Thumbnail
  • ტატო გრიგალაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
  • ხვალ, ტატამიზე ექვს ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ

ჩინეთის ქალაქ ცინდაოში მიმდინარე მასტერსში, დღეს, საქართველოს ნაკრების ერთადერთი წევრი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ჩაება, თუმცა, მან ასპარეზობა მალევე დაასრულა.

20 წლის გრიგალაშვილი ტურნირში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაება, სადაც პარიზის გრანდ სლემის წლევანდელ ჩემპიონსა და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან დომინიკ რესელს გადაეყარა.

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც წლეულს ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებული გახლავთ, გერმანელს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 6 წუთის თავზე, “გოლდენ სქორში” დაეცა ვაზარიზე.

აღსანიშნავია, რომ რესელმა მოგვიანებით ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ბელგიელ დომინიკ კასესთან წააგო, მე-3 ადგილისთვის კი, რუს ალან ხუბეცოვთან დაპირისპირება ელის.

სხვათა შორის, გერმანელმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში იტალიელ კრისტიან პარლატის აჯობა, რომელმაც მე-2 რაუნდში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს, ექს-ირანელ საეიდ მოლაეის სძლია. შეგახსენებთ, რომ  ამ უკანასკნელმა მცირე ხნის წინ მონღოლეთის მოქალაქეობა მიიღო და ახალი ქვეყნის სახელით არცთუ წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.

ხვალ, ცინდაოში მასტერსის დასკვნითი დღეა და ტატამიზე ერთბაშად ექვს ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილი ფრანგ აქსელ კლერგეს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, პირველ ნომრად განთესილ ნიკოლოზ შერაზადიშვილს (ესპანეთი) გაეჯიბრება. ბექა ღვინიაშვილი ყაზახ ისლამ ბოზბაიევს დაუპირისპირდება, ლაშა ბექაური კი მე-2 წრეში ლი კოჩმანსა (ისრაელი) და ჰებილიგე ბუს (ჩინეთი) შორის უმჯობესს შეერკინება.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩვენი გუნდის ღირსებას, ტრადიციულად, ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავს. მას პირველი განთესვა აქვს და ტურნირში უნგრელ მიკლოშ სირენიკსთან შერკინებით ჩაებმება.

საქართველოს ღირსებას 2 ძიუდოისტი დაიცავს მძიმე წონაში. გელა ზაალიშვილი სამხრეთკორეელ მინჯონ კიმს გაეჯიბრება, ხოლო ლევან მატიაშვილი – ისრაელის წარმომადგენელ ორ სასონს.

კომენტარები

ბოლო ამბები