Thumbnail

რუსეთში საყოველთაო ისტერია მოჰყვა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ამ ქვეყანას ოთხი წლით აუკრძალეს მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსებმა აღნიშნული პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასკომის გადაწყვეტილება რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნიეს. წუწუნი დაიწყო რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმაც.

“ის, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები მეორდება და თანაც, ხშირ შემთხვევაში, ერთი და იმავე სპორტსმენებს სჯიან, გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ანტირუსული ისტერიის გაგრძელებაა.

ამან უკვე ქრონიკული ფორმა მიიღო. ჩემი აზრით, იმ რუსულმა ორგანიზაციებმა, რომელთაც ეს ევალებათ, ვერდიქტის გასასაჩივრებლად ნაბიჯები უნდა გადადგან. არ ვიცი, საბოლოოდ რა გამოვა, თუმცა, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ”.

მედვედევმა მხოლოდ ამ კომენტარის შემდეგ დასძინა, რომ უმწიკვლო არც რუსული სპორტია და დოპინგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემებია.

“მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით. ახლა, დაწვრილებითი ანალიზის დრო არაა, თუმცა, ცხადია, რომ ყველაფერი წესრიგში არც ჩვენს სპორტულ საზოგადოებაშია. დოპინგთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია და ამის უარყოფა შეუძლებელია”.

კომენტარები

ბოლო ამბები