Thumbnail

რევაზ ჩომახიძე: მიზანი ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატზე თამაშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • "ოლიმპიკში" წყალბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე წარადგინეს.
  • 24 თებერვალს საქართველოს ნაკრები ისრაელს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში უმასპინძლებს. 

24 თებერვალს თბილისის საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში ისრაელს მასპინძლობს. პლეი ოფი ორ-მატჩიანია, საპასუხო მატჩი 3 მარტს ისრაელში გაიმართება. ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული კი ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 

► საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა

რევაზ ჩომახიძის წარდგენა

დღეს "ოლიმპიკზე" საწყლოსნო სახეობების ფედერაციამ გუნდის ახალი მწვრთნელი, ლეგენდარული ქართველი წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე წარადგინა. ჩომახიძემ ნაკრების თავკაცის პოსტზე იოვან პოპოვიჩი შეცვალა.

მართალია, ახალი თავკაცი საზოგადოებას დღეს წარუდგინეს, მაგრამ იგი გუნდს უკვე რამდენიმე თვეა წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა უკვე მიიღო მონაწილეობა ახალ ტურნირში - ევროპის თასზე, სადაც ჯგუფში 1 ფრე ითამაშა და 3 მატჩი წააგო.

თუმცა მთავარი ნაკრებისთვის ისრაელთან დაპირისპირებაა. გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ზედიზედ მესამედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის 33-ე ჩემპიონატი ბარსელონაში 14-28 ივლისს გაიმართება. 

ევროპის 2016 წლის პირველობის შედეგების მიხედვით მონაწილეობა განაღდებული აქვთ: სერბეთს, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, იტალიას, რუსეთს, მონტენეგროსა და ესპანეთს.

დანარჩენი 8 გუნდი პლეი ოფში გაირკვევა. ისრაელი განთესილთა შორის იყო, საქართველო კი განუთესელი. 

ნაკრების ღია ვარჯიში

რევაზ ჩომახიძე: ისრაელს კარგი გუნდი ჰყავს. ინფორმაციებიც მოვიპოვეთ მასზე. ამას წინათ საწვრთნელი შეკრება სერბეთში გაიარეს. მართალია, უმთავრესად, ახალგაზრდული შემადგენლობით ვიასპარეზებთ, მაგრამ პლეი ოფის გადალახვა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს".

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე

ევრო 2014 (უნგრეთი)

საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში 5 მატჩი წააგო: რუმინეთთან - 6:11; საბერძნეთთან - 6:15, იტალიასთან - 5:15; რუსეთთან - 12:16 და მონტენეგროსთან - 2:17.

მე-7 - მე-12 ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ჯერ საფრანგეთთან წააგო - 6:10, შემდეგ რუსეთთან - 8:9 და საბოლოოდ ბოლო, მე-12 ადგილი დაიკავა.

ევრო 2016 (ბელგრადი)

საქართველოს ნაკრებმა C ჯგუფში სამივე მატჩი დათმო - რუმინეთთან - 6:12, გერმანიასთან - 9:11 და იტალიასთან - 1:21.

ნაკრები ჯგუფში მე-4 ადგილზე გავიდა და მერვედფინალში უნგრეთს შეხვდა - 3:14. 

გუნდი მე-9 - მე-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. პოპოვიჩის ნაკრები ჯერ ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა - 9:9 (6:7), შემდეგ მოუგო თურქეთს - 12:11 და წააგო სლოვაკეთთან - 9:10. ნაკრები საბოლოოდ მე-14 ადგილზე გავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები