Thumbnail

ჯოშუა რინგზე მალე დაბრუნდება - ფიური და უაილდერი ბრიტანელს აკრიტიკებენ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ჯოშუა რინგზე 180 დღეში უნდა დაბრუნდეს
  • მისი მეტოქე სავარაუდოდ უსიკი იქნება
  • ფიურის და უაილდერს ჯოშუას ბრძოლა არ მოეწონათ

შაბათს ენდი რუის ჯუნიორთან გამარჯვებისა და საჩემპიონო ქამრების დაბრუნების შემდეგ, ენტონი ჯოშუას დიდი ხანი დასვენება არ მოუწევს. იგი ვალდებულია, რომ მომდევნო 180 დღის განმავლობაში თავისი ქამრების დასაცავად კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს.

დიდი ალბათობით, მისი მომდევნო მეტოქე უკრაინელი ალეკსანდრ უსიკი იქნება. ჯოშუამ რუისთან ბრძოლის შემდეგ გამართულ პრეს-კონფრენციაზე წინასწარი თანხობა უკვე განაცხადა.

ბრძოლა ალბათ ბრიტანეთში შედგება. ჯოშუას მენეჯერმა ედი ჰერნმა აღნიშნა, რომ მის ტელეფონზე ზარები არ წყდება და ბრძოლის გასამართად სხვადასხვა ლოკაციას სთავაზობენ, თუმცა ორი გასვლითი ბრძოლის შემდეგ, ჯოშუას ბრიტანეთში დაბრუნება სურს. სავარაუდოა, რომ ეს ბრძოლა ლონდონში, ტოტენჰემის ახალ სტადიონზე შედგება, რომელიც 62 ათას ადამიანს იტევს.

სავარაუდოა, რომ მომავალ წელს ჯოშუას კიდევ ერთი დიდი ბრძოლის გამართვა მოუწევს. თებერვალში წლის მთავარი ბრძოლის, უაილდერი-ფიურის გამარჯვებული, ჯოშუასთან შეხვედრას მოისურვებს.

რუისთან ჯოშუას საბრძოლო სტრატეგია ფრთხილი და ტაქტიკური იყო, ბრიტანელმა თავისი უფრო გრძელი ხელების და უკეთ მოძრაობის წყალობით, მთელი ბრძოლის განმავლობაში რუისი დისტანციაზე დატოვა და ამ ფრთხილი სტრატეგიის წყალობით, ქულებით გაიმარჯვა. გამარჯვების მიუხედავად, ჯოშუა ბევრმა გააკრიტიკა, მათ შორის პოტენციურმა მეტოქეებმაც - ფიურიმ და უაილდერმა:

ფიურის მწვრთნელი ბენ დევისონი: "კარგი წარმოდგენა იყო. ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ მოეგო. ის ცუდად არ გამოიყურებოდა. ის გამოიყურებოდა, როგორც "ღარიბი კაცის ტაისონ ფიური". მას ფიურის დონეზე ბრძოლა არ შეუძლია, თუმცა ტაქტიკურად სწორედ იჩხუბა".

უაილდერი

შეფასებაში უფრო მკაცრი იყო დეონტე უაილდერი: "ჯოშუამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, რომ მოეგო. თუმცა ის მთელი ბრძოლა აქეთ-იქით დარბოდა. გასაგებია, რომ მის ბანაკში კლიჩკოა და მანაც კლიჩკოს მსგავსი ტაქტიკით იბრძოლა. ეს ძალიან მოსაწყენი იყო. მეტოქეებზე დომინაცია უნდა გინდოდეს.

შეიძლება, მე ამ ეპოქისთვის ძალიან მკაცრი ვარ. ჩემი მენტალიტეტი განსხვავებულია. თუკი ვინმესთან წავაგებ (ისე როგორც ჯოშუამ პირველი ბრძოლა წააგო), მეორე შეხვედრაში რინგზე საცეკვაოდ და შორიდან საბრძოლველად არ გავალ. გავალ იმისთვის, რომ მთელ პლანეტას ვუჩვენო, რომ საუკეთესო ვარ. ამიტომაც მარიდებენ თავს".

თავად ჯოშუამ აღნიშნა, რომ მას გულშემატკივარს ყველაზე ეფექტური სანახაობა ვერ შესთავაზა, თუმცა ხანდახან ბრძოლის მოსაგებად ფრთხილი და ტაქტიკური სტრატეგია აუცილებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები