Thumbnail

'კახეთი იმსახურებდა გუნდს ეროვნულ ლიგაში' - ინტერვიუ თელავის მწვრთნელთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 3 წლის წინ დაარსებული თელავი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
  • ინტერვიუ კახური გუნდის მთავარ მწვრთნელ რევაზ გოცირიძესთან

პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კახეთის გუნდი ითამაშებს. ეს თელავმა მოახერხა - საფეხბურთო კლუბმა, რომელიც სულ 3 წლის დაარსებულია და რომელსაც 38 წლის მწვრთნელი, რევაზ გოცირიზე უდგას სათავეში. მისი საფეხბურთო კარიერა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ. რევაზმა მწვრთნელის ამპლუაში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და გუნდი ეროვნულ ლიგაში აიყვანა. გოცირიძემ პოპსპორტის კითხვებს უპასუხა... 

popsport: 3 წლის დაარსებული გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში გადასვლა დიდი წარმატებაა. რამ განაპირობა ეს პროგრესი?

გოცირიძე: ამ მიზნისკენ ნაბიჯნაბიჯ მივდიოდით. თუ 2018 წლის სეზონს არ ჩავთვლით, ყოველ წელს ვაღწევდით დასახულ მიზანს და შედეგად, ეროვნულ ლიგაში ამოვედით. ამაში ყველამ შეიტანა წვლილი - კლუბის ხელმძღვანელებით დაწყებული, რიგითი თანამშრომლებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ფეხბურთელებს თავდადებული თამაშისთვის. მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა.

popsport: ელოდით, რომ პლეი ოფში ეროვნული ლიგის გუნდს, რუსთავს ორივე შეხვედრას მოუგებდით?

გოცირიძე: ვინც უყურა თამაშებს, დამეთანხმება, რომ ეროვნულ ლიგაში აღზევებას ვიმსახურებდით. ვერც იმას ვიტყვი, რომ იღბალი იყო ჩვენ მხარეს. პირიქით, პირველ შეხვედრაში 1:0-ის ნაცვლად, 3-4 ბურთის სხვაობით შეგვეძლო მოგება. მთლიანობაში, უფრო ძლიერები ვიყავით და ვიმსახურებდით ამ წარმატებას. ერთ თვე ვემზადებოდით პლეი ოფისთვის და ვსწავლობდით ჩვენ სავარაუდო მეტოქეებს. ვიცოდით, რომ ან რუსთავთან მოგვიწევდა დაპირისპირება, ან სიონთან. ჩვენმა შრომამ გაამართლა.

popsport: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში კახეთის გუნდი ითამაშებს...

გოცირიძე: მთელი კახეთი გახარებულია. გულშემატკივრების გარეშე ვერ მივაღწევდით ასეთ წარმატებას. ვარჯიშებზეც კი გვამხნევებდნენ, რამაც დიდი წვლილი შეიტანა მიზნის მიღწევაში. კახეთი იმსახურებდა უმაღლეს ლიგაში გუნდს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. პირადად ჩემთვის, როგორც დამწყები მწვრთნელისთვის, ეს დიდი წარმატება და დიდი გამოწვევაა. ერთი ვიცი, რომ ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია.

თელავი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
📸 | თელავი

popsport: როგორ ფეხბურთს თამაშობს თელავი და როგორია თქვენი სამწვრთნელო ფილოსოფია?

გოცირიძე: ყველა მწვრთნელს უყვარს ბურთის კონტროლი და შემტევი ფეხბურთი. არც მე ვარ გამონაკლისი და ასე ვთამაშობდით ეროვნულ ლიგა 2-ში. თუმცა, გაცილებით ძლიერ გუნდთან, შესაძლოა, მეორე ნომრად მოგიწიოს თამაში და ეს კარგად მესმის. რაც უფრო ხშირად ვიქნებით შეტევაში, მით უკეთესი, მაგრამ ყოველთვის ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა. კონკრეტული მეტოქიდან გამომდინარე ვადგენთ ტაქტიკას და სტრატეგიას.

popsport: რა არის შემდეგი ნაბიჯი და რა მიზნისთვის იბრძოლებს თელავი ეროვნულ ლიგაში?

გოცირიძე: პირველ რიგში, ეროვნულ ლიგაში ადგილი უნდა დავიმკვიდროთ. ჩვენი თამაშით და ჩვენი სტილით უნდა დავამახსოვროთ თავი გულშემატკივრებს. ერთი ნამდვილად ვიცი: თელავი ამბიციური გუნდი იქნება და არა მაჩანჩალა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

popsport: ეროვნული ლიგისთვის ალბათ შემადგენლობას გააძლიერებთ...

გოცირიძე: ფეხბურთელთა ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება, თუმცა კონკრეტულ პოზიციებზე გაძლიერება საჭიროა. ეროვნულ ლიგაში სხვა სისწრაფეებია, სხვა მოთხოვნებია და ეს კარგად გვესმის. ვეცდებით, გავაძლიეროთ გუნდი.

popsport: თელავში ჩაატარებთ საშინაო მატჩებს?

გოცირიძე: ჩვენი სტადიონი ეროვნული ლიგის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მომავალ წელს ახალი სტადიონის აშენება იგეგმა და იმედია, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. ჩვენი სურვილია, რომ საშინაო მატჩები თელავში, რაგბი არენაზე ჩავატაროთ და იმედია, ასეც იქნება. ეს ყველაფერი იქამდე, სანამ ახალი, საფეხბურთო სტადიონი აშენდება.

popsport: რას პირდებით გულშემატკივრებს შედარებით შორეულ პერსპექტივაში? 

გოცირიძე: როდესაც კლუბი შეიქმნა, პირველი მიზანი ეროვნულ ლიგაში აღზევება იყო. სულ მალე, დავსხდებით და ახალ გეგმებს დავისახავთ, რომლებსაც აუცილებლად გავაცნობთ გულშემატკივრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები