Thumbnail
  • 📅 12 დეკემბერი | ⌚ 22:00 | 🏀 ცრვენა ზვეზდა V ბასკონია
  • ოგნიენ კუზმიჩის თქმით, ბასკონიას თამაში თორნიკე შენგელიაზეა აწყობილი

ბელგრადის ცრვენა ზვეზდას ცენტრმა ოგნიენ კუზმიჩმა ესპანურ ბასკონიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ საფრთხეს თორნიკე შენგელიასგან ელის.

შეგახსენებთ, რომ სერბულ-ესპანური დაპირისპირება “შტარკ არენაზე”, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, ფავორიტებად კი ბელგრადელები მიიჩნევიან, რომლებიც შინაურ კედლებში ყოველთვის ძლიერად თამაშობენ.

კუზმიჩი, რომელსაც 2 სეზონი გოლდენ სტეიტ უორიორსში აქვს გატარებული, ცრვენა ზვეზდას წლეულს, მადრიდის რეალიდან დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში 12-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სერბულ კლუბს ესპანურის მსგავსად 5 მოგება აქვს და გასაკვირი არაა, რომ გუნდები სატურნირო ცხრილშიც მეზობლად არიან. ცრვენა ზვეზდა მეათეზეა, ბასკონია კი – მეთერთმეტეზე.

ოგნიენ კუზმიჩმა მიმდინარე სეზონში ევროლიგის 12-ვე მატჩში ითამაშა

“ბასკონიას სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. მათი მწვრთნელი ველიმირ პერასოვიჩი სერბულ კალათბურთს კარგად იცნობს და უდავოა, რომ ამას გამოიყენებს.

ბასკურ გუნდს მიმდინარე სეზონში არცთუ კარგი შედეგები აქვს, თუმცა, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგანაც მათ სოლიდური შემადგენლობა ჰყავთ.

უდავოა, რომ მათ რიგებში მთავარი კაცი შენგელიაა. თორნიკე ბასკონიას ღორსებას დიდი ხანია იცავს და შეიძლება ითქვას, რომ გუნდის თამაში მასზეა აწყობილი.

კარგად გამოიყურებიან ჰენრი და შილდსი, ასევე სტაუსკასი, რომელსაც NBA-ში არაერთი სეზონი აქვს გატარებული.

ერიკმა დარუშაფაკასთან ერთად ევროთასი მოიგო და დიოპი და ფოლიც ძლიერი მაღლები არიან.

მეტოქის სნაიპერებიდან ჯენინგს გამოვყოფდი, რომელსაც თუ სროლა წაუვიდა, შეიძლება, სასწაულები აკეთოს.

ამ ფონზე ჩვენი ქომაგის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმედია, დარბაზი ტრადიციულად სავსე იქნება”, - აღნიშნა კუზმიჩმა.

ცნობისთვის, შენგელია ბასკონიას ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში აქვს დაწყებული.

ქართველ ფორვარდს მინიმუმ 10 ქულა ზედიზედ 13 შეხვედრაში აქვს მოგროვებული, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი ორნიშნა რიცხვით მიჯრით 11 მატჩში გამოისახება, მინიმუმ 1 სამქულიანი კი ბოლო 11-დან 10 თამაშში აქვს ჩაგდებული.

შენგელიას საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტით (21.5) ევროლიგაში მეორეა, ქულების (18.8) მხრივ მეხუთეა, მოხსნებში (6.0) კი – მეშვიდე.

კომენტარები

ბოლო ამბები