Thumbnail

‘მეთვითონ ხომ არ ვთარგმნო?’ - კლოპი ზალცბურგთან რთული მატჩის წინ დაძაბულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დღეს ლივერპულს ზალცბურგში ურთულესი მატჩი ელოდება
  • მერსისაიდელებს წაგების უფლება არ აქვთ
  • იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე თარჯიმანს შეუტია

იურგენ კლოპი ყოველთვის კარგ ხასიათზე არ არის. ზალცბურგთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლივერპულის გერმანელმა მწვრთნელმა თარჯიმანს შეუტია. როდესაც ამ უკანასკნელმა ჯორდან ჰენდერსონზე გაკეთებული განცხადება ჟურნალისტებს გერმანულად გადაუთარგმნა, იურგენმა მას სიტყვა შეაწყვეტინა.

“თარჯიმნისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც გერმანულენოვანი მწვრთნელის გვერდით ზის და მის ინგლისურ ტექსტს გერმანულად თარგმნის. დაკვირვებით უნდა მისმენდეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, მეთვითონ შემიძლია, რომ თარჯიმანი ვიყო და ინგლისურის შემდეგ გერმანულადაც ვილაპარაკო. საკმაოდ მარტივი ენით ვლაპარაკობ და არ უნდა იყოს ძნელი ჩემი სიტყვების თარგმნა,” - უთხრა 52 წლის კლოპმა თარჯიმანს.

ლივერპულს ზალცბურგში საკმაოდ რთული მატჩი ელოდება. კლოპის გუნდი E ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე ნაპოლია - 9 ქულით. ზალცბურგი 7 ქულით მესამეა და ჯერ კიდევ აქვს მერვედფინალში გასვლის შანსი. შეგახსენებთ, რომ ‘ენფილდზე’ ლივერპულმა ავსტრიულ კლუბს 4:3 მოუგო. საკმარისია, ზალცბურგმა დღევანდელი მატჩი უკეთესი ანგარიშით მოიგოს, ან ისე მოიგოს, რომ 2 ბურთზე მეტი არ გაუშვას და პლეი ოფში გავა.

მარცხის შემთხვევაში, ლივერპული შეიძლება გახდეს მეორე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც ტიტულის მოგების შემდეგ ჯგუფში ჩარჩება. პირველი ლონდონის ჩელსი იყო - 2013 წელს.

კლოპმა პრესკონფერენციაზე ზალცბურგელთა გოლეადორ ერლინგ ჰაალანდზეც ილაპარაკა: “ეს ბიჭი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და მისი გვარი უკვე ყველამ იცის. დაუჯერებელი ტალანტითაა დაჯილდოებული. ვფიქრობ, მას დიდი მომავალი აქვს,” - განაცხადა იურგენმა. შეგახსენებთ, რომ ჰაალანდს 21 ოფიციალურ მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები