Thumbnail

'ვაგნერი დინამოელია, სხვებიც მოვლენ და ლიდერებიც დარჩებიან' - არჩილ ბერიძის ეთერი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმური კლუბის პრეზიდენტი გადაცემა სპორტკლუბში
  • განვლილი სეზონის შეჯამება და ახალი მიზნები

დინამო ბათუმი საქართველოს ვიცე ჩემპიონია - ეროვნულ ლიგაში ახალი ამოსული გუნდისთვის ეს უდაოდ წარმატებაა. ბათუმური კლუბის პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე აჭარის ტელევიზიაში გადაცემა სპორტკლუბში ბესო ჩიბურდანიძის სტუმარი იყო. ბერიძემ თავდაპირველად გადაცემის წამყვანის კითხვებს უპასუხა, მოგვიანებით კი გულშემატკივრის მიერ სოციალური ქსელით გაგზავნილ კითხვებს გასცა პასუხი.

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი)

“სეზონის დასაწყისში ნამდვილად არ ველოდით თუ გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა, თუმცა როდესაც ეროვნული ლიგის დასრულებამდე 6 ტური იყო დარჩენილი, უკვე დარწმუნებული ვიყავი ჩემპიონობაში. ამ ფონზე, გულდასაწყვეტი იყო ტურნირის მეორე ადგილზე დასრულება, მაგრამ მთლიანობაში, სეზონი ძალიან დადებითად უნდა შევაფასოთ. 

წლების წინაც გვქონდა შემოთავაზება, რომ დინამო ბათუმის განვითარებაზე გვეზრუნა, მაგრამ მაშინ მოვკიდეთ საქმეს ხელი, როდესაც ამისთვის საუკეთესო გარემო შეიქმნა. ხედავთ რამდენი კეთდება, ქართული ფეხბურთი კი სწორად ვითარდება. ასეთ დროს არის ეფექტური საფეხბურთო აკადემიის გაკეთება და სხვა მიზნების განხორციელება, რაც დასახული გვაქვს.

რამდენიმე დღეში დინამო ბათუმს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და დავისახავთ 3-წლიან გეგმას. ამ პერიოდში, დასრულებული უნდა იყოს ბაზა და აკადემია, ახალ სტადიონზე კი ბევრი გულშემატკივარი უნდა დადიოდეს. ამის შემდეგ, ახალი მიზნები გვექნება და ჩვენი სურვილია, რომ კლუბის აქციები გულშემატკივრებს გადავცეთ. როდესაც ყველა ამ მიზანს შევასრულებთ, ჩვენი როლიც ამოიწურება კლუბში.

გია გეგუჩაძე მხოლოდ მთავარი გუნდის მწვრთნელი არ არის. ის კურატორია მთელი იმ პროცესების, რომელიც კლუბში ვითარდება. შესანიშნავი სპეციალისტია და ერთად დიდი გეგმები გვაქვს დასახული. გეგუჩაძის ხედვებს და იდეებს 100%-ით ვუჭერთ მხარს.

დინამო ბათუმი აბსოლუტურად ყველა ლიდერს შეინარჩუნებს. გავაგრძელეთ ხელშეკრულება გიორგი ნავალოვსკისთან და გაბრიელ რამოსთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაგნერ გონსალვეში უკვე დინამო ბათუმის ფეხბურთელია. დავიმატეთ მათე ცინცაძე. კიდევ მინიმუმ 3-4 ტრანსფერს გავაკეთებთ. იმასაც გავამხელ, რომ საქართველოს ნაკრების ორ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ფეხბურთელების შერჩევა გია გეგუჩაძის პრეროგატივაა.

📹 ვაგნერ გონსალვეში

დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ, რომ ახალი სტადიონი ბათუმელების თავშეყრის ადგილი გახდეს. გულშემატკივრები თამაშამდე საათებით ადრე უნდა მოდიოდნენ არენაზე და იქ უნდა იყოს ყველა პირობა გართობისთვის. ბოლომდე შევასრულებთ ვალდებულებას ბაზასთან და ბავშვთა აკადემიასთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ ბათუმში უნიკალური საფეხბურთო ბაზა იქნება. დაგეგმილი სამუშაოების 80% 2020 წელს დასრულდება".

დინამო ბათუმმა უკვე ორი ფეხბურთელი დაიმატა: მათე ცინცაძე და ვაგნერ გონსალვეში. წარმოშობით ალჟირელმა, საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე გონსალვეშმა საბურთალოში თამაშით დაგვამახსოვრა თავი. თბილისელთა შემადგენლობაში თითქმის სამი წელი ითამაშა, 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლი გაიტანა. 23 წლის ვაგნერი შემტევი ნახევარმცველია.

დინამო ბათუმი ასევე ორმა ფეხბურთელმა დატოვა: ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე და ფორვარდი გიორგი ილურიძე ახალ სეზონს ახალი კლუბების რიგებში დაიწყებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები