Thumbnail

მინამინო ლივერპულში? კლოპი აპირებს, ბაიერნსა და მარსელს დაასწროს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იაპონელი ფეხბურთელი ზალცბურგის ერთ-ერთი ლიდერია
  • ტაკუმი მინამინომ თავი ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა

ინგლისურმა ლივერპულმა ავსტრიული ზალცბურგისა და იაპონიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტაკუმი მინამინოს ტრანსფერი შეათანახმა. ამ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მერსისაიდელები 24 წლის აზიელი თავდამსხმელის გადაბირებას უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავენ.

ინგლისური გუნდი აპირებს მინამინოს კონტრაქტის იმ პუნქტით ისარგებლოს, სადაც წერია, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვის თანხა მხოლოდ 8 მილიონი ევროა.

ლივერპულისთვის ზალცბურგთან თანამშრომლობა უცხო ნამდვილად არაა. სწორედ ამ ავსტრიულ კლუბში უთამაშიათ მერსისაიდელთა მოქმედ წევრებს სადიო მანესა და ნაბი კეიტას.

ინგლისელები აპირებენ მინამინოს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და დაასწრონ ფრანგულ მარსელსა და მიუნხენის ბაიერნს, რომლებიც იაპონელს ასევე აკვირდებიან.

ცნობისთვის, მინამინოს ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 5 გოლი და 5 საგოლე პასია.

ტაკუმი ზალცბურგელებს 2015 წელს სერეზო ოსაკადან შეუერთდა და ჯამში 129 შეხვედრაში 41 გოლი აქვს გატანილი.

იაპონელმა ფეხბურთელმა ლივერპულის ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიიპყრო, სადაც იურგენ კლოპის შეგირდების წინააღმდეგ გამართულ ორივე მატჩში ძალიან აქტიური გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები