Thumbnail

სპარტაკი ანანიძეს ზამთარში გაუშვებს - რუსული მედია ჯანოს მომავალზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 27 წლის ქართველი ნახევარმცველი მოსკოველთა ღირსებას 2009 წლიდან იცავს
  • როგორც ჩანს, ჯანო ანანიძისა და სპარტაკის ისტორია ზამთარში დასრულდება 

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკს ამ ზამთარს დატოვებს. ამის შესახებ ვარაუდს რუსული მედია გამოთქვამს. Sport24 იუწყება, რომ მოსკოვური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ჯანოსთვის და მისი კიდევ ერთი თანაგუნდელისთვის, აიაზ გულიევისთვის, ახალი კლუბის მოძიებას შეეცდება. 

ჯანომ სპარტაკთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა (2016/17) და რუსეთის სუპერთასი (2017) მოიგო

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკის ღირსებას 2009 წლიდან იცავს. 27 წლის ნახევარმცველმა კარიერის განმავლობაში კლუბის ღირსება ყველა ტურნირის 146 მატჩში დაიცვა, გაიტანა 16 გოლი და მიითვალა 17 შედეგიანი პასი. ქართველ ფეხბურთელს ნიჭის გამოვლენაში ხელი ხშირმა ტრავმებმა შეუშალა.

ჯანო ანანიძემ სპარტაკში გატარებულ პერიოდში იჯარით ორჯერ სხვა კლუბებშიც ითამშა - 2013/14 წლების სეზონი როსტოვში გაატარა და ამ გუნდის მაისურით რუსეთის თასი მოიგო. 2018/19 წლების სეზონის მეორე ნახევარში ჯანომ სამარის კრილია სოვეტოვში ითამაშა, რის შემდეგაც ისევ სპარტაკში დაბრუნდა.

სპარტაკში ჯანოს კარიერა გამუდმებული ტრავმების ფონზე წარიმართა

მიმდინარე სეზონში ანანიძეს სპარტაკში სათამაშო დრო იშვიათად ეძლევა - მის ანგარიშზე რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული სულ 6 მატჩია (4 ძირითადში). ქართველი ფეხბურთელი შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა და ძალიან ცუდი პრესა აქვს, მის მიმართ დამოკიდებულება კი ზენიტთან მე-18 ტურის მატჩში (0:1), თანაგუნდელ ლორენსო მელგარეხოსთან კონფლიქტმა კიდევ უფრო დაამძიმა.

მეტი ამ თემაზე: ჯარიმა თანაგუნდელთან ჩხუბისთვის - როგორ დასაჯა სპარტაკმა ჯანო ანანიძე

ჯანო ანანიძეს მოსკოვის სპარტაკთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, transfermarkt კი მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად მილიონ ევროდ აფასებს.

27 წლის ნახევარმცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 45 მატჩში უთამაშია. მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები