Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 99:110 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • გოგა ბითაძე მხოლოდ 2 წუთი ათამაშეს
  • პოლ ჯორჯმა ყოფილ გუნდს 36 ქულა ჩაუგდო

წინა შეხვედრაში, ნიუ იორკ ნიქსთან, გოგა ბითაძემ 9 წუთი ითამაშა და 2 მოხსნის მეტი ვერაფერი მოახერხა. ცხადი იყო, რომ ინდიანას მთავარი მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი სეზონის ერთ-ერთ ფავორიტ ლოს ანჯელეს კლიპერსთან ქართველ ცენტრს ბევრ დროს არ მისცემდა. ასეც მოხდა: ბითაძემ კლიპერსთან მხოლოდ 2 წუთი და 10 წამი ითამაშა - ქულების და მოხსნების გარეშე. გოგას +/- კოეფიციენტი -8 გამოუვიდა.

დღისა და მატჩის მთავარი თემა პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელიც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა - იგი ინდიანას ღირსებას 2010-დან 2017 წლამდე იცავდა. დარბაზი ჯორჯის მიმართ მტრულად იყო განწყობილი, მაგრამ ამ ფაქტმა მას ხელი ვერაფერში შეუშალა - პოლი 36 ქულით, 9 მოხსნით და 5 პასით თამაშის ყველაზე პროდუქტიული კალათბურთელი გახლდათ. პლუს, ეს მისთვის სეზონში საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ კავაი ლეონარდს არ უთამაშია.

პოლ ჯორჯი საუკეთესო იყო

პეისერსი მაქსიმუმს აკეთებდა, მაგრამ პოლ ჯორჯს ბითაძის თანაგუნდელების თამაშში დაბრუნების მცდელობებზე ყოველთვის შესაბამისი, სწორი პასუხები ჰქონდა. მისი დამსახურებით, კლიპერსმა ტაიმი 12-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მესამე პერიოდის დასაწყისში, ჯორჯის ორი სამქულიანით სხვაობა 18 ქულამდე გაიზარდა და მას მერე, რაც ინდიანამ სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა, ისევ პოლ ჯორჯმა ჩააგდო ზედიზედ 8 ქულა. მას ყველაზე კარგად მონტრეზ ჰარელი დაეხმარა (26 ქულა).

პეისერსიდან საუკეთესოები მალკოლმ ბროგდონი (20 ქულა), დომანტას საბონისი (18 ქულა, 22 მოხსნა) და დუგ მაკდერმოტი (17) იყვნენ.

24 მატჩის შემდეგ ინდიანას 15 მოგება და 9 მარცხი აქვს. გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. პეისერსი მომდევნო მატჩს 12 დეკემბერს, საკუთარ დარბაზში ბოსტონ სელტიკსთან გამართავს.

📺 ვიდეო: ინდიანა 99:110 კლიპერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები