Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოსთვის ეს სეზონი პრობლემურია
  • რა შეიცვალა წინა სეზონთან შედარებით და რას უნდა ველოდოთ

რამდენიმე დღის წინ, იუვენტუსმა პაულო დიბალას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. არადა, ზაფხულში, იუვე არგენტინელის გაყიდვას ცდილობდა. საფეხბურთო მენეჯმენტის ენაზე ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - იმის შანსი, რომ შემდეგ წელს კრიშტიანო იუვედან წავიდეს, ძალიან დიდია. რატომ ცვლიან რონალდოს, რატომ ნიშნავს დიბალას ახალი კონტრაქტი რონალდოს წასვლას და საერთოდ, როგორ თამაშობს ამ სეზონში კრიშტიანო - ეს ყველაფერი პოპსპორტის ანალიტიკურ სტატიაში.

კრიშტიანოს პრობლემა

კრიშტიანო რონალდომ რომ ეს სეზონი ისე ვერ დაიწყო, როგორც უნდოდა, ეს ამბავი არახალია. სეზონის სტარტზე კრიშტიანოს 18 თამაშში 9 გოლი აქვს შეგდებული (თამაშში 0.5 გოლი), რაც ცუდი შედეგი არ არის, თუმცა კრიშტიანოს მასშტაბით, არცთუ ისე ბევრია. გასულ სეზონში რონალდოს 39 თამაშში 27 გოლი ჰქონდა შეგდებული, რაც თამაშში 0.7 გოლს ნიშნავს.

გოლების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. თუ გადავხედავთ უფრო ობიექტურ კატეგორიას - კარში დარტყმებს - ვნახავთ, რომ კრიშტიანო ძველებურად კარგად გადის დასარტყმელ პოზიციებზე და მისი დარტყმების რაოდენობა არ შეცვლილა. ბოლო სეზონებში იგი სტაბილურად თამაშში 5-6 დარტყმას ასრულებს. შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით კი ცვლილება საერთოდ არ არის, კრიშტიანოს წელსაც თამაშში ზუსტად 5.7 დარტყმა აქვს შესრულებული.

კრიშტიანოს დარტყმების სტატისტიკა - ბოლო 4 სეზონი

მეორე კატეგორია, რომელიც კრიშტიანოს დარტყმების დისტანციას შეისწავლის, ასევე გვეუბნება, რომ კრიშტიანოს, როგორც ბომბარდირის თამაში, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მისი დარტყმების დისტანცია შარშანდელ სეზონთან შედარებით დაახლოებით იდენტურია. ანუ კრიშტიანოს არამხოლოდ დარტყმების იგივე რაოდენობა აქვს, არამედ იგივე დისტანციები და ზონები.

ერთ თამაშში რონალდოს დარტყმების დისტანცია

მისი შედეგიანობის ვარდნა ცუდი და დაბალპროცენტიანი დარტყმებით არ უნდა აიხსნას. მხოლოდ რეალიზაციის პრობლემაა. რეალიზაცია საფეხბურთო სტატისტიკაში ყველაზე ნაკლებად ლოგიკური კატეგორიაა - რამდენიმე სანტიმეტრი იქით, ან აქეთ და გოლი გადის, ან არ გადის. ვინც იუვეს თამაშებს სტაბილურად უყურებს, დამეთანხმება, რომ სეზონის სტარტზე კრიშტიანოს მეტოქის კარის წინ ხშირად არ უმართლებდა. ანუ, მისი შედეგიანობა აუცილებლად გაიზრდება, თუმცა იუვენტუსის მწვრთნელი მაურიციო სარი მართალი იყო, როდესაც მას ცვლიდა. რატომ?! ამაზე ცოტა ქვემოთ.

რა გაუარესდა კრიშტიანოს თამაშში?

ფეხბურთი მხოლოდ გოლების შეგდება არ არის. კრიშტიანო ამ სეზონის სტარტზე ცუდად იმიტომ კი არ გამოიყურება, რომ ცოტა ნაკლები გოლები გააქვს, არამედ იმიტომ, რომ გუნდის თამაშში ნაკლებად არის ჩართული, ნაკლებად დინამიური და ინტენსიურია.

„მოედანზე ის დადის“ - რამდენჯერმე მომხვდა ყურში ეს ფრაზა იტალიელი ექსპერტების კრიტიკის დროს. ანუ, ამ სეზონის სტარტზე კრიშტიანოს უპირველესად, როგორც არა ბომბარდირის და გოლეადორის, არამედ როგორც ფეხბურთელის თამაში გაუარესდა. ისევ და ისევ, ვინც იუვეს ხშირად უყურებს, დამეთანხმება, რომ სეზონის სტარტზე ბევრი თამაში იყო, როდესაც რონალდოს იუვეს საუკეთესო ფეხბურთელების რიცხვში არ შედიოდა.

სწორედ ამიტომ გარისკა სარიმ მისი ცვლილება ორჯერ - მილანთან და ლოკომოტივთან. კრიშტიანოს გასვლის შემდეგ, იუვეს თამაში ორივე შემთხვევაში უკეთესი, უფრო დინამიური და უფრო სახიფათო გახდა. ორივეჯერ, იუვეს თამაში სწორედ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოაგებინეს. კრიშტიანოს შეცვლა არ მოეწონა და მინისკანდალიც მივიღეთ.

წინა კვირას პირიქით მოხდა - იუვე სასუოლოს ვერ უგებდა. სარის ცვლილების გაკეთება სურდა - მან უკეთესად მოთამაშე იგუაინი გაიყვანა და ინერტული კრიშტიანო დატოვა. ცვლილების შემდეგ იუვეს თამაშში მხოლოდ გაუარესდა და სარის ამის გამო კრიტიკა შეხვდა. მან კრიშტიანოს კიდევ ერთხელ შეცვლას თავი აარიდა, ეს კი გუნდის თამაშზე აისახა.

იუვე თამაშს კრიშტიანოზე ვერ ააწყობს

როგორც აღვნიშნე, კრიშტიანოს შედეგიანობა მოიმატებს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი გუნდურ თამაშში ჩართულობის ხარისხი გაუმჯობესდეს. მისი რეგრესი რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას: რონალდო 30 წელს დიდი ხანია გადაცდა და მისი ფიზიკური მონაცემები ლოგიკურია, რომ გაუარესდეს. შესაბამისად, რონალდოს ნაკლებ ენერგიას ხარჯავს მეტოქის საჯარიმოს მიღმა, მოედნის სხვა მონაკვეთებზე თამაშში.

ამ სეზონის სტარტზე, რონალდომ ორი ისეთი განცხადება გააკეთა, რომლითაც, ფაქტობრივად, აღიარა, რომ მისი კარიერის დასასრული ახლოსაა: ჯერ მან აღნიშნა, რომ მალე ფეხბურთის შემდეგ ბიზნესში აპირებს წარმატებული კარიერის გაკეთებას. შემდეგ კი განაცხადა, რომ მისი ნება რომ იყოს, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში და პორტუგალიის ნაკრებში ითამაშებდა. ანუ, მას კვირიდან კვირამდე რომელიმე სასუოლოს, ან პარმას წინააღმდეგ თამაშის ბევრი მოტივაცია აღარ დარჩა და მხოლოდ დიდი თამაშები აინტერესებს. პრობლემა ის არის, რომ თამაშების უმრავლესობას იუვე სწორედ პარმას ან სასულოს ტიპის გუნდებთან თამაშობს.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

ამ ტიპის კრიშტიანო, რომელიც მხოლოდ გოლეადორია და გუნდის დანარჩენ თამაშში ნაკლებად ერთვება, იუვესგან იმას მოითხოვს, რომ სარიმ მთელი თამაში მასზე ააწყოს (რეალის სცენარი). სწორედ ასე მოიქცა გასულ სეზონში მასიმილიანო ალეგრი (ამაზე ქვემოთ). ეს არ გამოვა, რადგან ამ შემთხვევაში კრიშტიანოს შედეგიანობა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს და დაახლოებით თამაშში 1 გოლამდე ავიდეს, რაც მისი კარიერის ამ ეტაპზე, დაცვით და ძალისმიერ იტალიის ჩემპიონატში და იუვეს ტიპის გუნდში ნაკლებად დამაჯერებლია მოხდეს და იმიტომაც, რომ წელს იუვეს ორი სხვა თავდამსხმელი - დიბალა და იგუაინი - ძალიან კარგად თამაშობს და სარი მათ კრიშტიანოს მსხვერპლად ვერ შეწირავს.

სერია A-ში რონალდოს 12 თამაშში 7 გოლი აქვს შეგდებული, აქედან 3 პენალტი. დიბალას და იგუაინს 9-9 თამაში აქვთ ჩატარებული და თამაშიდან მათაც 4-4 გოლი აქვთ შეგდებული. სეზონის სტარტზე ეს ფეხბურთელები უფრო ცოტას თამაშობენ, მათ უფრო ხშირად ცვლიან, თუმცა მაინც უფრო მეტი გააქვთ (არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ გუნდურ თამაშს ისინი უფრო მეტად ეხმარებიან).

ორივე მათგანს უფრო ცოტა წუთი სჭირდება თამაშიდან (პენალტების გარეშე) გოლის გასატანად.

დიბალას პრობლემა

ზემოთ აღვნიშნე, რომ შარშან ალეგრიმ თამაში მთლიანად რონალდოზე ააწყო. ამას პაულო დიბალა შეეწირა. რონალდოს მთელი მისი კარიერის მანძილზე ძალიან უყვარს, როდესაც მის წინ იმ ტიპის ფორვარდი თამაშობს, რომელიც მას ეხმარება - იქცევს მცველების ყურადღებას, გაყავს ისინი პოზიციებიდან, თავის თავზე იღებს შავ სამუშაოს (ორთაბრძოლები, პრესინგი ა.შ.). რეალში ასეთი ქარიმ ბენზემა იყო, შარშანდელ იუვენტუსში კი - მარიო მანჯუკიჩი. მანჯუკიჩი-რონალდოს დუეტმა ის გამოიწვია, რომ გასულ სეზონში პაულო დიბალას თავის ჩვეულებრივ პოზიციაზე და ზონებზე უფრო უკან, მოედნის სიღრმეში თამაში უწევდა. დიბალას ეს არც მოსწონდა და არც გამოდიოდა. შედეგად, სეზონის მეორე ნახევარში მან ძირითადში მყარი ადგილიც დაკარგა და ალეგრის დარჩენის შემთხვევაში მისი გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი იყო.

სარის ფეხბურთში ათლეტური და სტატიკური მანჯუკიჩის ადგილი არ არის. იგი გონსალო იგუაინმა ჩაანაცვლა, რომელსაც კრიშტიანოს დამხმარე ფორვარდის როლის მორგება კი შეუძლია, თუმცა მანჯუკიჩთან შედარებით, უფრო ინდივიდუალისტია.

პაულო დიბალა კი ამ სეზონის პირველ ნახევარში ერთმნიშვნელოვნად იუვეს საუკეთესო მოთამაშეა. მასთან ერთად იუვეს თამაში უფრო მწვავე და დინამიურია. სტატისტიკური გამოთვლებით, ყველაზე მეტი ქულა ამ სეზონში იუვეს სწორედ დიბალამ მოუტანა. ლევერკუზენთან ბოლო შეხვედრაშიც იგივე მოხდა - დიბალა შეცვლაზე შემოვიდა, იუვეს თამაში მაშინვე უფრო სახიფათო გახდა და სწორედ არგენტინელის ორმა საგოლე პასმა შექმნა კრიშტიანოს და იგუაინის გოლები.

ამავე დროს, თუ შევხედავთ იუვეს ფორვარდების კარში დარტყმების სტატისტიკას, დიბალაც და იგუაინიც კრიშტიანოზე იშვიათად არტყამენ, თუმცა თამაშიდან გოლები ნაკლებად არ გააქვთ.

დიბალა-რონალდო არ გამოდის

სარი დილემის წინაშეა - ასეთი დიბალას სკამზე დასმა არ გამოდის. თუმცა, დიბალა იმ ტიპის ფორვარდია, რომელიც კრიშტიანოსთან ერთად არ თამაშობს ხოლმე. დიბალას არ უყვარს მეტოქის კარიდან ზურგით თამაში და კრიშტიანოსთვის ბურთის დატოვება და გათამაშება, რასაც მანჯუკიჩი და იგუაინი აკეთებენ, მას არც მცველების გაყვანა ეხერხება და არც შავი სამუშაოს შესრულება. დიბალასაც, რონალდოს მსგავსად, მოედნის სიღრმიდან, ან ფლანგიდან უყვარს შეტევაში ჩართვა. მოკლედ, დიბალა კრიშტიანოს დამხმარე ფორვარდად ვერ გამოდგება. ეს დუეტი არ არსებობს.

სწორედ ამიტომ, ორივე მათგანი უკეთესად გამოიყურება, როდესაც იგუაინთან ერთად წყვილში თამაშობს.

კიდევ უფრო უტოპიურია ამ სამივე მოთამაშის სტაბილურად ერთად თამაში. მანჯუკიჩისგან განსხვავებით, იგუაინს პრესინგი და დაცვის დახმარება არ ეხერხება, ამას არც რონალდო აკეთებს და არც დიბალა. ასე რომ, ამ სამეულით გამოდის, რომ იუვეს ერთდროულად სამი მოთამაშე ჰყავს, რომელიც არც ნახევარდაცვას ეხმარება და არც პრესინგში მონაწილეობს. ასე თამაშის უფლება იუვეს მხოლოდ იმ ტიპის აუტსაიდერებთან აქვს, რომლებთანაც ძალიან დიდი უპირატესობის გამო კონტრშეტევების არ ეშინია.

'თუკი ბარში ვზივარ და მეგობრებთან ერთად ვსვამ, მაშინ დიბალა-რონალდო-იგუაინის ტრიო მომწონს, მაგრამ, როგორც მწვრთნელს, ბევრი კითხები მაქვს!' - მაურიციო სარი

სტაბილურად ამ ტრიოთი თამაში, მით უმეტეს, მაღალი კლასის მეტოქეების წინააღმდეგ შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, სარი ფორვარდების უკან ამჯობინებს, დუგლას კოშტა ან ბერნარდესკი ჰყავდეს - ასე იქცეოდა ალეგრიც.

დასკვნა - რა უნდა ქნას სარიმ?

სარი დილემის წინაშეა. მას ამ საკითხის ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტა არ შეუძლია - იგი სკამზე ვერც დიბალას დასვამს და მით უმეტეს, ვერც რონალდოს, სტაბილურად არც რონალდო-დიბალა-იგუაინის ტრიოთი თამაში გამოვა. ნაკლებია იმის შანსი, რომ დიბალა-რონალდოს დუეტიც ეფექტურ წყვილად იქცეს. თუკი დიბალა ასე გააგრძელებს, დიდია იმის შანსი, რომ მომავლის იუვეს ლიდერად გუნდის მენეჯმენტმა სწორედ იგი მოიაზროს. ამას ადასტურებს ახალი კონტრაქტის შეთავაზების ფაქტიც. ამ შემთხვევაში, კრიშტიანო, რომელსაც კონტრაქტით კიდევ ორი წელი დარჩა - სავარაუდოდ, ამ სეზონის შემდეგ (ან გარანტირებულად კიდევ ერთი წლის შემდეგ) წავა.

ამ სეზონში კი სარის სხვა ოპცია არ აქვს - მან როტაციას უნდა მიმართოს: სუსტი მეტოქეების წინააღმდეგ შეუძლია, ერთდროულად სამივეს ენდოს, შეცვალოს თავდასხმის წყვილები მეტოქეების მიხედვით და გაანაწილოს დრო. იგი ამ გზით წასვლას ეცადა და ეს გზა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კრიშტიანო შეუცვლელი მოთამაშე ვერ იქნება - ის როტაციის ნაწილი უნდა იყოს. შეუცვლელი იუვენტუსისთვის კრიშტიანო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში იქნება - იქ, სადაც მან ყველაზე უკეთ იცის თამაში. იქამდე კი, სარიმ და გუნდის ხელმძღვანელობამ კრიშტიანომდე უნდა მიიტანოს მესიჯი, რომ როტაცია მასაც ეხება. თუ პორტუგალიელი ამ ფაქტს არ მიიღებს, მაშინ სკანდალები კიდევ გველის და ეს სეზონი ცუდად დამთავრდება, როგორც იუვენტუსისთვის, ასევე კრიშტიანოსთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები