Thumbnail
  • ოლე გუნარ სულშერმა მარკუს რაშფორდზე ისაუბრა
  • მისი აზრით, 22 წლის ფორვარდი კრიშტიანო რონალდოს ჰგავს

მარკუს რაშფორდი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა 22 წლის ფორვარდი კრიშტიანო რონალდოს შეადარა.

“რონალდოს და რაშფორდის ერთმანეთთან შედარება ძალიან ადვილია. ჩემი აზრით მათ ერთნაირი შესაძლებლობები, აღნაგობა და განწყობა აქვთ. ამ ბიჭს ყველანაირი წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ ტოპ-ფეხბურთელი გახდეს. ყველამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასე გააგრძელებს,” - განაცხადა სულშერმა Guardian-თან ინტერვიუში.

სულშერი, მარსიალი და რაშფორდი

შაბათს, მანჩესტერულ დერბიში, რომელიც იუნაიტედმა 2:1 მოიგო, რაშფორდმა ანგარიში პენალტით გახსნა. ამ სეზონის 21 ოფიციალურ მატჩში მას 13 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასიც გააკეთა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში რაშფორდს უკვე 10 გოლი აქვს - ზუსტად იმდენი, რამდენიც შარშან მთელ სეზონში გაიტანა. შეგახსენებთ, რომ იუნაიტედის აღზრდილი მარკუსი პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს.

კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2003-დან 2009 წლამდე იცავდა. მან მანკუნიანელებისთვის 292 მატჩში 118 გოლის გატანა შეძლო და მერე, იმ დროისთვის სარეკორდო 94 მილიონ ევროდ რეალ მადრიდში გადავიდა. კრიშტიანო 2018 წლის ზაფხულიდან იუვენტუსის ფეხბურთელია.

კომენტარები

ბოლო ამბები