Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგაში გოლის გატანა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა
  • ვინ არიან ლიგის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორები

ჩემპიონთა ლიგაში თამაში და გოლის გატანა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. გთავაზობთ 5 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეს, რომლებმაც ოცნება ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში აისრულეს. საინტერესოა, როგორ განვითარდა მათი კარიერა ამის შემდეგ. 

5. მარტინ კლაინი (17 წლის და 240 დღის)

ჩეხ მცველს ვარსკვლავებს შორის ვერ ნახავთ

თუ მარტინის მოძებნას ინტერნეტის საშუალებით გადაწყვეტთ, მისი სახელისა და გვარის ჩაწერის შემდეგ, პირველს 1912 წლის ოლიმპიადის მონაწილე ესტონელ მოჭიდავე მარტინ კლაინს ამოგიგდებთ. ფეხბურთელ მარტინს ვარსკვლავებს შორის ვერ ნახავთ. იგი ჩეხი მცველია, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-5 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ტურნირზე გოლის გატანა შეძლო.

მარტინმა 2001/02 წლების სეზონში გოლი სპარტას მაისურით პანათინაიკოსს გაუტანა. ჩეხებმა შეხვედრა 1:2 დათმეს, თუმცა ისტორიაში მაინც შევიდნენ. კლაინი გოლის გატანის მომენტში 17 წლის და 240 დღის იყო. საბოლოოდ, მისი კარიერა ვერ აეწყო. მას გრანდებში არასდროს უთამაშია. ამჟამად იგი 35 წლისაა და სამშობლოში, ჩეხეთში მოასპარეზე მესამე ლიგის გუნდ რაკოვნიკში თამაშობს.  

4. სესკ ფაბრეგასი (17 წლის და 218 დღის)

სესკი არსენალში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო

როდესაც სესკ ფაბრეგასმა ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა (ის მატჩი არსენალმა რუსენბორგს 5:1 მოუგო), ის ლონდონელთა რიგებში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო, რომელმაც პირველი გუნდის მაისური მოირგო და გამომდინარე აქედან, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც “მეთოფეთა” რიგებში გოლის გატანა შეძლო. მას ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატი არასდროს მოუგია. ყველაზე ახლოს ესპანელი ლიგის მოგებასთან 2006 წელს იყო, როდესაც პარიზულ ფინალში, ბარსელონასთან 1:2 დამარცხდა.

სესკი 2011 წელს ბარსელონაში გადავიდა. იგი კატალონიური კლუბის აკადემიიის 'ლა მასიას' აღზრდილი გახლდათ. ნახევარმცველმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2-ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი (2008 და 2012) ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა (2010). ამჟამად, 32 წლის ფეხბურთელი ლიგა 1-ის კლუბ მონაკოში ასპარეზობს. საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში სესკმა 10 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

3. ბოიან კრკიჩი (17 წლის და 217 დღის)

ბოიანს ახალ მესის უწოდებდნენ

ბოიანმა კარიერა ძალიან კარგად დაიწყო. იგი გახდა 90-იან წლებში დაბადებული პირველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლის გატანა მოახერხა. მან მეოთხედფინალში, გასვლაზე, შალკეს გაუტანა და კატალონიურმა კლუბმა მისი დახმარებით 1:0 მოიგო. კრკიჩმა დაამხო ლიონელ მესის რეკორდი და ბარსელონას ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. ბოიანმა იმ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 12 გოლი გაიტანა. მას ახალი მესი შეარქვეს, თუმცა ესპანელმა იმედები ვერ გაამართლა.

ბოიანმა ჩემპიონთა ლიგა 2009 და 2011 წლებში მოიგო, თუმცა არცერთ ფინალში მონაწილეობა არ მიუღია და მსაჯის სასტვენამდე დრო სათადარიგო სკამზე გაატარა. ბოიანმა რამდენიმე კლუბი შეიცვალა, თუმცა ისეთი შედეგი ვეღარ აჩვენა. დღეს იგი MLS-ის კლუბ მონრეალის ღირსებას იცავს, სადაც 2019 წელს 8 შეხვედრაში მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო. 

2. მატეო კოვაჩიჩი (17 წლის და 215 დღის)

მატეომ ზაგრები 2013 წელს დატოვა

მატეო კოვაჩიჩს ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი 2011 წლის სექტემბერში, მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჰქონდა და კარგადაც გამოიყურებოდა, თუმცა დინამომ ის შეხვედრა 0:1 დათმო. რამდენიმე თვეში კი ხორვატმა ფეხბურთელმა პირად წარმატებას მიაღწია, ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო გოლი ლიონს გაუტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. მიუხედავად ამისა, კოვაჩიჩისთვის და დინამო ზაგრებისთვის ეს შეხვედრა საშინლად დასრულდა. ფრანგულმა კლუბმა 7 გოლის გატანა შეძლო და საბოლოოდ 7:1 იმარჯვა.

დინამო ზაგრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი 2013 წელს ინტერში აღმოჩნდა. 2015 წელს კი მადრიდის რეალს მიაშურა. მას ესპანურ გრანდში სათმაშო დრო თითქმის არ ეძლეოდა და 2018 წლის ზაფხულში არენდით ლონდონის ჩელსიში გადავიდა. ინგლისურმა კლუბმა 2019 წელს ნახევარმცველის კონტრაქტი გამოისყიდა და საბოლოოდ შეიძინა. მატეომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზოში 16 მატჩი ითამაშა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

1. პიტერ ოფორი-კუაიე (17 წლის და 194 დღის)

პიტერი საბერძნეთში 15 წლის ასაკში აღმოჩნდა

დიახ, არ გეჩვენებათ, ეს პიტერ ოფორი-კუაიეა. განელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. 1997/98 წლების სეზონში ოლიმპიაკოსმა რუსენბორგთან შეხვედრა 1:5 დათმო, თუმცა მატჩი მათთვის მნიშვნელოვანი გამოვიდა. პიტერი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, ხოლო 69-ზე ისტორიული გოლი გაიტანა. 

განელი მოთამაშე საბერძნეთში 15 წლის ასაკში აღმოჩნდა და კონტრაქტი 1995 წელს კლუბ კალამატასთან დადო. 1997 წელს იგი ოლიმპიაკოსში გადავიდა, სადაც 6 წელი გაატარა. ამ დროის მაძილზე მან ჩემპიონთა ლიგაში 3 გოლის გატანა მოახერხა. ოფორი-კუაიემ 2000 წელს განის ნაკრებთან ერთად ითამაშა აფრიკის ერების თასზე.

კომენტარები

ბოლო ამბები