Thumbnail

ლევან საგინაშვილი: დღეს უძლიერესი ვარ და ყველას ჩემთან სურს შეხვედრა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ინტერვიუ ლევან საგინაშვილთან, რომელმაც ტოპ 8-ში პირველი ადგილი დაიკავა
  • დღეს, 'ქართველი ჰალკი' მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლევან საგინაშვილი, იგივე 'ქართველი ჰალკი' მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია. ლევანმა ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ტოპ 8-ში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. ჰალკმა ყველა მეტოქე 6:0 დაამარცხა - მათ შორის რუსი ვიტალი ლალეტინი, რომელსაც ფინალში დაუპირისპირდა. ლევან საგინაშვილმა პოპსპორტთან ინტერვიუში მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა... 

popsport: მკლავჭიდში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ტოპ 8 მოიგე, ფინალში კი რუსი მეტოქე, ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხე. თუ ელოდი ასეთ ადვილ გამარჯვებას და როგორია შენი შთაბეჭდილებები?

საგინაშვილი: გამარჯვებას ველოდი, მაგრამ არა ასეთი დიდი უპირატესობით. პირველსავე დაპირისპირებისას მივხვდი, რომ ჩემპიონი გავხდებოდი, რადგან მეტოქემ მთელი ძალები დახარჯა. ვიგრძენი, რომ როგორც ძალაში, ისე გამძლეობაშიც, დიდი უპირატესობა მქონდა.

popsport: ტოპ 8-ში მსოფლიოს უძლიერეს მკლავჭიდელებს შეხვდი და ყველა ორთაბრძოლა მოგებით დაასრულე. რამ განაპირობა ასეთი დომინირება?

საგინაშვილი: რაც პროფესიონალებში გადავედი, ერთხელაც არ დავმარცხებულვარ. ტოპ 8 იმდენად აღემატება მსოფლიოს ჩემპიონატს, როგორც მაგალითად ინგლისის პრემიერლიგა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს. ამიტომ, არ ვიცოდი რა მელოდა წინ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ყველა მეტოქე 6:0 დავამარცხე. სხვა კომერციული ტურნირებისგან განსხვავებით, ეს შეჯიბრი მთელი წელი გაგრძელდა და იდეალურად იყო ორგანიზებული. დიდი გამოცდილება მივიღე.

წაიკითხე: ჰალკმა TOP 8 მოიგო! ქართველმა მკლავჭიდელმა ფინალში რუსი მეტოქე 6:0 დაამარცხა

popsport: ფინალში რუსს შეხვდი, რაც ალბათ დამატებითი სტიმული იყო... 

საგინაშვილი: ვიტალი ლალეტინი ჩემს შემდეგ მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია. ისიც მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონია, ტოპ 8-ში კი ფინალამდე ყველა მეტიქეს 6:0 მოუგო. მაღალი, უხერხული ხელი აქვს და ბევრს ფინალშიც ფავორიტად მიაჩნდა. რუსი მეტოქე ნამდვილად იყო დამატებითი სტიმული. მით უმეტეს, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და სოციალურ ქსელში შეურაცხყოფასაც კი მაყენებდნენ. როგორც ნახეთ, დამაჯერებლად მოვიგე. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემდეგ, არაერთი რუსი მოვიდა და მითხრა, რომ ფინალში მე მგულშემატკივრობდნენ.

    popsport: 6:0 მეტოქესთან, რომელსაც თავის მხრივ, ყველა დუელი 6:0 ჰქონდა მოგებული. საიდან მოდის ეს ფენომენალური ძალა?

    საგინაშვილი: ბუნებრივი მონაცემები ბევრს ნიშნავს და მადლობა ღმერთს, ეს არ მაკლია. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თავდაუზოგავი ვარჯიში და თავდადება მიზნისკენ მიმავალ გზაზე. როდესაც ტოპ 8-ში საასპარეზოდ ვემზადებოდი, ყველაფერზე უარი ვთქვი. დარბაზი და სახლი - ეს იყო ჩემი ცხოვრება. საბედნიეროდ, დამიფასდა.

    popsport: აქამდე, მსოფლიოს უძლიერეს მკლავჭიდელად დენის ციპლენკოვი მიიჩნეოდა, რომელთანაც ძალიან გინდოდა დაპირისპირება. რა ვითარებაა ამ მხრივ?

    საგინაშვილი: დენისი ტოპ 8-ს ფინალში ვიტალი ლალეტინის სეკუნდანტი იყო, ეხმარებოდა და რჩევებს აძლევდა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ექიმებისგან აკრძალული აქვს ვარჯიში. ზაფხულში ექნება გამოკვლევები და გაირკვევა, გააგრძელებს თუ არა სპორტულ კარიერას. თუ ექიმები ამის უფლებას მისცემენ, ერთ წელიწადში ქამრისთვის დავუპირისპირდებით ერთმანეთს. მარცხენა ხელში მსოფლიოს ჩემპიონია და იმედია, მომეცემა შანსი ამ ქამარში შევეცილო. ეს იქნება ვენდეტა, ანუ 6-რაუნდიანი დაპირისპირება. ადრე განსაკუთრებულად მინდოდა დენისთან დაპირისპირება, მაგრამ დღეს მე ვარ მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი და ვფიქრობ, პირიქით არის, უკვე აქეთ უნდათ ჩემთან გაჯიბრება. 

    ლევან საგინაშვილი მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია

    popsport: მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი ხარ. რა არის შემდეგი ნაბიჯი?

    საგინაშვილი: ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე აღარ ვაპირებ გამოსვლას, რადგან ეს ეტაპი ჩემ კარიერაში უკვე ჩავლილია. მომავალ წელს, მთავარი მიზანი ისევ ტოპ 8-ში გამარჯვებაა, რომელსაც ორი მონაწილე დააკლდება და ორი ახალი დაემატება. იმედია, დენის ციპლენკოვთანაც მომეცემა შეხვედრის საშუალება. სხვა გეგმები და მიზნები არ მაქვს.

    popsport: რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში შენ წარმატებას?

    საგინაშვილი: ხალხისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა და სითბო ვიგრძენი. აეროპორტშიც ბევრი გულშემატკივარი დამხვდა, სოციალურ ქსელში კი იმდენი შეტყობინება მივიღე, რომ ყველას ფიზიკურად ვერ ვუპასუხე. მკლავჭიდის ფედერაციიდანაც მომილოცეს. სპორტის სამინისტროდან და სახელმწიფო უწყებებიდან არავის დაურეკავს და შესაბამისად, არც მოულოციათ.

    📋 მეტი ამ თემაზე

    კომენტარები

    ბოლო ამბები