Thumbnail

წაქცეული და ატირებული მარადონა - არგენტინელი ლეგენდის ემოციური დღე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დიეგო მარადონას გაწვრთნილმა ხიმნასიამ საშინაო მატჩში პირველად გაიმარჯვა
  • 59 წლის არგენტინელი ლეგენდისთვის ეს დღე მეტისმეტად ემოციური გამოვიდა

ხიმნასია ლა პლატას მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ, არგენტინულ გუნდთან ერთად მოპოვებული პირველი საშინაო გამარჯების შემდეგ, ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა, მანამდე, თამაშის მიმდინარეობისას კი სულაც კურიოზი შეემთხვა. 

არგენტინელმა ლეგენდამ ერთ-ერთ სახიფათო ეპიზოდზე რეაგირებისას თავი ვერ შეიკავა, ფეხი რაღაცას წამოსდო და ძირს დაეცა.

არგენტინის ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში, 59 წლის სპეციალისტის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში სენტრალ კორდობას, წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, საბოლოოდ ანგარიშით 2:1 სძლია. 

"ბიჭები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მეორე ტაიმში გამარჯვებას შეძლებდნენ", - აქვეყნებს დიეგოს ნათქვამს არგენტინული მედია. მარადონამ ასევე აღიარა, რომ იმდენად ნერვიულობდა, რომ დასამშვიდებლად სიგარაც კი გააბოლა.

მარადონას ხელმძღვანელობით ხიმნასიამ 11 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. სენტრალ კორდობასთან მოგება კი პირველია ხიმნასიასთვის საშინაო მატჩში მას შემდეგ, რაც გუნდს დიეგო მარადონა წვრთნის.

არგენტინელი ლეგენდა 2008-10 წლებში არგენტინის ნაკრებს წვრთნიდა, რომელთან ერთადაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ¼-ფინალში გააღწია. ხიმნასიამდე კი ის მექსიკურ დორადოსში, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბებში - ალ ვასლსა და ალ ფუჯაირაში მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები