Thumbnail
  • მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკუნის თაღლითი
  • ალი დიამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ლიგაში 53 წუთი ითამაშა

ეს იყო 1996 წლის ნოემბერში. პრემიერლიგური საუთჰემპტონის მწვრთნელმა გრემ სუნესმა, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, სატელეფონო ზარი მიიღო. ყურმილის მეორე მხარეს ჟორჟ ვეა იყო - იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კაცი რომელმაც პირველმა (და ჯერჯერობით უკანასკნელმა) აფრიკელ ფეხბურთელთა შორის ოქროს ბურთი მოიგო.

სუნესს ვეას ზარი ძალიან გაუკვირდა. მან სუნესს უთხრა, რომ ჰყავდა სენეგალელი ნათესავი, ერთი ვერსიით დეიდაშვილი, კარგი ფეხბურთელი, რომელიც მასთან ერთად პარი სენ-ჟერმენში თამაშობდა, ახლა უგუნდოდ იყო და მისი გუნდში აყვანა სთხოვა. ვეამ ისიც დაამატა, რომ მისი ნათესავი ალი დია სენეგალის ნაკრებშიც თამაშობდა და 13 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

ჟორჟ ვეა მილანის ლეგენდაა

სუნესიც, როგორც წესიერი და რესპექტაბელური ბრიტანელი ჯენტლმენი, ვეას, უფრო სწორად იმ კაცს, ვინც ტელეფონში საკუთარ თავს ჟორჟ ვეას უწოდებდა, სიტყვაზე ენდო და ალი დიას გუნდში მიღება გადაწყვიტა. მით უმეტეს, რომ საუთჰემპტონს იმ დროს ტრავმების პრობლემა ჰქონდა და განსაკუთრებით თავდასხმაში უჭირდა. ალი დიაც სწორედ თავდამსხმელი იყო.

სიტუაციის აბსურდულობამ რომ არ შეგაშინოთ და გრემ სუნესი, 80-იანების ლეგენდარული ლივერპულის ლიდერი, პირწავარნდილ ბრიყვად არ წარმოიდგინოთ, უნდა შეგახსენოთ, რომ ეს ჯერ კიდევ ინტერნეტამდელ ეპოქაში ხდება. სუნესი ალი დიას ვერ „დაგუგლავდა“. ეს ის ეპოქაა, როდესაც ტრანსფერომანია იწყება და აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან თუ მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან ნიჭიერი მოთამაშეები მასობრივად მოდიან ევროპაში სათამაშოდ. არც საფეხბურთო აგენტების სისტემაა ისე განვითარებული, როგორც დღეს და სუნესმაც ადვილად დაიჯერა, რომ შესაძლოა, მის ხელში დიდი ტალანტი ჩავარდა.

გრემ სუნესი ლივერპულში

ალი დია გუნდში პარასკევ დღეს გამოცხადდა, მას ერთთვიანი კონტრაქტი გაუფორმეს და იმ დღესვე საუთჰემპტონის სარეზერვო გუნდში უნდა ეთამაშა, თუმცა მისი სადებიუტო მატჩი გადაიდო - წვიმისგან დატბორილი მოედნის გამო.

მეტ ლე ტისიე: „მე ის მხოლოდ ერთხელ ვნახე, იმ საბედისწერო თამაშინ წინ, პარასკევის ვარჯიშზე. თავიდანვე არ მომეწონა. ვიფიქრე, რომ გუნდში დიდხანს ვერ დარჩებოდა.“

მეორე დღეს, საუთჰემტონს პრემიერლიგაში თამაში ჰქონდა, გასვლაზე ლიდსის წინააღმდეგ. სუნესს ტრავმების გამო ბევრი დანაკლისი ჰქონდა და ალი დია განაცხადშიც შეიყვანა.

ასეთ განწყობაზე იყო თამაშის წინა პარასკევს გრემ სუნესი: „მას ვეასთან ერთად პარი სენ-ჟერმენში აქვს ნათამაშები. წინა სეზონი გერმანიის მეორე დივიზიონში გაატარა. ჩვენ მას ვუთხარით, რომ გუნდში მივიღებდით და ვნახავდით, რა შეეძლო. როცა ვინმე ასეთ რეკომენდაციას გაძლევს, უნდა გაითვალისწინო.“

გრემ სუნესი

თამაში დაიწყო, ალი დია სათადარიგო სკამზე იჯდა. მატჩის 32 წუთზე საუთჰემტონის ლიდერი მეტ ლე ტისიე, 90-იანების პრემიერლიგისთვის უაღრესად კოლორიტული ფიგურა, დაიმტვრა. საუთჰემპტონი ვერ იგებდა და სუნესმა გადაწყვიტა, რომ თამაშის გასაძლიერებლად ვეას დეიდაშვილი ჩაერთო. და ალი დია მოედანზე შეუშვა.

აზრი არ აქვს იმის აღწერას, რაც შემდეგ წუთებში ხდებოდა, ეს იუთუბზე უნდა ნახოთ.

აღმოჩნდა, რომ ალი დია არათუ ცუდი ფეხბურთელია, არამედ ფეხბურთელი საერთოდ არ არის. მან საერთოდ არ იცოდა, რა პოზიციაზე უნდა ეთამაშა, დარბოდა, უფრო სწორად დადიოდა, იქ, სადაც თვითონ მოისურვებდა, ყველა ბურთს კარგავდა. არადა მისი პრემიერლიგური ბურთთან შეხება ძალიან ეფექტური გამოვიდა - მას საგოლე მომენტი შეექმნა და კინაღამ გაიტანა. შემდეგ დაიწყო მისი ტანჯვა და ის, რის გამოც გრემ სუნესს, უკვე ორი ათეული წელია დასცინიან.

მეტ ლე ტისიე: „იგი მოედანზე ისე დარბოდა, როგორც ბემბი ყინულზე. აბსოლუტურად უიმედო იყო.“

მეტ ლე ტისიე

სუნესს კარგი ნერვები აღმოაჩნდა და ალი დიას 53 წუთი უყურა, შემდეგ კი შეცვალა. არ გაგიკვირდებათ და საუთჰემპტონმა შეხვედრა ანგარიშით (მხოლოდ) 0:2 დათმო.

მეორე დილას ალი დია ვარჯიშზე გამოცხადდა, გუნდის ექიმთან შევიდა და უთხრა, რომ ტრავმირებული იყო (სავარაუდოა, რომ თავისი ცუდი თამაშს ტრავმას აბრალებდა). ფიზიოთერაპიის შემდეგ, ცოტა ირბინა და გაუჩინარდა. ამის შემდეგ ალი დია არავის უნახავს.

საუთჰემპტონში ეჭვები გაჩნდა, თუმცა მათ ხმამაღლა არაფერი განუცხადებიათ. დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდათ, რათა ნამდვილ ჟორჟ ვეასთან კონტაქტზე გასულიყვნენ. ვეამ კი განაცხადა, რომ მას გრემ სუნესისთვის არასოდეს დაურეკავს, არც ასეთი ნათესავი ჰყავს და საერთოდ არ გაუგია სახელი და გვარი - ალი დია. სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამაც განაცხადა, რომ ალი დიას შესახებ არაფერი სმენოდათ. ორი კვირის გაუჩინარებულ ალი დიას კონტრაქტი გაუწყვიტეს.

ალი დიას კატასტროფული დებიუტის შემდეგაც კი ინგლისურ პრესაში, მასზე, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელზე ისე წერდნენ, „ინდეპენდენტში“ გასულ სტატიაში ალი დიას საერთოდაც ბოლონიაში თამაში დააბრალეს.

„ინდეპენდენტი“: „30 წლის ალი დია, ბოლონიას ყოფილი თავდასხმელი, საუთჰემპტონში“ ვეას პირადი რეკომენდაციით მოხვდა.“

ალი დიას შესახებ კვლევა ცოტა მოგვიანებით „სანდეი მირორმა“ დაიწყო. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, სად გაქრა „პერსპექტიული სენაგალელი“?

აღმოჩნდა, რომ საუთჰემტონამდე „ჟორჟ ვეა“ თავისი ნათესავის გუნდში მოწყობის თხოვნით სხვა ინგლისურ გუნდებსაც ურეკავდა.

ჰარი რედნაპი (ვესტ ჰემის მწვრთნელი): „ჩემთან რეკავდა ვიღაც და მეუბნებოდა, რომ ვეა იყო. თავიდან დავიჯერე და ვკითხე, ჩვენთან თამაში ხომ არ უნდოდა. როდესაც მან მიპასუხა, რომ სურდა მის ნათესავს ჩვენთან ეთამაშა, ვიფიქრე, რომ რაღაცას მატყუებდნენ.“

ტონი პულისი (ჯილინგემის მწვრთნელი): „სრულ შოკი იყო, როდესაც ჩემთან „ჟორჟ ვეამ“ დარეკა და თავისი მეგობრის შესახებ მირჩია. არც მეგონა, ვეას ჯილინგემის შესახებ თუ ჰქონდა გაგონილი. ჩვენ მისი ნათესავი გამოვცადეთ, საშინელი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდიდან გავუშვით.“

აღმოჩნდა, რომ „ვეას“ თხოვნის შემდეგ ალი დიას როტერჰემში სარეზერვო გუნდშიც მოუწია ერთი თამაშის ჩატარება. თუმცა, ალი დიას კარიერა ყველგან ერთი საცდელი თამაშის, ან ერთი ვარჯიშის შემდეგ მთავრდებოდა. მხოლოდ გრემ სუნესი აღმოჩნდა იმდენად მიამიტი, რომ ალი დიას პირდაპირ პრემიერლიგაში დებიუტის საშუალება მისცა.

ალი დია

ჟურნალისტებმა ალი დია მოძებნეს, მან მხოლოდ ერთხელ მისცა ინტერვიუ, სადაც ჯიუტად ამტკიცებდა, რომ იგი კარგი ფეხბურთელი იყო და ვეას იცნობდა, თუმცა მეგობრები ან ნათესავები არ იყვნენ. ვეას სახელით ზარები კი თავის აგენტს გადააბრალა.

ალი დიას არანაირი აგენტი არ ჰყოლია, ვეას სახელით მისი მეგობარი რეკავდა. პრემიერლიგურ გუნდებამდე კი მისი ერთადერთი საფეხბურთო გამოცდილება სამოყვარულო „ბლაით სპარტანსი“ იყო (თურმე ასეთი გუნდიც არსებობს).

ალი დია პრესას თავს არიდებდა, თუმცა საუთჰემპტონში გატარებულმა 53 წუთმა მას კარგი სამსახური გაუწია - პრემიერლიგის შემდეგ მან რამდენიმე სამოყვარულო გუნდში ითამაშა და ყველგან ეხმარებოდა ის ფაქტი, რომ „პრემიერლიგიური გამოცდილება“ ჰქონდა და სრულად მიიღო 2 კვირის ხელფასი - 2 ათასი ფუნტი.

ბოლოს მისი კარიერის შესახებ ის ვიცით, რომ სამოყვარულო „გეიტშიდში“ 8 თამაშში 2 გოლი შეაგდო. ამის მერე იგი გაქრა და როგორც ჩანს, უფრო კარგად სწავლობდა, ვიდრე ფეხბურთს თამაშობდა. ბაკალავრის ხარისხი ნიუკასლში მიიღო, შემდეგ კი სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა დაამთავრა.

წაიკითხე | კიდევ ერთი თაღლითი - კაცი, რომელიც 26 წელი ფეხბურთელობას იბრალებდა

გრემ სუნესი და ოფიციალური საუთჰემპტონი თავდაპირველად არ აღიარებდა, რომ ასე სასტიკად მოტყუვდნენ. მათი განცხადებებით, მოთამაშემ უბრალოდ ვერ დააკმაყოფილა გუნდის დონე და გაუშვეს. მხოლოდ წლების შემდეგ აღიარა სუნესმა, რომ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. მისივე სიტყვებით, ალი დიას ბურთთან სულ რამდენიმე შეხების შემდეგ მან უკვე იცოდა, რომ იგი უიმედო იყო.

ალი დია დღეს უკვე პრემიერლიგის ფოლკლორის ნაწილია. წლიდან წლამდე სეზონის ყველაზე ცუდ ტრანსფერებს ალი დიას სახელით ნათლავენ. გრემ სუნესი 20 წელია, ვერ იცილებს თავიდან ამ ისტორიას, გულშემატკივრებს კი ეს ამბავი ძალიან უყვართ - სენეგალელმა ბიჭმა რამდენიმე გულუბრყვილი ტყუილის დახმარებით ის ოცნება აიხდინა, რომელიც მილიონობით ადამიანს აქვს - მთელი 53 წუთის მანძილზე იგი მსოფლიოს ურთულეს ლიგაში პროფესიონალი ფეხბურთელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები