Thumbnail

კონტინენტური საკლუბო ლიგა – ახალი ტურნირი ქართველების გარეშე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და იმედია, შეთანხმებას მივაღწევთ’
  • შეჯიბრში რუსული, რუმინული, გერმანული და ბელგიური კლუბები ჩაებმებიან

2020 წლის აპრილში სტარტს აიღებს ახალი საერთაშორისო ტურნირი – კონტინენტური საკლუბო რაგბის ლიგა, რომელშიც რუსეთის, რუმინეთის, გერმანიისა და ბელგიის წარმომადგენლები იქნებიან ჩართულნი, ქართველები კი მონაწილეთა შორის ვერ მოხვდნენ.

კონტინენტური ლიგის დამაარსებელი ყრილობა პარიზში შედგა, წინ კი მას მსოფლიო რაგბისა და რაგბიევროპის წარმომადგენლებთან კონსულტაციები უძღოდა.

ახალ შეჯიბრში 8 კლუბი ჩაებმება, რომელთაგან შვიდის ვინაობა ცნობილია: ენისეი-სტმ, კრასნი იარი, სლავა, ვვა-პოდმოსკოვიე (ყველა – რუსეთი), ბაია მარე, სტიაუა (ორივე – რუმინეთი) და 1880 ფრანკფურტი (გერმანია).

მე-8 მონაწილე, დიდი ალბათობით, ბელგიის ჩემპიონის ბაზაზე შექმნილი კლუბი იქნება, სარეზერვო ვარიანტად კი რუმინული დინამო ბუქარესტი განიხილება.

შეჯიბრის ფორმატის თანახმად, 2020 წლის აპრილში გუნდები შინ და გარეთ მეოთხედფინალურ მატჩებს ჩაატარებენ, ივნისში ასევე მიმოსვლით ნახევარფინალები იქნება, სექტემბერში ან ოქტომბერში კი, ნეიტრალურ სტადიონზე ფინალია დაგეგმილი.

და სად არიან ამ დროს ქართული კლუბები? ამის შესახებ რუსეთის რაგბის კავშირის კავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კირილ იაშენკოვმა ისაუბრა, რომელიც კონტინენტური ლიგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

“ქართული კლუბების დამატება ჩვენს პრიორიტეტებში შედის. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის დასაწყისში შეთანხმებასაც მივაღწევთ. ქართველების ჩართვა შეჯიბრს განსაკუთრებულ სტატუსს შესძენს”.

იაშენკოვმა კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავი გაამხილა.

“გვინდა, შეჯიბრში ტიმიშოარაც მოვიწვიოთ, რომელიც რუმინეთში ყველაზე სახელოვანი გუნდია. დამატებით ვესაუბრებით ესპანელებს, პორტუგალიელებს, ბელგიელებსა და ჰოლანდიელებს.

ყველაზე მეტად იმით ვართ დაინტერესებული, რომ იტალიელთა ყურადღება მივიპყროთ. მაგალითად, კალვიზანო ჩელენჯ ქაფზე თამაშობს, სადაც სამ ტურში გამარჯვებასთან ახლოსაც კი არ ყოფილა და ბურთების სხვაობა მინუს 125 აქვს.

იტალიელებს უნდა ვკითხოთ, ამგვარი რამ აწყობთ? იქნებ იმ გუნდებთან თამაში ურჩევნიათ, რომლებიც დაახლოებით მათი დონის არიან და ტრიბუნებზეც გაცილებით მეტი მაყურებელი ეყოლებათ”.

კომენტარები

ბოლო ამბები