Thumbnail

მამუკელაშვილის მძიმე ტრავმა – სანდროს დამატებითი გამოკვლევა სჭირდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა კალათბურთელმა მარჯვენა მაჯა მოიტეხა
  • სანდრო მამუკელაშვილს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც NCAA-ში სეტონ ჰოლის ღირსებას იცავს, მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს გაურკვეველი დროით ჩამოშორდა.

ქართველი ლეგიონერისთვის დანავსული აიოვა სტეიტთან დღევანდელი შეხვედრა გამოდგა, რომელიც მისმა გუნდმა 66:76 წააგო, სანდრო კი თამაშის მე-15 წუთზე უხერხულად დაეცა და წინასწარი ინფორმაციით, მარჯვენა მაჯა აქვს მოტეხილი.

როგორც თამაშის შემდეგ სეტონ ჰოლის მთავარმა მწვრთნელმა კევინ ვილარდმა განაცხადა, თუ როდის დაბრუნდება მამუკელაშვილი მოედანზე, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ქართველს დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

“დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია. ფაქტია, რომ საქმე მოტეხილობასთან გვაქვს, მაგრამ ზუსტად რა სახის ტრავმაა, ვერ გეტყვით. სანდროს ორშაბათს მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას ჩაუტარებენ და ექიმები უფრო დაზუსტებით ინფორმაციას მოგვაწვდიან.

მამუკელაშვილის ტრავმა ბევრ რამეს ცვლის. მას გუნდში დიდი როლი ეკისრა. თუკი მაინცდამაინც სარგებელი უნდა ვეძებოთ, ვიტყვი, რომ ეს თავის გამოჩენის შანსს სხვა ბიჭებს მისცემს. ზოგიერთ მათგანს სათამაშო წუთები მოემატება, რაც მათ წინსვლას შეუწყობს ხელს”.

ტრავმა დროული არასდროს არაა, თუმცა, მამუკელაშვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენებურს ძალიან არ გაუმართლა.

მიმდინარე სეზონში სანდრო სეტონ ჰოლის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და საშუალოდ 10.9 ქულას, 4.7 მოხსნასა და 1.7 პასს აგროვებდა, რაც მის ამერიკულ კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. სანდროს ამ სეზონში არცერთი თამაში არ ჰქონდა გამოტოვებული...

კომენტარები

ბოლო ამბები