Thumbnail

ზლატანს სამი იტალიური გუნდი ელოდება - როგორი იქნება მისი არჩევანი?!

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • იბრაჰიმოვიჩის ახალი გუნდი რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს
  • შვედ თავდამსხმელს იტალიაში დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს
  • ზლატანს მილანი, ბოლონია და ნაპოლი ელოდებიან

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგი გუნდი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს. როგორც მისი აგენტი, მინო რაიოლა ადასტურებს, იბრას გადაწყვეტილი აქვს, რომ იტალიაში დაბრუნდეს.

შვედის გადაწყვეტილებას სამი კლუბი ელოდება. ზლატანთან მოლაპარაკების ფაქტს არ მალავს მილანი, რომელიც მიიჩნევს, რომ იბრა გუნდის განწყობას შეცვლის და მას თვითრწმენას და ჩემპიონურ თავდაჯერებას მისცემს. სწორედ იბრა იყო ბოლო საჩემპიონო მილანის მთავარი ვარსკვლავი.

მილანში დიდი იმედი აქვთ, რომ იბრა დაბრუნდება, მით უმეტეს, რომ შვედი ვარსკვლავი მილანში თამაშის წლებს ყოველთვის კარგად იხსნებს.

მეორე გუნდი, რომელსაც ზლატანის წაყვანა სურს, პროვინციული ბოლონიაა. ბოლონიას სინიშა მიხაილოვიჩი წვრთნის, რომელთანაც იბრას დიდი მეგობრობა აკავშირებს. მიხაილოვიჩი სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ლეიკემიას ებრძვის და შესაძლოა, იბრამაც მისადმი სოლიდარობის ნიშნად, უპირატესობა სწორედ ბოლონიას მიანიჭოს.

მესამე და ყველაზე მოულოდნელი ვარიანტი ნაპოლია. ნეაპოლში ყველაფერი ანჩელოტის გაშვებაზეა დამოკიდებული. თუკი ანჩელოტის ჯენარო გატუზო შეცვლის, იბრას ნეაპოლში გადასვლის შანსი გაიზრდება. გადამწყვეტი ისევ და ისევ პირადი ურთიერთობები შეიძლება აღმოჩნდეს - იბრას და გატუზოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

იტალიური წყაროების ცნობით, გატუზომ ანჩელოტი  შესაძლოა უკვე გენკთან თამაშის შემდეგ შეცვალოს, რასაც გუნდის რამდენიმე ლიდერის წასვლაც მოჰყვება. 

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. ნაპოლიც ცუდი სტარტის შემდეგ, პრეზიდენტ დე ლაურენტისს გულშემატკივართა გულის მოგება სურს და იბრას ტრანსფერი, შესაძლოა, ამ კუთხით სწორი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები