, სესკ ფაბრეგასიც ბარსელონას აკადემიის, “ლა მასიას” აღზრდილია, თუმცა ესპანელმა პროფესიული კარიერა ლონდონის არსენალში დაიწყო. სესკი ინგლისურ კლუბში უფასოდ 2003 წელს აღმოჩნდა. ფაბრეგასი, დროთა განმავლობაში, “მეთოფეების” ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა და კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. სესკი ბარსელონაში 2011 წელს, 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაბრუნდა და კლუბში 2014 წლამდე დარჩა, შემდეგ კი კვლავ ინგლისში ამჯერად ლონდონის ჩელსიში დაბრუნდა.

სესკმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2-ჯერ შეძლო ევროპის ჩემპიონატის მოგება (2008, 2012) ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა (2010). ამ დროისთვის, 32 წლის ფეხბურთლი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ მონაკოში ასპარეზობს.

პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი)

პოლ პოგბა იუნაიტედში 2016 წელს დაბრუნდა

პოლ პოგბას მიერ მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება სამართლიანი იყო. ფრანგს სერ ალექს ფერგიუნსონის ხელმძღვანელობით სათამაშო დრო საერთოდ არ ჰქონდა და თავისი ტალანტის გამოვლენას ვერ ახერხებდა. როდესაც გუნდს ნახევარმცველის პრობელმა ჰქონდა, სერ ალექსი პოგბას მაშინაც არ ათამაშებდა და მას ხშირად პოზიციით მცველ რაფაელს ამჯობინებდა. სიტუაციისგან დაღლილმა პოგბამ “წითელი ეშმაკები” 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას უფასოდ დატოვა. “სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ მან პატივისცემა გამოხატა ჩვენს მიმართ” - განაცხადა მაშინ ფერგიმ.

პოლი და მისი აგენტი მინო რაიოლა სხვანაირად ფიქრობდნენ. ტურინის იუვენტუსში გადასვლის შემდეგ ფრანგი უმჯობესდებოდა და ამტკიცებდა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი იყო, რომელსაც უმაღლეს დონეზე თამაში შეეძლო. 2016 წელს იუნაიტედმა პოგბას დაბრუნება გადაწყვიტა, ამისთვის კი კლუბს იმ დროისთვის სარეკორდო თანხის 89 მილიონი ფუნტის გადახდა დასჭირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები