Thumbnail

სამწამიანის მეფე – ლიგა ენდესა შერმადინის დიდებულ სეზონს გამოეხმაურა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა ვრცელი სტატია მიუძღვნა გიორგი შერმადინს, რომელსაც კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი ცენტრი უმთავრეს სტატისტიკურ კომპონენტებში ლიგა ენდესას ლიდერთა შორის იმყოფება და ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულზეც პრეტენზიას აცხადებს.

💪 💛 🖤 Luces, cámara... ¡MVP! ➡️ http://bit.ly/2Yvz9jh 🔘 Gio Shermadini, "Jugador de la Jornada 12" en la Liga Endesa, junto a Jaime Fernández, del Unicaja.

Posted by Club Baloncesto 1939 Canarias on კვირა, 08 დეკემბერი, 2019

ერთადერთი, ვინც მიროტიჩს ლიდერობას ეცილება

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას ვარსკვლავი ნიკოლა მიროტიჩი საოცარ სეზონს ატარებს, გიორგი შერმადინი დანებებას არ აპირებს. პოდგორიცელი კალათბურთელის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 25.5-ს უტოლდება და ეს, დიდებული შედეგია, თუმცა, შორს არც ქართველია – 24.3.

შერმადინისთვის აღნიშნულ ასპექტში სოლიდური რიცხვები ჩვეულებრივი რამაა. ჩემპიონატის 12-დან 9 მატჩში მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს აჭარბებდა.

მე-4 ბომბარდირთა დავაში

შერმადინს მისი ესპანური კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი სეზონი აქვს: საშუალოდ 18.2 ქულა. გიორგიმ 10 ქულაზე ნაკლები მხოლოდ ერთ შეხვედრაში ჩააგდო, 8 მატჩში კი 18-დან 25 ქულამდე შუალედში ტრიალებდა.

ქართველ ლეგიონერზე წინ მხოლოდ კლემენ პრეპელიჩი (საშუალოდ 21.6 ქულა), ასკია ბუკერი (20.5) და ხსენებული მიროტიჩი (20.2) არიან.

გიორგი შერმადინი იბეროსტარ ტენერიფეს ჩინებულად შეეწყო

სამწამიანის მეფე

შერმადინს ბადალი არ ჰყავს ფარვეშ ბრძოლისას, საიდანაც ის საშუალოდ 6.9 ორქულიანს აგდებს. ეს ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია და მასთან ახლოს მხოლოდ დეიან კრავიჩია (6.0), მესამეადგილოსანი დევიდ კრავიში (4.9) კი ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩება.

ქართველ კალათბურთელს 12 მატჩში 83 ორქულიანი აქვს ჩაგდებული და თანაც, დიდებული პროცენტული მაჩვენებლით (69.7%) ესვრის. გიორგი ამ მხრივ ხავიერ ბეირანს (79.4%), იუსუფა ფოლს (76.3%), ემანუელ კატეს (73.8%), ჯონ შურნასა (73.0%) და ვალტერ ტავარეშს (71.4%) ჩამორჩება, თუმცა, ხუთივე ეს კალათბურთელი გაცილებით ნაკლებ ორქულიანს (საშუალოდ 3.1/4.1-ის ფარგლებში) ესვრის.

მოხსნებს მაგნიტივით იზიდავს

თითქოს აღნიშნული საკმარისი არ იყოს, შერმადინი კიდევ ერთ კომპონენტშია გამორჩეული. ის საშუალოდ 6.6 მოხსნას აგროვებს, რაც ლიგა ენდესაში მე-6 მაჩვენებელია.

გიორგიზე წინ მხოლოდ ალენ ომიჩი (8.3), ონდრეი ბალვინი (7.7), ეარლ კლარკი (7.3), ტავარეში (7.3) და აუგუსტო ლიმა (6.8) არიან. 

ამას გარდა, ქართველი გოგანტი ტოპ-ათეულშია როგორც ცალკე – დაცვით (მე-7), ასევე შეტევაში (მე-8) მოხსნებში.

ქართველი ცენტრი მიმდინარე სეზონში შეუჩერებელია

პლუს ამას...

შერმადინი რომ იბეროსტარ ტენერიფეს აშკარა ლიდერია, ერთი სტატისტიკური მაჩვენებელიც მოწმობს. გუნდში სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით მე-2 მაჩვენებელი (14.1) ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს აქვს, რომელსაც გიორგის მონაგარი მთელი 10 პუნქტით აღემატება.

ამას გარდა, ქართველ კალათბურთელზე თამაშის წესებს საშუალოდ 5.2-ჯერ არღვევენ და ის, თანამემამულე თორნიკე შენგელიასთან ერთად, ლიგაში მე-3 პოზიციას ინაწილებს, ამ მხრივ ლიდერები კი პრეპელიჩი (საშუალოდ 6.4) და მიროტიჩი (5.9) არიან.

გაორმაგებული მაჩვენებლები

გიორგი შერმადინმა გასულ სეზონთან შედარებით, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გააორმაგა და ეს, ფანტასტიური პროგრესია.

ქართველ ცენტრს უნიკახაში საშუალოდ 9.5 ქულა ჰქონდა, ახლა კი, 18.2-ზე ავიდა, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 12.3-დან 24.3 გახდა. წინსვლაა სხვა კომპონენტებშიც: საჯარიმოები – 82.8%-დან 83.8%-მდე, ზუსტი ორქულიანები – 63.3%-დან 69.8%-მდე, მოხსნები – 4.7-დან 6.6-მდე, პასები – 0.6-დან 1.8-მდე, ბლოკ-შოტები – 0.4-დან 0.7-მდე, სლემ-დანქები – 0.7-დან 1.2-მდე და გამომუშავებული ფოლები – 3.1-დან 5.2-მდე.

აქამდე, გიორგის ესპანურ ლიგაში საუკეთესო სეზონი (2016-17) მორაბანკ ანდორაში ჰქონდა, როდესაც საშუალოდ 15.7 ქულას აგდებდა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 21.5 იყო. მიმდინარე სეზონში, შერმადინი აღნიშნულ გრაფიკზე უკეთ მიდის.

ათწლეულის საუკეთესოებში

ბოლო დეკადის განმავლობაში, ლიგა ენდესას მხოლოდ 3 კალათბურთელი ახსოვს, რომელთაც რეგულარული პირველობა საშუალოდ 20-ზე მეტი სარგებლიანობის კოეფიციენტით დაასრულეს.

ესენი ედვინ ჯეკსონი (21.8, 2016-17), ტიაგო სპლიტერი (21.2, 2009-10) და... თავად შერმადინი (21.5, 2016-17) იყვნენ. თუკი მიროტიჩისა და შერმადინის ამჟამინდელ შეჯიბრს გათვივალისწინებთ, დიდია შანსი, მიმდინარე სეზონის შემდეგ, აღნიშნული ჩამონათვალი გაიზარდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები