Thumbnail
  • WADA-მ რუსეთი დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან 4 წლით მოკვეთა
  • რამდენად შეეხება სანქციები რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასკომის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც რუსეთის დიდი საერთაშორისო ტურნირებიდან, მათ შორის ოლიმპიური თამაშებიდან 4 წლით ჩამოშორებას ითვალისწინებს, ამ ქვეყნის სპორტული საზოგადოება შოკშია. მკაცრი სანქციების მიზეზი მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა გაყალბებაა.

მეტი ამ თემაზე: არც ოლიმპიადაზე და არც მსოფლიოს ჩემპიონატზე - რუსეთი დაისაჯა

რუსეთს ევრო 2020-ზე გამოსვლაზე პრობლემა ნამდვილად არ ექნება, რადგან უეფას WADA-სთან ხელშეკრულება არ აქვს, განსხვავებით ფიფასგან. შესაბამისად, ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რუსეთს WADA-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 21-დღიანი ვადა აქვს.

BBC-ის ცნობით, დიდი ალბათობით, თუკი რუსეთი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს წარმატებით გაივლის, ტურნირში მონაწილეობას მაინც შეძლებს, ოღონდ, ნაციონალური სიმბოლიკისა და ჰიმნის გარეშე.

თავის მხრივ, რუსული მედია ცდილობს, 2022 წლის მუნდიალზე რუსეთის დაშვება-არდაშვების საკითხთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია მოიპოვოს და იმედს გამოთქვამს, რომ აკრძალვა ფეხბურთზე არ გავრცელდება. ამასთან დაკავშირებით ფიფაში ცოტა ბუნდოვანი კომენტარი გააკეთეს: 

"ფიფამ მხედველობაში მიიღო WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება. კონტაქტი გვაქვს როგორც ამ ორგანიზაციასთან, ისე - ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციასთან, რათა სანქციების ფეხბურთზე შესაძლო გავრცელების საკითხზე გადაწყვეტილება მივიღოთ".

რუსეთმა ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს უმასპინძლა

უფრო ნათელ სურათს, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელის ჯონათან ტეილორის განმარტება იძლევა: 

"რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატებზე დროშა არ ექნება. სპორტსმენები შეჯიბრებებში ვერ იასპარეზებენ ისე, როგორც რუსეთის წარმომადგენლები. მეტიც, გუნდის წევრი თითოული სპორტსმენიც კი ინდივიდუალურად დაიშვება და საბოლოო გადაწყვეტილებას CAS (სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო) მიიღებს".

უკეთეს შემთხვევაში, რუსები ყატარში დროშისა და ჰიმნის გარეშე წარსდგებიან 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში ყატარში გაიმართება და  მასში პლანეტის 32 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს. ტურნირის ფინალური ეტაპი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები